fbpx

Rooms Studio: Distant Symphony


გააზიარე სტატია

ავტორი: ოსმან ჯან იერებაქანი

ემა სკალის გალერეა, ნიუ-იორკი,  14 ოქტომბერი – 20 ნოემბერი

დიზაინერებმა – ქეთი თოლორაიამ და ნატა ჯანბერიძემ ერთმანეთი 2000-იანი წლების დასაწყისში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის შესწავლისას გაიცნეს და მალევე მიხვდნენ, რომ დიზაინერული იდეები და ხედვა მსგავსი ჰქონდათ. „უნდა ვიმუშაოთ თუ არა ერთად, ეს შეკითხვა არასოდეს დასმულა – ეს უკვე თითქმის მოცემულობა იყო“, – განუცხადა თოლორაიამ The Design Edit-ს. გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც დუეტმა ათწლეულზე მეტი ხნის წინ თბილისში Rooms Studio დააფუძნა, მათი იდუმალი დახვეწილი ავეჯის დეტალები ალამაზებს უმაღლესი დონის დიზაინს მთელ მსოფლიოში. 

Rooms Studio-მ ახლახან გახსნა თავისი უდიდესი გამოფენა სახელწოდებით Distant Symphony (შორეული სიმფონია) ნიუ-იორკის ემა სკალის გალერეაში. შოუ გთავაზობთ წარმტაც იმერსიულ პრეზენტაციას, რომელიც ამართლებს სტუდიის  სოციალურად შთაგონებულ პრაქტიკას.

„ვიზრდებოდი 90-იანი წლების საქართველოში, რაც რთული გამოწვევა იყო. მაშინ სახლში ელექტროენერგია და წყალი არ გვქონდა, იმ დროს, როდესაც სამხატვრო აკადემია საბჭოური იდეალებიდან ახალი უცნობი “ტერიტორიისკენ” მიემართებოდა. ამის გამო აკადემიაში ჩვენი განათლება საკმაოდ ვიწრო იყო“, – იხსენებს ჯანბერიძე.

წყვილმა ორმხრივი ლტოლვა და ფართო ინტერესები გამოიყენა საკუთარი გზის გასაკვლევად და ადრიდანვე ჩაერთო ინტერიერის პროექტების დიზაინში. მას შემდეგ ტრანსფორმაცია მათი პრაქტიკის ფილოსოფიური საფუძველია.

„რასაც ჩვენ ვქმნით,  ნატიფი გავლენა აქვს ჩვენზე და სხვაგვარი ელფერი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში – პოსტსაბჭოური დროიდან   დღევანდელ ეპოქაშიც, რადგან ჩვენ მუდმივ მოძრაობაში ვართ“, – ამბობს ნატა ჯანბერიძე.

ქმნილება სახელად „რკინის საიდუმლო კაბინეტი“ გთავაზობთ იდეალურ საწყის წერტილს დუეტის დიზაინერული ხედვის გამოსაკვლევად. ეს ფოლკლორული სიმბოლოებით გაფორმებული ნამუშევარი შედგება  სპილენძისა და ლითონის ცხრა კარადისგან.

„ეს არის ცხოვრების ფარული სიმბოლოების ვიზუალური გამოხატულება და ყველას შეუძლია მათი განსხვავებულად ინტერპრეტაცია, რათა საკუთარი უნიკალური ისტორია შექმნას“, – განმარტავს ჯანბერიძე.

პოსტსაბჭოურ საქართველოში საკუთრებისა და ხელმისაწვდომობის ცნებები  კომუნისტური იდეოლოგიით იყო ჩამოყალიბებული. მასალის გამოყენებისა და მისი ფორმის მიმართ ეს კოლექტივისტური მიდგომა გაფილტრულია დიზაინერების პირადი გამოცდილებით ახალგაზრდობის, შემოქმედებითი ლტოლვისა და სილამაზის შესახებ. ჯანბერიძეზე დიდი გავლენა იქონია არქიტექტორმა მამამ, რომელმაც მათი  ბინა დააპროექტა. მისი პირველი ობიექტი იყო თეთრი ვინტაჟური ტყავის სტომატოლოგიური სავარძელი, რომელსაც მამამისი სამუშაო სკამად იყენებდა.

„აღფრთოვანებული ვიყავი იმ სკამით, ისევე როგორც იმ ფაქტით, რომ მას სხვა ფუნქცია ჰქონდა ჩვენს სახლში,“ – იხსენებს ის.

