fbpx

რვეული #13 – არტისტები, რომელთაც საკუთარი ნამუშევრები გაანადგურეს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

ხელოვნების ნაწარმოები მართალია, ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქმნება და შემქმნელის იმდროინდელ შეგრძნებებს, შეხედულებებსა თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აირეკლავს, მაგრამ მაინც მისი დასრულებისთანავე შესაძლოა კათარზისის მოსალოდნელი განცდა საშინელმა გაუცხოებამ, ზიზღმა, სირცხვილმა თუ სხვა უსიამოვნო შეგრძნებამ ჩაანაცვლოს და მისი განადგურებისკენ გიბიძგოს.

ალბათ ვერასდროს გავიგებთ, თუ რამდენ მშვენიერ ტექსტს და დემო-ჩანაწერს, ნახატს და ქანდაკებას არ ღირსებია დღის სინათლე ავტორის მყისიერი გადაწყვეტილების გამო, გაენადგურებინა და სააშკარაოზე არ გამოეტანა ნამუშევარი. მაგალითად, ფრენსის ბეიკონი სურათის ხატვას მორჩებოდა თუ არა, უმეტეს შემთხვევაში მაშინვე ანადგურებდა, მის სახელოსნოში ასამდე დაჭრილი ფერწერული ტილო აღმოაჩინეს. კლოდ მონემ „ლილიების სერიის“ გამოფენამდე 30-მდე ნახატი გაანადგურა, რადგან უცბად აღარ მოეწონა, სულ სხვა შეგრძნება მოჰგვარა უკვე გამოფენილმა ტილომ.

გვსმენია გადარჩენილების შესახებაც: ცნობილი ამბავია, რომ ფრანც კაფკამ თავის  მეგობარ მაქს ბროდს სიკვდილის წინ დაუბარა, რომ მისი ყველა ნაწერი გაენადგურებინა, რაც ბროდმა არ შეუსრულა. ასე გაიცნო მსოფლიომ კაფკას ლიტერატურა. თუმცა საკმარისია კაფკას თუნდაც ერთი ტექსტი წაიკითხო და ამაოების ის მომაკვდინებელი დოზა მიიღო, რითაც სავსეა მისი შემოქმედება, დაუშვებ იმასაც, რომ კაფკას მართლა არ მოუნდებოდა საკუთარი ტექსტების გამოქვეყნება. დაახლოებით იგივე შეემთხვა ვლადიმირ ნაბოკოვსაც, რომელმაც რომან „ლორას საწყისის“ დასრულება ვერ მოასწრო და ცოლს დაუბარა ხელნაწერი დაეწვა. ვერა ნაბოკოვა ქმრის დანაბარების შემსრულებელი იყო, რომ არა მისი შვილი, დმიტრი, რომელმაც დედას გადააფიქრებინა ჩანაფიქრის განხორციელება და არგუმენტად ისიც მოიშველია, რომ მამამისი თავის დროზე „ლოლიტას“ გამოქვეყნებაზეც ყოყმანობდაო.

ხშირად განადგურება ნეგატიური გამოცდილება სულაც არაა, პირიქით – იმ კათარზისის გამომწვევია, რაც ნამუშევრის დასრულებამ უნდა მოგგვაროს. შემოქმედი ასეთ დროს თავისუფლდება კონკრეტული ფიზიკური ობიექტისგან, რომელიც უსიამოვნო ენერგიის მატარებელია და არასასურველ გამოცდილებას, პერიოდსა თუ შემოქმედებითი განწყობას ახსენებს.

არტისტები საკუთარ ნამუშევრებს უძველესი დროიდან მოყოლებული ანადგურებენ: ნახატებსა და ესკიზებს წვავდა მიქელანჯელოცა და ბოტიჩელიც, სეზანიცა და ფრანც მარკიც.  თუმცა ნოამ ჩომსკი მიიჩნევს, რომ ხელოვნების განადგურება მაინც მოდერნიზაციის ეპოქის შვილია. მისი აზრით, მიზეზი შეიძლება ძალიან მარტივი და პრაქტიკულიც იყოს – სანამ სახატავი მასალის წარმოება ინდუსტრიული პროცესი გახდებოდა და გაიაფდებოდა, მანამდე ძვირად წარმოებად ხელოვნების ნამუშევარს ერთეული შერეკილები თუ გაანადგურებდნენ. 

