ფენტეზი: როგორ გახდა “geek” კულტურა პოპ-კულტურის ნაწილი
იყო დრო, როდესაც ფენტეზი ნიშურ ჟანრად მიიჩნეოდა, მისი მგზნებარე თაყვანისმცემლები კი – geek-ებად. მაგრამ დღეს ჯადოქრები, დრაკონები და ელფები პოპ-კულტურის ძირითადი პერსონაჟები არიან. სანამ ჰოგვარტსში აღმოვჩნდებოდით, ფენტეზის ეპიკურ სამყაროში ჯერ კიდევ 100 წლის წინ ისეთმა მწერლებმა გვამოგზაურეს, როგორებიც იყვნენ – ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი და რობერტ ი. ჰოვარდი.
ლოგიკური იქნებოდა თხრობა ბილბო ბეგინსით დაგვეწყო, მაგრამ ფენტეზის სამყაროს ელემენტები გილგამეშიდან, მეფე არტურიდან, ალადინიდან და უამრავი სხვა ისტორიიდან იღებს სათავეს. იგივე შეიძლება ითქვას ხალხურ ზღაპრებზე.
სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად, ფენტეზის ჟანრის პოპ-კულტურაში პოპულარიზაციას 1920-იანი წლების ჟურნალებმა, კერძოდ, “უცნაურმა ზღაპრებმა” (Weird Tales) მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. თუმცა მის გამოცემამდე, 1923 წელს, აღნიშნული ჟანრი უმეტესწილად საბავშვო წიგნებთან ასოცირდებოდა: “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, “პიტერ პენი” და “ოზის ჯადოქარი”. “უცნაურმა ზღაპრებმა” შეცვალა არსებული ტენდენცია და თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებას დაუდო საფუძველი.
1917 წელს, როდესაც პირველმა მსოფლიო ომმა გაანადგურა ევროპა, ახალგაზრდა ჯარისკაცი, სახელად ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ტყის ხეობაში მოცეკვავე ცოლს – ედითს უყურებდა. სწორედ ეს მომენტი იქცა მოკვდავი კაცის – ბერენის და ელფის ქალიშვილ ლუთიენის ისტორიის შთაგონებად, რომლის შექმნაც მან ლექსებში, მოთხრობებსა და ფრაგმენტებში დაიწყო. ტოლკინი სისხლიან ბრძოლებში სანგრის ციებ-ცხელებით დაავადების შემდეგ ინგლისში, გარნიზონში დააბრუნეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სადაც მან “ჰობიტზე” მუშაობა დაიწყო. 50-იანი წლების შუაში “ბეჭდების მბრძანებლის” გამოჩენამ მწერალს თანამედროვე ფენტეზის “მამის” სტატუსი მიანიჭა.
ტოლკინზე და მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ინგლისელმა პოეტმა და მხატვარმა უილიამ მორისმა, თუმცა შუახმელეთი (Middle Earth) სრულიად დამოუკიდებელ სამყაროდ ჩამოყალიბდა, განსხვავებით კლაივ სტეპლზ ლუისისგან, სადაც ნარნია ჩვენს სამყაროს ერთგვარი პორტალით და ქრისტიანული ალეგორიებით უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ლუისი მნიშვნელოვანი ფიგურაა ფენტეზიში, ტოლკინის ეპოსმა აღნიშნულ ჟანრში სტანდარტი დააწესა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, “ბეჭდების მბრძანებლის” გამოქვეყნებას უკავშირდება. წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარიგაიყიდა და შედეგად, ქუჩის კედლებზე გრაფიტით გამოსახული ლოზუნგი: “ფროდო ცოცხალია!” გაჩნდა.
ტოლკინი ცნობილი სამაგიდო როლური თამაშის – “საპყრობილეები და დრაკონების” (Dungeons & Dragons) ინსპირაციად იქცა. თამაში პირველად 1974 წელს გამოიცა და თავის მხრივ, ფანტასტიკური ჟანრის რომანების საერთო სამყარო “Dragonlance” შთააგონა. ამ გაფართოებამ ფენტეზის თაყვანისმცემლებს ბევრი მასალა მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ჯერ კიდევ უმცირესობაში იყვნენ. მეტიც, მორალური პანიკა მათ სუიციდთან და დემონის თაყვანისცემასთან აკავშირებდა. ზოგადად, რაც უფრო მეტ ენთუზიაზმს იჩენდნენ აღნიშნული ჟანრის მიმართ, მით უფრო გარიყულად გრძნობდნენ თავს, რასაც ე.წ. ცოცხალ თამაშამდე (roleplay) მივყავართ. 70-80-იანმა წლებმა ფანებს საშუალება მისცა საკუთარი ფანტაზიები რეალურად განეხორციელებინათ, 80-იანი წლებისთვის კი ფენტეზის ჟანრი “აფეთქდა”.
ეკრანზე ისეთი კლასიკური ფილმები გამოჩნდა, როგორიცაა “მუქი კრისტალი” (The Dark Crystal) და “პატარძალი პრინცესა” (The Princess Bride), მაგრამ ისინი ინოვაციურობით და მასშტაბურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. “ლაბირინთმაც” (Labyrinth) გარკვეული კვალი დატოვა, თუმცა ფილმის პოპულარობა შინაარსზე მეტად დევიდ ბოუიმ განაპირობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ფილმებმა კიდევ უფრო გაამყარეს აზრი, რომ ფენტეზი საბავშვო ჟანრი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს “სტარ ტრეკი” (Star Trek) და “ვარსკვლავური ომები” (Star Wars) ჰქონდათ.