დღეს მათი დიზაინი აერთიანებს  საბჭოთა ეპოქის დროინდელ  სუბიექტურ ხედვებს და მის შემდგომ ობიექტურ გამოცდილებას.

„ქვეცნობიერად მთელი ეს ესთეტიკა ჯერ კიდევ არსებობს და ისინი დღესაც გავლენას ახდენენ ჩვენზე  – საბჭოთა არქიტექტურული ფორმები ყველაზე მეტად ჩემზე ახდენს გავლენას“, – დასძენს ქეთი თოლორაია.

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში არსებული შემოქმედებითი პოტენციალი კიდევ ერთი ძლიერი შთაგონებაა ორი დიზაინერისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე ობიექტი ქართველ მხატვრებთან – შოთიკო აფციაურთან, სალომე ჩიგილაშვილთანდა მარიანა ჭყონიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. უფრო მეტიც, Studio Rooms-ის შემოქმედების დიდი ნაწილი ადგილობრივი მწარმოებლებისა და ხელოსნების მიერ შექმნილი ნაკეთობებია, რომლებიც ქვეყანაში ხეზე კვეთის ტექნიკას აგრძელებენ.

„გვინდა, რომ ამ ტრადიციებს  მათი პატივისცემითა და შენარჩუნებით მეორე შანსი მივცეთ და მომავალშიც გავაგრძელოთ“, – ამბობს თოლორაია.

გარდა ძველი ტრადიციების ხელახალი ინტერპრეტაციისა, დიზაინერები ასევე იყენებენ არსებულ მასალებს ახალი ფუნქციებისა და ფორმების შესაქმნელად,  წარსულისა და აწმყოს თანამედროვე დახვეწილი ენით დასაკავშირებლად. შოუს ორი განყოფილება (ან „გამოქვაბულები“, როგორც ისინი თავად უწოდებენ), გამოკვეთს შიდა სივრცის მონაკვეთებს, რომლებიც საგნებს განსხვავებულად გვიჩვენებენ.  

თეატრალურობა და თანამშრომლობა Studio Rooms-ის პრაქტიკის მთავარი ელემენტია. 2019 წელს მათ შექმნეს ობიექტი – ბეტონის სკამი, რომელიც მოხატული იყო ქართველი  მხატვრის, მაქს მაჩაიძის მიერ. მოკრძალებულ ესთეტიკაზე გავლენა მოახდინა  სოციალისტური ეპოქის კომუნალურმა დიზაინმა –  ავტობუსების სადგომებმა და საკლასო ოთახებმა.

დანით ნაკვეთი ხის ან გრაფიტის კედლები საბჭოთა რეჟიმის დაშლის დროს ჩვეულებრივი სანახავი იყო მაშინ, როდესაც Studio Rooms-ის დამფუძნებლები მეოთხე კლასში იყვნენ. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გაჩნდა რეჟიმის დაშლის შემდეგ, ნაყოფიერი მიმართულებაა  დიზაინერებისთვის.

ობიექტი „რკინის ჭაღი“, რომელიც პირველად  მაიამიში წარმოადგინეს, შემკულია ხარის თავის დეტალებით და  წრიული ფორმა აქვს.  ჯაჭვებიანი ობიექტი შთაგონებულია დიზაინერების სამშობლოში გავრცელებული,  ღია გარემოში გამოსაყენებელი ცეცხლის სადგამით. 

დიზაინერების სამშობლოს  ისტორიის ამერიკაში წარმოდგენა  აფართოებს მათ აუდიტორიას და მათი ნამუშევრების  ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

„ეს ჩვენება უნიკალური ხედვაა  Rooms-ის კოლექციის ასორტიმენტისა. გამიმართლა, რომ საბჭოური გავლენის მქონე დიზაინისა და ტრადიციული ქართული ხელოსნობის შთაგონების გამორჩეული კომბინაციის გარდა ვაჩვენებ მათ  პიროვნულ დამოკიდებულებას კოლექციისადმი“, – აღნიშნავს ემა სკალი.

„არ ვიცი, რამდენად იცის ხალხმა საქართველოს შესახებ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაცნაირად ეხება მათ და აღძრავს ინტერესს იმის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა“, – ამბობს თოლორაია.

ქართველი  დიზაინერი ქალები აღნიშნავენ, რომ თითოეული ნამუშევარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი საერთო ისტორიის გადმოცემაში და იქმნება ერთი კონკრეტული სპეციფიკური განცდა, საიდანაც მომდინარეობს შოუს სათაურში არსებული სიტყვა „სიმფონია“.

 

ორიგინალი: https://thedesignedit.com/rooms-studio-distant-symphony

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.