კუმანი – ვინ არის შემდეგი?
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე სათამაშო დღის წინ, გასულ კვირას, ევროპულ ფეხბურთში იმდენი რამ მოხდა საინტერესო, რაც წლევანდელი სეზონის დაწყებიდან მთელი ორი თვის განმავლობაში არ მომხდარა.
დავიწყოთ იმით, რომ „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხით, ერთ წრეში სამივე მადრიდულ კლუბთან წაგების უნიკალური ანტირეკორდი დაამყარა. „რაიო ვალეკანოსთან“ „ბარსელონას“ აქამდე ზედიზედ 14 მატჩი, თანაც უმრავლესობა გამანადგურებელი ანგარიშით ჰქონდა მოგებული და ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მწვრთნელი რონალდ კუმანი დირექტორთა საბჭომ სწორედ ამ განსაკუთრებულად დამამცირებელი წაგების და არა თუნდაც წინა ტურში „ელ კლასიკოში“ განცდილი მარცხის შემდეგ გაუშვა კლუბიდან.
„ბარსელონა“ მომდევნო მატჩში უკვე დროებითი მწვრთნელის ხელში შინ „ალავესთან“ ფრეს დასჯერდა, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგის უახლოეს მატჩში ის გასვლაზე კიევის „დინამოს“ ვერ დაამარცხებს, მაშინ კლუბის მდგომარეობა საგრძნობლად გართულდება.
მეორე მხრივ, „ბარსელონა“ მომავალს იმედის თვალით უყურებს, რადგან გუნდის გაძღოლაზე, როგორც იქნა, თანხმობა განაცხადა უკანასკნელ დრომდე კატარულ „ალ სადში“ მომუშავე ხავი ერნანდესმა, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი.
ხავის მიწვევით „ბარსელონას“ ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ აწი პრობლემები მოგვარდება და გუნდი თანდათანობით აღიდგენს გვარდიოლას პერიოდის დიდებას. ერთი კია, რომ მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2008 და 2012 წლის ჩემპიონ ფეხბურთელს გაცილებით დიდი პრობლემები დახვდება გუნდში, ვიდრე გვარდიოლას 2008 წელს. იმის თქმაც საკმარისია, რომ თუკი მე-10 ნომერი მაისურით გვარდიოლას კლუბში ლიონელ მესი დახვდა, ხავისთვის ასეთი ფეხბურთელი ანსუ ფატი იქნება…
მესის დღევანდელი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს, მაგრამ თვით არგენტინელის გამოსვლას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, რადგან პირველობაზე ჩატარებულ 5 მატჩში მან ვერც გოლის გატანა მოახერხა და ვერც საგოლე გადაცემის შესრულება.
„ლილთან“ უკანასკნელი ტურის ცენტრალურ მატჩში ამ თვალსაზრისით თავი მესის თანამემამულე დი მარიამ გამოიჩინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მისი გოლი იყო, რომელიც არგენტინელმა ნეიმართან გათამაშებული ელვისებრი კომბინაციის შედეგად გაიტანა. თავად მესი კი შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში სათადარიგოთა სკამზე დასვეს…
თუკი „ბარსელონაში“ დიდი ხანია მზადდებოდა ხავის უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნება, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლამის დანიშვნის დღიდან სხვადასხვა სიმძაფრით თავს იჩენდა ოლე გუნარ სულშერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლების საკითხი.
„ლივერპულთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ ანგარიშით 0:5 წაგების შემდეგ კი ნორვეგიელის უმთავრესი მფარველი – სერ ალექს ფერგიუსონიც კი ვეღარ ბედავს მის დაცვას კლუბის მესვეურთა და გულშემატკივრების წინაშე.
საინტერესოა ისიც, რომ არც მისი სავარაუდო შემცვლელი უნდა იყოს მაინცდამაინც სანდო. პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოლაპარაკების შესახებ ანტონიო კონტესთან.
კლუბის ხელმძღვანელები რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ, რომ იტალიელ სპეციალისტს ბოლო დიდი წარმატება 2018 წელს ჰქონდა მოპოვებული „ჩელსის“ გაჩემპიონებით, „ინტერში“ გარკვეულწილად „იუვენტუსის“ სისუსტით განპირობებულ შარშანდელ „სკუდეტოზე“ მნიშვნელოვანი კი ალბათ მილანური კლუბის სამარცხვინო ჩარჩენა უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცთუ ისე ძლიერ მადრიდის „რეალთან“ ორივე მატჩში მარცხის და „შახტართან“ 0:0-ების გათვალისწინებით…
ახალი მწვრთნელის ძიების პარალელურად გასულ “უიკენდზე” გასვლით შეხვედრაში „ტოტენჰემის“ ანგარიშით 3:0 განადგურების შემდეგ, სულშერის მანჩესტერული კარიერა კვლავ ჰოლივუდის სცენარით განვითარდა.