გამოდის, რომ განადგურება მაშინ ფუფუნების ნიშანი იყო. შეიძლება დღესაც არის, მაგრამ დღეს თავად განადგურების პროცესიც კი ხელოვნების ნაწარმოებად შეიძლება გადაიქცეს. ალბათ გაგახსენდებათ, თუ როგორ მოულოდნელად, ჩაქუჩის დაკვრისთანავე დანაკუწდა სოთბის აუქციონზე გაყიდული ბენქსის ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“. დანაკუწების ამ პროცესმა ნახატი ახალ ნამუშევრად გარდაქმნა, რომელსაც „სიყვარული ნაგვის ყუთშია“ დაერქვა. 

 

 

ჩინელმა დისიდენტმა აი ვეივეიმ, მას შემდეგ რაც ნიუიორკული ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა, ხანის დინასტიის დროინდელი ორი ურნა დაამსხვრია, რაც ფირზეც აღბეჭდა; ეს ფოტომასალა მან გამოფინა ასევე უძველესი ლარნაკების ფონად, რომელიც საღებავში ამოავლო და ასე შექმნა ძველი არტეფაქტებისგან ახალი ხელოვნება. ასეთ გზებს საინტერესო გაგრძელება აქვთ ხოლმე: მაიამის მუზეუმში, ერთ-ერთი გამოფენისას, დომინიკელმა არტისტმა მაქსიმო კამინეირომ მოულოდნელად დაამსხვრია ვეივეის ერთ-ერთი ლარნაკი. რა უნდა თქვა?!

 

მოკლედ, განადგურებულ ხელოვნებას რა მოსთვლის! აჯობებს ნელ-ნელა რჩეულ რვა არტისტზე გადავიდე. 

 

  • ჯონ ბალდესარი – პროექტი კრემაცია (1970)

ძველი სტილისგან განთავისუფლება განადგურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე. 1954 წელს, 24 წლის ჯასპერ ჯონსმა მთელი თავისი შემოქმედება გაანადგურა და მოღვაწეობა სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ხმაურიანი მაგალითი იყო კანადელი აგნეს მარტინის შემთხვევაც, რომელმაც აბსოლუტურად ყველა საკუთარი ნახატი გაანადგურა, სადაც კი რაიმე პეიზაჟი დაეხატა. მაგრამ არავინ ისე რადიკალურად, თვითირონიულად და საინტერესოდ არ განშორებია ძველ სტილს, როგორც ჯონ ბალდესარი. 

მისი 1970 წლის პერფორმანსი, შეეგროვებინა ყველაფერი, რაც 1953-1966 წლის განმავლობაში დაეხატა და დაეწვა, უდიდეს გამბედაობას მოითხოვდა. პროექტი “კრემაცია” რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, საბოლოოდ სახელოვნებო ფერფლისგან შექმნილ ორცხობილებში გარდაისახა, რაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე თამამ და ჯამბაზურ განაცხადად მიიჩნევა მსოფლიო ხელოვნებაში. “ამის შემდეგ აღარ შევქმნი მოსაწყენ ხელოვნებას”, დაგვპირდა ბალდესარი და მე მგონი, რომ პირობა შეასრულა.

 

  • გერჰარდ რიხტერი – ფოტოებიდან დახატული სურათები (ადრეული 1960-იანები)

ხელოვანს აქვს ძალა, რომ თავის ნამუშევრებში დრო შემოინახოს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ეს აღბეჭდილი დრო აუტანელია. გერჰარდ რიხტერის შემთხვევაში არტისტი გათავისუფლდა არა მარტო ძველი სტილისგან, არამედ პირადი ბიოგრაფიისგანაც. დრეზდენიდან დასავლეთ ბერლინში კედლის მშენებლობამდე გადაპარულ მხატვარს თავისი კვალი უნდა წაეშალა. თავისივე გადაღებული აურაცხელი ფოტომასალა ომის შემდგომი გერმანიიდან, 30-იანი წლების ამსახველი ოჯახის ფოტოარქივი, და ყველა ამ ფოტოს მიხედვით შექმნილი ნახატები არტისტმა ერთ დიდ კონტეინერში შეყარა და ცეცხლი წაუკიდა. 

ბევრი მიიჩნევს, რომ არტისტმა ეს ნერვიული შეტევის ზღვარზე გააკეთა; საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მისი ოჯახის წევრებს შორის იყვნენ როგორც ნაცისტური რეჟიმის მსახურები, ასევე მსხვერპლნიც, რაც მის ბიოგრაფიას მისთვის კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა; ცეცხლის გაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე რიხტერმა მაინც ვერ მოითმინა და რამდენიმე საყვარელ ნამუშევარს მაინც გადაუღო ფოტო. ეს მასალა ხელოვანის არქივშია დაცული.