ფენტეზი დრო და დრო ძალას იკრებდა. 90-იანებში ახალი წიგნის სერიების – რობერტ ჯორდანის “დროის ბორბლის” (Wheel of Time) და ჯორჯ რ.რ. მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” (A Song of Ice and Fire) გამოჩენამ ნაწარმოებებში სექსს, სიკვდილს და სოციალურ თემებს მოუყარა თავი. კერძოდ, მარტინის წიგნები კატეგორიულად არ იყო ბავშვებისთვის გათვლილი.
90-იანების ფენტეზის ხანამ, რომელიც უკვე ყველა ასაკობრივ სეგმენტს მოიცავდა, ახალი გმირი – “ბიჭი, რომელიც გადარჩა” – მოგვიტანა. ცნობილია, რომ ჯოან როულინგის პირველი წიგნი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” (Harry Potter and the Philosopher’s Stone) თორმეტმა გამომცემლობამ უარყო, სანამ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნის სერიად იქცეოდა. კლაივ სტეპლზ ლუისის “ნარნიას ქრონიკების” (Chronicles of Narnia) მსგავსად, ჰარი პოტერიც პარალელურ მაგიურ სამყაროს მოიცავს – თუმცა ამჯერად ჩვენი სამყაროს არეალში. ჰოგვარტსის ჯადოსნური სკოლა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც საოცნებო ადგილად იქცა, რადგან ვის არ სურს ჯადოქრობა?!
2001 წელი პოპულარული კულტურის და ფენტეზის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი იყო, რომელმაც ორი ფრენჩაიზის ტიტანი ფილმები: “ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო” (The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring) და “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” (Harry Potter and the Philosopher’s Stone) შემოგვთავაზა. ორივე ფილმი საოცარი ვიზუალური ეფექტებით, გმირებით და მათი თავგადასავლებით მაყურებლისთვის დაუვიწყარი სანახაობა იყო. პიტერ ჯექსონის ტრილოგია ოსკარის სივრცეშიც კი შეიჭრა და კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ფილმად იქცა. ჰარი პოტერმა “ბეჭდების მბრძანებლის” მოგებას ორჯერ გადააჭარბა. ორივე ფრენჩაიზის პოპულარობამ პრიქველებს: “ჰობიტს” (Hobbit) და “ჯადოსნურ ცხოველებს” (Fantastic Beasts) დაუდო საფუძველი. ჰარი პოტერმა ლონდონის თეატრის სცენაზეც კი გადაინაცვლა.
აღნიშნული ფილმების წარმატებამ დიდ ეკრანზე “ნარნიას ქრონიკების”, “როგორ მოვარჯულოთ დრაკონის” (How To Train Your Dragon) ფრენჩაიზების გამოჩენა განაპირობა. ნუ დავივიწყებთ ყველასთვის საყვარელ ისეთ ფილმებს, როგორიც არის ანიმაციურ შედევრი – “მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” (Spirited Away), “ვარსკვლავური მტვერი” (Stardust) და “მოჯადოებული” (Enchanted). ამავდროულად, ვიდეოთამაშმა World of Warcraft და Skyrim-მა ფანები ფენტეზის კიდევ უფრო ღრმა მორევში ჩაითრია.
ფენტეზი ოფიციალურად დიდ ბიზნესად იქცა, მაგრამ უკანასკნელი ნაბიჯი იყო დარჩენილი – ეპიკური მოგზაურობიდან ჩვენს სახლებში გადმოენაცვლა. 2000-იან წლებში სატელევიზიო შოუებმა ახალ, ოქროს ხანაში შეაბიჯეს ისეთი ხარისხიანი სერიალების წყალობით, როგორიცაა “სოპრანოს კლანი” (The Sopranos) და “მოსმენა” (The Wire), რომლებსაც მაღალი საწარმოო ღირებულებები და კომპლექსური ისტორიები ჰქონდათ. სწორედ ამ ტალღამ განაპირობა 2011 წელს HBO-ზე ჯორჯ რ.რ. მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ეკრანიზაცია – “სამეფო კარის თამაშები” (Game of Thrones).
სისხლითა და სიშიშვლით გაჟღენთილი სიუჟეტით, ეს არც მორდორში გასეირნებაა და არც თუნდაც შირში. “სამეფო კარის თამაშები” სასტიკი, პოლიტიკური და არაპროგნოზირებადი თამაშია. მარტინის “დრაკარისმა” ფენტეზის წესები სამუდამოდ შეცვალა, ის ისტორიულ ეპოსს უფრო წააგავს დრაკონების მონაწილეობით. მართალია, ბოლო სეზონმა საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა. “სამეფო კარის თამაშების” წარმატებამ არაერთ ფენტეზის ჟანრის სერიალს გაუხსნა გზა, მაგალითად, Netflix-ის “მხედვარს” (The Witcher).
რთული განსასაზღვრია, რომელიმე ნაწარმოები შეძლებს თუ არა მიუახლოვდეს “ბეჭდების მბრძანებლის”, “ჰარი პოტერის” და “სამეფო კარის თამაშების” გავლენას თანამედროვეობაზე, განსაკუთრებით სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარების ფონზე. საბედნიეროდ, როდესაც საქმე ფენტეზის და ინოვაციას ეხება, შესაძლებლობები უსაზღვროა – ახალი სამყაროს და წესების შექმნა ხომ ჟანრის ნაწილია.