გიგლო ყარალაშვილის სტერეო ფოტოგრაფია „ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულზე“
ავტორი: ქეთო შურღაია
„ვერასკოპი არის ჯიბის სტერეოსკოპული კამერა. ის იღებს ხალხისა და იმ ღონისძიებების ფოტოებს, რომლებიც სავსეა სიცოცხლით, ენერგიითა და მოძრაობით. ვერასკოპის ფოტოგრაფია გამოირჩევა მკაფიო წინსვლით ყველა იმ ნამუშევრისგან, რომელიც აქამდე გამოფენილა. ამის აღწერა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ნახვა იმისთვის, რომ რეალურად დააფასო,“ – ვკითხულობთ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოსული ვერასკოპის, რეალობის აღწერის სრულიად ახალი საშუალების რეკლამაში.
სწორედ ეს მცირე ზომის კამერა, რომელიც მარტივი ხელსაწყო იყო მომენტების შეუმჩნევლად დასაფიქსირებლად, აღმოჩნდა ქართული სახელის ფოტოგრაფიაში გაჟღერების წინაპირობა.
როცა ქართულ ფოტოგრაფიაზე ვიწყებთ საუბარს და ვცდილობთ, ჩვენი მეხსიერების ის ბოლო წერტილი ვიპოვოთ, საიდანაც იწყება გამოსახულების ეროვნული ისტორია, რთულია, ეს წერტილი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის იქით აღმოაჩინო, იპოვო ნაცნობი სახელები, რომლებმაც შემოინახეს კადრი, როგორც ისტორიის ფურცელი. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ქვეყნის არასტაბილურობის გამო ბევრი, ძალიან ბევრი სახელი გაქრა და გაქრა არა მხოლოდ გარშემო, არამედ მეხსიერებაშიც.
ასეთ სახელებს შორისაა გიგლო ყარალაშვილიც, რომელმაც თავის ვერასკოპზე მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპა აღწერა და ტექნოლოგიურად სრულიად ახალი საშუალების – სტერეო ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნა: 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი შეკრებები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფოტოკოლექციისა, რომელიც 1963 წელს გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.
გიგლო ყარალაშვილი 1844 წელს დაიბადა საქართველოში, რომლის ბიოგრაფიაზეც ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არასწორი იქნებოდა ამის თქმა ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების ისტორია 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივზე თაობებს შემოუნახა და შემოუნახა არა მხოლოდ იმ რეალობის დოკუმენტაცია, რომელიც თანამედროვე თაობებისთვის მიუწვდომელი და უცნობია, არამედ აღწერა ამ უცნობის მიღმა, კიდევ უფრო უცნობის – მე-20 საუკუნის დასავლეთის ყოველდღიურობა თავისი გრაციოზულობით, იდუმალებითა და ემოციებით.
ეს ფოტოგრაფია კი თავისი ისტორიის სიძველის მიუხედავად, სუპერ თანამედროვე – სტერეო ფოტოგრაფიის ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუშებია. ერთი და იმავე კადრის ორი სხვადასხვა გამოსახულება – მარჯვენა და მარცხენა თვალის ხედვის შერწყმა მოცულობითი გამოსახულების მისაღებად. სწორედ ვერასკოპის საშუალებით გიგლო ყარალაშვილმა შეძლო, სივრცული გამოსახულებების მიღება, წარსულ გარემოში მნახველის ინტეგრირება და ფოტოგრაფიის საშუალებების სრული გამოყენებით მისი რეალობად ქცევა. ის, რასაც დღეს 3D-ს ვეძახით, სწორედ სტერეოსკოპული გამოსახულების შედეგია, მარჯვენა და მარცხენა თვალის გამოსახულებების სპეციალური ხელსაწყოს – სტერეოსკოპის ქვეშ ნახვა და შეგრძნება, რომ შენც ყოველივე ამის მონაწილე ხარ.
შესაბამისად, გიგლო ყარალაშვილის მოღვაწეობა არა მხოლოდ ქართული ფოტოგრაფიის წინა ხაზზე იდგა, არამედ ჯერ კიდევ ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის არარსებობის პერიოდში, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით ცდილობდა, ან სულაც არ ცდილობდა და უბრალოდ ასე გამოსდიოდა, დაემახსოვრებინა ის, რაც მის გარშემო ყოველდღიურად ხდებოდა.
ასე იწერებოდა ქართული ვიზუალური ენის ანბანი გიგლო ყარალაშვილის შემოქმედებით და სწორედ ამ ლოკალურ თუ გლობალურ მასშტაბზე უნიკალური არქივის გამოფენას უმასპინძლებს „ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული“:
„გიგლო ყარალაშვილის ფოტოები უნიკალურია იმიტომ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ფოტოგრაფიის ისედაც მწირ არქივში, სტერეო ტექნიკით გადაღებული ნამუშევრები არ გვხვდება. მისი კოლექცია მდიდარია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული უნიკალური კადრებით.“
– ბესო ხაინდრავა,
„ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის“ დამფუძნებელი
26 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ქართული სტერეო ფოტოგრაფიის პირველი ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში იქნება შესაძლებელი:
„აქამდე საჯაროდ არსად და არასდროს გამოფენილა გიგლო ყარალაშვილის ნამუშევრები და პირველად ხდება მისი არქივის ნაწილობრივი ჩვენება. პანდემიური შეზღუდვების გამო სრულფასოვნად გაჭირდა დაგეგმილი გამოფენების კომპაქტურ დროში გამართვა, ამიტომ ამ სრულიად უნიკალურმა გამოფენამ ოქტომბერში გადმოინაცვლა.“
– ბესო ხაინდრავა,
„ქოლგა თბილისი ფოსო კვირეულის“ დამფუძნებელი