 

 

  • ჰიტერ ბენინგი – თოჯინების სახლი (2007-2013)

 

ხელოვნების ნაწარმოები რომ უვადო არ არის, ამას მსოფლიოში უამრავი კონსერვაციისა და რესტავრაციის სკოლების არსებობაც მოწმობს. აი, კანადელი არტისტი ჰიტერ ბენინგი კი, როგორც ჩანს, ხელოვნებაში ნამუშევრის ვარგისიანობის ვადასაც ისევე აფასებს, როგორც თავად ნამუშევარს. მან 2005 წელს მანიტობაში მიტოვებული სახლი შეიძინა, ჩრდილოეთის ქვის კედელი მინით ჩაანაცვლა და ნატურალური ზომის თოჯინების სახლი შექმნა, რომელიც ისევე მოაწყო, როგორც ის იმ დროს იქნებოდა მოწყობილი, როცა სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ.

„თოჯინების სახლი“ 2007 წელს დასრულდა და მისი დათვალიერება ყველას შეეძლო. ეს პროექტი იმ სირთულეებსა და სევდაზეა, რაც ეკონომიკური მიზეზების გამო სახლის დატოვებას მოჰყვებაიმ სახლის, სადაც ბავშვი ცხოვრობდი და რომელიც სტაბილურობის მუდმივი გარანტი გეგონა“. – ამბობს ერთერთ ინტერვიუში ბენინგი. 2011 წელს, როდესაც უკვე დროის სვლამ და კლიმატმა თავისი ქნა, დაუსახლებელი სახლის საძირკველი შეირყა, ფასადმა ჩამოშლა დაიწყო და ავტორმაც გადაწყვიტა თავადვე გაენადგურებინა ინსტალაცია. ყოველთვის ვიცოდი, რომ „თოჯინების სახლს“ თავად მოვუღებდი ბოლოს. არ მინდოდა ჩამოქცეულიყო ან ვანდალებს დაენგრიათ“. – იხსენებს ბენინგი. 2013 წელს არტისტმა ინსტალაციას ცეცხლი წაუკიდა. “თოჯინების სახლის” კრემაცია უფრო ევთანაზიას წააგავს, რომელიც არტისტის  მზურნველობას გამოხატავს საყვარელი ნამუშევრის დაძინებით.

 

 

  • დიონისეს კარიპიდისი – ქალთევზა (1997)

თუკი ჰიტერ ბენინგისთვის დროის შეუქცევადი სვლა და ბუნება იყო საკუთარი ნაშრომის განადგურების მთავარი მოტივი, ბერძენი მოქანდაკის, დიონისეს კარიპიდისისთვის რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივი ბიუროკრატიის აბსურდულობა გახდა.

კარიპიდისმა 1997 წელს ქალკედონის ნახევარკუნძულზე,  ეგეოსის ზღვის კლდოვან ნაპირას, გამოაქანდაკა ბუნებასთან თანაზიარი ქალთევზას ფიგურა, რომელიც ათ წელიწადზე მეტხანს ტურისტებისთვის ერთერთ ყველაზე საყვარელ ადგილად გადაიქცა. მაშინ ბერძენ ჩინოვნიკებს ქანდაკებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ,  მაგრამ გავიდა ხანი და 2014 წელს კარიპიდისმა ქალკედონის მერიისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომ ლანდშაფტის დაზიანების გამო მას 533 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

17 წლის შემდეგ გამოცხადებული პრობლემა კარიპიდისმა იმით ახსნა, რომ საბერძნეთი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იყო და მთავრობა ყველა ხავსს ეჭიდებოდა, ოღონდაც კი ცენტი ცენტზე დაედო, ამისთვის კი აბსურდულ ჯარიმებსაც არ ერიდებოდა. არტისტმა წერილითვე უპასუხა ქალაქის მერს, იანის ციციოსს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებდა და მზად იყო თავისივე ქანდაკება დაენგრია. მერიაში არ უნდოდათ, რომ ქანდაკება განადგურებულიყო, თუმცა არც არტისტის უჯარიმოდ გაშვება სურდათ. მერი იმასაც ამბობდა, რომ დაჯარიმების სურვილი თავად მუნიციპალიტეტის ინიციატივა არ ყოფილა; აბსურდული ლაყბობა დიდხანს რომ არ გაწელილიყო, დიონისეს კარიპიდისი ერთ მზიან დილით უროთი ხელში გამოცხადდა სანაპიროზე და თავისივე შექმნილი ქალთევზა დაამსხვრია.

