fbpx

თბილისის ფოტო ფესტივალი 2021 – “გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა”


გააზიარე სტატია

 

“…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ – თბილისის ფოტოფესტივალის მე-12 გამოშვების ცენტრალური და პირველი ფიზიკური ღონისძიებაა პანდემიის პერიოდში, რომელიც 77 ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებს აერთიანებს 9 ეკრანისგან შემდგარ ვიდეოინსტალაციაში. მულტიმედიურ ინსტალაციას თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს 27 ოქტომბრიდან. ღონისძიების ძირითადი პარტნიორია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

“… გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ ვიდეოინსტალაციის ფორმატში თავმოყრილი ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფების 100-მდე ნამუშევარში თანამედროვე სამყაროს დიდ სურათს ქმნის და ფოტოგრაფიის მედიუმის მეშვეობით სწორედ მათ ისტორიებს ჰყვება, ვისი ხმაც ვერც აღწევს რეალობის სირთულეებითა და გამოწვევებით გაჯერებული მრავალშრიანი სიღრმიდან. 

“…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ ვიზუალური თხრობისა და ფოტოგრაფიული გამოსახულებისთვის ჩვეული სიმძლავრით, თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ინდიფერენტულობის დაძლევის მცდელობაც არის, რადგან ფოტოებით მოთხრობილ ამბებს ახლოს მოაქვს “სხვების” ისტორიები, რომელიც ხშირად შორს და უხილავია. ეს ისტორიები კი, სინამდვილეში, ჩვენი ისტორიებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქცევს იკაროსად – მეც, შენც, მასაც, ჩვენც, თქვენც და მათაც.

ვიდეოინსტალაცია, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს, თბილისის ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიების, “ფოტოგრაფიის ღამის“ პანდემიაზე მორგებული ვერსიაა. ფესტივალის მე-12 გამოშვება უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგია, ისევე როგორც რეალობა, რომელიც აღარ ჰგავს იმას, რაც აქამდე იყო და არც იმას, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო.

“…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ განსაკუთრებულია იმითაც, რომ პროგრამის ცენტრალური ნაწილი ამერიკული ფოტოგრაფიაა – გასული საუკუნის პირველი ათწლეულიდან დღემდე. 9 ეკრანიდან 3 ეკრანი სწორედ ამერიკულ ფოტოგრაფიას ეთმობა. ფესტივალი პირველად შესთავაზებს მაყურებელს პრესტიჟულ ფოტოსააგენტოსთან, Magnum Photos-თან კოლაბორაციის შედეგად შექმნილ პროექტს – Magnum Photos: Made in USA – სლაიდშოუებში გაერთიანებული სააგენტოს 15-მდე ამერიკელი და არაამერიკელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ელიოტ ერვიტი და ლეონარდ ფრიდი გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკის რეალობით; ბრუს დევიდსონის ცნობილი სერია, რომელიც აშშ-ში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის დასაწყისის ისტორიული დოკუმენტაციაა, ისევე როგორც სააგენტოს თანამედროვე ვარსკვლავების, ალეკ სოთის “Sleeping by The Mississipi“, გრეგორი ჰალპერნის “A“ და “მაგნუმის“ ახალი თაობის წარმომადგენლების ნამუშევრები. 

ამერიკელ ფოტოგრაფებს პროექტში “…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ ასევე ფოტოჟურნალისტების ცნობილი სააგენტო NOOR წარადგენს. ლეგენდარული სტენლი გრინის ცნობილი ნამუშევარიც “შავი პასპორტი“ პროგრამის ნაწილია, ისევე როგორც ანდრეა ბრუსის, ნინა ბერმანის და ჯონ ლოვენშტეინის ფოტოპროექტები. ამერიკული ფოტოგრაფიის პარალელურად, ახალგაზრდა ევროპული ფოტოგრაფია, რომელიც პროგრამის ნაწილია, თბილისის ფოტოფესტივალისა და ევროპული ფოტოგრაფიული პლატფორმის, FUTURES-ის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა და 11 ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. ერთი ეკრანი კი მთლიანად ახალგაზრდა ბელგიელ ფოტოგრაფებს ეთმობა – 6 წამყვანი ბელგიელი არტისტის სერიებს. 

 

კიდევ ერთი პრემიერის ფარგლებში თანამედროვე მექსიკელი ფოტოგრაფების ფოტოპროექტებია. ხოლო თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია დავით მესხის, გიორგი ნებიერიძის, საბა გორგოძის ცნობილი ნამუშევრებით, ასევე ნატა სოფრომაძისა და მასუ მწარიაშვილის პროექტით იქნება წარმოდგენილი. “…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ მუზეუმის საკოლექციო კედელზე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ქართული ფოტოგრაფიის კლასიკასაც მოუყრის თავს ასევე ვიდეოინსტალაციის ფორმატში.

 

27 ოქტომბერს ვიდეოინსტალაცია თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში პუბლიკისთვის 15.00-დან გაიხსნება. სპეციალურად ინსტალაციისთვის შექმნილი მუსიკის ავტორია Liza Reevs. 

პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან: საქართველოში აშშ-ს საელჩო და თბილისის მერია. პარტნიორები: Magnum Photos, Futures, Stamba, Tbilisi Photography & Multimedia Museum.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.