თუკი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანალოგიურ წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ატალანტასთანაც“ მიაღწევს, ნორვეგიელის გაშვებაზე საუბარი რამდენიმე ხნით შეწყდება და ამ უკანასკნელსაც ცოტა ხნით დაავიწყდება „ლივერპულთან“ 0:5 წაგების შემდეგ წარმოთქმული ფრაზა, რომ მისი ოცნება არა „მანჩესტერ იუნაიტედის“, არამედ ნორვეგიის ნაკრების გაძღოლაა…
მოულოდნელად კრიზისმა „მანჩესტერ სიტიც“ მოიცვა, რომელიც შუა კვირაში ჯერ „ვესტ ჰემთან“ ინგლისის ლიგის თასიდან პენალტების სერიის შედეგად გამოვარდა, შემდეგ კი პრემიერლიგის მატჩში „კრისტალ პალასთან“ შინ ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
უცნაურია, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი თავდასხმის მქონე გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ლიგის თასის მოპოვებაზე კლუბი უარს არასოდეს ამბობს და იგი ამ ტურნირის წინა სეზონის გამარჯვებულია.
პრემიერლიგის გათამაშებაში „ჩელსი“ ლიდერობს, რომელიც კონკურენტებს სტაბილურობით თუ აღემატება, თორემ ზემოთ ხსენებული „ლივერპული“, რომელმაც შუა კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლაზე ანგარიშით 5:0 გაანადგურა, მაინცდამაინც წინ არ წასულა, რადგან უკვე მომდევნო ტურში შინ „ბრაიტონთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა.
საუკეთესო ოთხეულში ჯერჯერობით „ვესტ ჰემი“ იმყოფება, მაგრამ საკმაოდ მოკლე სკამის მქონე გუნდმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე კონკურენცია გაუწიოს „ჩელსის“, „ლივერპულს“ თუ მანჩესტერულ კლუბებს.
არასახარბიელო მდგომარეობაშია ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც იტალიის სერია A-ში ზედიზედ ორი მატჩი დათმო “სასუოლოსთან“ და „ვერონასთან“. იქამდე კი მსაჯმა გადაარჩინა, როდესაც მილანის „ინტერთან“ თერთმეტმეტრიანი აჩუქა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე.
როდესაც მასიმილიანო ალეგრის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უშვებდნენ, მას ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის წაგებას აყვედრიდნენ, „სკუდეტო“ კი კლუბისთვის ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო.
ალეგრის წასვლის შემდეგ „ბებერმა ქალბატონმა“ მისთვის ჩვეული სტაბილურობა დაკარგა, რის აღდგენასაც მისი დაბრუნებისას უკვე ვეღარ ახერხებს. სამაგიეროდ „იუვენტუსი“ შესანიშნავად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ის უდანაკარგოდ ასპარეზობს და თვით „ჩელსის“ დამარცხება შეძლო.
წლეულს სატურნირო ცხრილის შუაგულში მყოფმა „ბებერმა ქალბატონმა“ იტალიის ჩემპიონობა უნდა დაივიწყოს და საუკეთესო ოთხეულში შეღწევაზე იზრუნოს. ამის შესრულება კი გაზრდილი კონკურენციის ფონზე მარტივი არ იქნება.
გასულ კვირას საკვირველი ამბები გადახდა თავს მიუნხენის „ბაიერნსაც“. გუნდი, რომელიც დაეჩვია ოთხბურთიანი სხვაობებით თამაშების ზედიზედ მოგებას, სათასო მატჩში მოულოდნელად ანგარიშით 5:0 „მიონხენგლადბახმა“ გაანადგურა.
„ბაიერნი“ თასიდან შარშან ამავე ეტაპზე მეორე დივიზიონის გუნდმა „კილმა“ გამოაგდო, მაგრამ ამჟამინდელი მარცხი განსაკუთრებით უჩვეულოა, რადგან „რეკორდმაისტერი“ მოედანზე სრულფასოვანი შემადგენლობით გამოვიდა.
მიზეზები ალბათ „ბაიერნის“ შიდა სამზარეულოში დარჩება, რადგან კლუბს გერმანიის თასზე მეტად ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის მოგება აინტერესებს.
ამ ტურნირებზე კი გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს. „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ „რეკორდმაისტერმა“ ქვეყნის ჩემპიონატში „უნიონი“ სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა და „მიონხენგლადბახთან“ მარცხით გამოწვეული უსიამოვნო განწყობა საკუთარ გულშემატკივრებს კარგა ხნით დაავიწყა…