 

 

  • მაიკლ ლანდი – მწყობრიდან გამოსვლა (2001)

“ნივთები, რომელსაც ფლობ, ბოლოს თავად გფლობენ შენ“. – წერს ჩაკ პალანიკი თავის რომანში „მებრძოლთა კლუბი“ და მომხმარებელი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დამთრგუნველ მანიფესტს აგვაფარებს სახეზე. როგორც ჩანს, 90-იანი წლები კონსუმერიზმის ყველაზე ტკივილიანი ეპოქაა არტისტებისთვის; ამავე პერიოდში („მებრძოლთა კლუბის“ ეკრანიზაციის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე) ლონდონელმა მაიკლ ლანდიმ ადგილობრივ სახელოვნებო ორგანიზაციას, Artangel-ს თხოვნით მიმართა  დახმარებოდა და დაეფინანსებინა მისი „მარტივი“ იდეა. 

მარტივი შესაძლოა ლანდისთვის გადაწყვეტილება გახდა, თუმცა ფაქტი ფაქტად ექსტრემალური იყო. 37 წლის არტისტმა მის მფლობელობაში არსებული 7227 ნივთი (რომელთაგანაც ზოგიერთი ძალიან ძვირიანი იყო: არტისტის ბიბლიოთეკა და ფირფიტების კოლექცია, ავტომობილი, დანიელ ჰირსტის ნახატი, თავისივე შემოქმედება და სხვ.) აღწერა და გაანადგურა. აღწერას 3 წელი დასჭირდა, განადგურებას კი ორი კვირა. ქარხანაში ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი ლანდი თანამშრომლებთან ერთად დევიდ ბოუისა და ჯოი დივიჟენის მუსიკის ფონზე ანადგურებდა ყველაფერს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე შეეგროვებინა. ლანდიმ არც ის მოგონებები დაინდო, რომელიც ფოტო- თუ ვიდეომასალით ცოცხლდებოდა მის წინაშე.

როდესაც ლანდიმ პროექტი დაასრულა, ის მხოლოდ ლურჯ სამუშაო კომბინეზონში გამოწყობილიყო და არაფერი ებადა. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ორი კვირა იყო,  – აღიარა არტისტმა წლების შემდეგ. – რაღაც მომენტებში ვგრძნობდი თითქოს საკუთარ დაკრძალვას ვესწრებოდი, რადგან წლობით უნახავი ადამიანები მსტუმრობდნენ, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჩემს დაკრძალვაზე თუ მოვიდოდნენ“.

 

  • მ.ფ. ჰუსაინი – შუეტამბარის გამოფენა (1984)

 

როცა 1956 წელს პაბლო პიკასომ კამერების წინ ნახატი დახატა და გადაღების შემდეგ მაშინვე გაანადგურა, ეს დიდი ხელოვანის დიდ ნაბიჯად შეფასდა, მაგრამ როცა იგივე პიკასოს ფავორიტმა და თანამედროვემ, მაქბულ ფიდა ჰუსაინმა 1984 წელს მუმბაიში, ჯიჰანგირის ხელოვნების გალერეაში გამოფენა მოაწყო, მხოლოდ დაცინვა ხვდა წილად.

ჰუსაინი რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა ძველი გაზეთებზე და დამთვალიერებლის თვალწინ ქმნიდა ინდუიზმის ექვსი ქალღმერთის ნახატებს. გამოფენის ბოლო დღეს ყველა დახატული ნახატი დემონსტრაციულად გაანადგურა და ამით სიცილი მოჰგვარა ყველა მნახველს. 

შესაძლოა 1984 წელს ჰუსაინს ვერ გაუგეს, მაგრამ ეს მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. დრომ აჩვენა, რომ ინდოელი არტისტის ეს ჟესტი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი გამოდგა, რომელიც ბევრ  სხვა რამესთან ერთად ნამუშევრის შექმნის ინტიმურ პროცესზე, ხელოვანის განწყობის გაზიარებასა და ამ გაზიარების ექსკლუზიურობაზეც გვაფიქრებს, რომელიც ყველანაირი საბაზრო ინტერესის მიღმა რჩება. 

 

  • ჯორჯია ო’კიფი – ადრინდელი ნახატები და ფოტოები (1985-1986)

ამერიკული მოდერნიზმის დედად წოდებული ჯორჯია ო’კიფი ბრაზდებოდა, როდესაც მის ნახატებში ვულვას იქით ვერაფერს ხედავდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფერში ბრალი მის ქმარსა და სახელოვნებო აგენტს, თავად ფოტოგრაფ ალფრედ შტიგლიცს მიუძღვის. შტიგლიცი, რომელიც უმეტესად შიშველ ნატურებს იღებდა და მისთვის თავად ჯორჯიაც ხშირად პოზიორობდა, ცოლის ნამუშევრებს სახელოვნებო ბაზარზე ისე წარადგენდა, რომ რაც შეიძლება უკეთ გაყიდულიყო. სწორედ ამიტომაც წარმოჩინდა ო’კიფის მხატვრობა სიმბოლიზებულ პორნოგრაფიად, რამაც მართალია, ნამუშევრებს ცნობადობა და ფინანსური ღირებულება გაუზარდა, მაგრამ ამასთანავე უკანა პლანზე გადაიტანა მხატვრობის პოეტიკა, რომელიც ძალიან აშკარაა ო’კიფის შემოქმედებაში.

„ის შთამბეჭდავი ენერგია და ემოცია, რასაც ბუნება ყოველ კონტურში, ფორმასა თუ ფერში გვაწვდის, ყველაზე ინტიმურ გარემოს ქმნის ადამიანისთვის და ჩემს ნახატებში სწორედ ამ ინტიმურობის დაჭერას ვცდილობ“. – თქვა ერთ ინტერვიუში ო’კიფიმ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა იმ განცდით, რომ თავად არასდროს ბოლომდე არ იყო საკუთარი ხელოვნების ბატონ-პატრონი.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მხატვარმა თავისი ძველი ნახატები შეიძინა და ყოფილი ქმრის მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გაანადგურა. ვერავინ იტყვის,  შეძლო თუ არა ამ აქტით ო’კიფიმ მიეღწია იმ განცდისთვის, რომ დაებრუნებინა საკუთარი ხელოვნება და თავისი თავის მისეულივე აღქმა, მაგრამ სიკვდილის მოახლოება იგრძნო თუ არა, ამისთვის გაიბრძოლა მაინც. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ძველი ნახატი, რომელიც ო’კიფის პირად დღიურში განადგურებულად ეწერა, მაინც გადარჩა. „წითელი და მწვანე II“ 2015 წელს კრისტის აუქციონზე გაიყიდა.

 

  • რობერტ როშენბერგი – წაშლილი კუნინგის ნახატი (1953)

ბოლოს კი განადგურების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კოლაბორაციაზე მოვყვეთ: ერთია, არტისტმა სხვადასხვა მიზეზით გაანადგუროს თავისი ნამუშევარი და თუნდაც განადგურების პროცესი აქციოს ხელოვნებად, მაგრამ მეორეა, არტისტმა სხვა არტისტს მისცეს მისი განადგურების უფლება.

1951 წელს მაშინ უცნობმა 25 წლის რობერტ როშენბერგმა დაიწყო მონოქრომული „თეთრი ნახატების“ სერიის შექმნა. პროცესში როშენბერგს გაუჩნდა კითხვა, შესაძლებელია თუ არა ტილოს შექმნა არსებული ნახატის სრული წაშლით და თავისი ძველი ნახატების წაშლა დაიწყო. თუმცა სრულ კმაყოფილებას ვერც ამით მიაღწია და ორი წლის შემდეგ თავის კუმირს, იმ დროისთვის კარიერის პიკში მყოფ უილემ დე კუნინგს მიადგა.

კუნინგი აღფრთოვანებით შეხვდა ახალგაზრდა როშენბერგის იდეას და თავისი ერთ-ერთი ნახატი აჩუქა, რომლის წაშლის ნებაც დართო. თუმცა მან სპეციალურად აჩუქა ისეთი ნახატი, რომლის წაშლაც რთული საქმე იქნებოდა და გულის სიღრმეში ეგონა, რომ როშენბერგი ამას ვერ შეძლებდა. ახალგაზრდა არტისტმა ათობით სხვადასხვა საშლელით მაინც მოახერხა ორთვიანი შრომის შედეგად კუნინგის ნახატი წაეშალა. 

„წაშლილი კუნინგის ნახატი“ მაშინ სახელოვნებო კრიტიკის ერთმა ნაწილმა ვანდალიზმად შეაფასა, მეორე ნაწილმა კი კონცეპტუალური ხელოვნების ახალი ეტაპის დასაწყისად. ფაქტი ფაქტია, კუნინგისა და როშენბერგის თანამშრომლობას მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრის შექმნა მოჰყვა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.