fbpx

ქართველი მოდერნისტები ევროპაში – ქართული კულტურის ფესტივალი ციურიხში


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე 

ციურიხში წარმატებით ჩატარდა პირველი ქართული კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი “ხიდი: ციურიხი – თბილისი” / www.zuerich-tbilissi.ch

 

შვეიცარიელი აუდიტორიისთვის ქართული კულტურის გასაცნობად რამდენიმე მიმართულება შეირჩა: არქიტექტურა, ლიტერატურა, მუსიკა, კინო და ხელოვნება.

 

ხელოვნების სექციაში მოხსენებები და დისკუსიები ხელოვნების ისტორიკოსებთან – ნინო ჭოღოშვილთან და ირინე ჯორჯაძესთან ერთად გაიმართა. აღსანიშნავი და სასიხარულოა ხალხის სიმრავლე ფესტივალის თითოეულ ღონისძიებაზე, ეს ქართული კულტურის მიმართ დიდ ინტერესზე მეტყველებს. 

 

გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ჭოღოშვილთან: 

  

ნინო, 7 ოქტომბერს ციურიხის ხელოვნების სახლში – Kunsthalle Zürich თქვენ წაიკითხეთ მოხსენება ქართული მოდერნიზმის შესახებ, საინტერესოა, თუ გქონდათ შვეიცარიულ აუდიტორიასთან დიალოგის საშუალება, რამდენად იცნობენ იქ ქართულ ხელოვნებას და კერძოდ – ქართული მოდერნიზმის პერიოდს? 

 

მე და ირინე ჯორჯაძემ წავიკითხეთ მოხსენებები ციურიხის „კაბარე ვოლტერის“ მიერ  ორგანიზებულ საღამოზე ციურიხის კუნსთჰალეში, რომელიც ქართული კულტურის ფესტივალის ნაწილი იყო. ქართული კულტურის ფესტივალი – „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ – წელს პირველად მოეწყო და იმედია, მომავალშიც არაერთხელ ჩატარდება. ფესტივალის ინიციატორია ელენე ჩეჩელაშვილი, კავშირი „საქართველოს კულტურის პლატფორმა“ (Verein „Georgische Kulturplattform“) და ძალიან მნიშვნელოვანი სახელოვნებო ორგანიზაციები: ციურიხის ლიტერატურის სახლი (Literaturhaus Zürich), კაბარე ვოლტერი (Cabaret Voltaire), ციურიხის კუნსთჰალე (Kunsthalle Zürich), ციურიხის არქიტექტურის ცენტრი (ZAZ Zentrum Architektur Zürich) და სხვ. პროექტის პარტნიორები იყვნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს საელჩო შვეიცარიაში.

ჩემი მოხსენება და პრეზენტაცია ეხებოდა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობას 1910-1930-იან წლებში, ხოლო ირინე ჯორჯაძემ ისაუბრა და წარმოადგინა ძალიან კარგი მასალა საქართველოში დადაიზმსა და ფუტურიზმზე და ასევე, შედგა წიგნის – H2SO4 -ის პრეზენტაცია. ჩვენი მოხსენებების ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა კაბარე ვოლტერის დირექტორი სალომე ჰოლი. სხვათა შორის აუდიტორიიდან ძალიან საინტერესო შეკითხვები დაგვისვეს. შემდეგ ვაჩვენეთ კოტე მიქაბერიძის ავანგარდული ფილმი „ჩემი ბებია“, რომელმაც, როგორც ყოველთვის, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.  

ქართულ ხელოვნებას შვეიცარიაში მეტ-ნაკლებად იცნობენ, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, თუმცა – შვეიცარიის ინტერესი ქართული კულტურის მიმართ მაინც გამორჩეულია და ეს არ იყო პირველი ფესტივალი, რომელიც ამ საუკუნეში შვეიცარიაში ჩატარდა. საერთოდ, ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო სახელოვნებო და საგანმანათლებლო „შვეიცარიულ-ქართული“ პროექტი განხორციელდა და ამ გზით განვითარებულმა კავშირებმა და თანამშრომლობამ გამოიწვია ინტერესი ზოგადად საქართველოსადმი. ხოლო რაც შეეხება ქართული მოდერნიზმისადმი ინტერესს, აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ციურიხის კუნსთჰალეს დირექტორის, დანიელ ბაუმანის მიერ საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული პროექტები თანამედროვე ქართულ ხელოვნებასა და ასევე, ქართულ ავანგარდზე. დანიელ ბაუმანი და კიდევ არაერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, შეიძლება ითქვას, საქართველოს გულშემატკივრები, მათ შორის – ჰელენ ჰირში (თუნის კუნსთჰალეს დირექტორი), კლაუდია იოლესი (სახელოვნებო ჟურნალი კუნსბიულეტინის მთავარი რედაქტორი), დაგმარ რაიხერტი (ფონდ არტასის ხელმძღვანელი) და მრავალი სხვა, უკვე წლებია რაც თანამშრომლობენ და მეგობრობენ  ქართველ  ხელოვანებთან და კურატორებთან. შეიძლება ითქვას, ეს ხალხი ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებასაც. 

რამ განაპირობა თქვენი, როგორც ხელოვნებათმცოდნის ინტერესი მოდერნიზმის მიმართ?

ამ პერიოდისადმი ინტერესი საერთოდ ყველგან ძალიან დიდია. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გვყავს მოდერნისტი ხელოვანები, რომ თბილისშიც არსებობდა ავანგარდული სახელოვნებო სივრცე, ძალიან ცოცხალი, დაძაბული, ინტერნაციონალური და ამავე დროს, არ იყო დროში აცდენილი ევროპულ  ცენტრებთან. მაგალითად, ციურიხსა და თბილისში დადაისტური გამოსვლები ერთი და იმავე წლებში მიმდინარეობდა.  როდესაც თავდაპირველად, 2004  წელს დავიწყეთ მუშაობა ქართული მოდერნიზმის პროექტზე, აღმოჩნდა, რომ ქართული მოდერნისტული ხელოვნების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც კი ნაწილობრივ უცნობი იყო. 

2004 წლის ბოლოს, საახალწლოდ, დიდი გამოფენა მოეწყო ქარვასლაში – თბილისის ისტორიის მუზეუმში და გამოიცა წიგნი-ალბომი. ეს პროექტი მაშინ თბილისის გოეთეს ინსტიტუტის  დიდი მხარდაჭერით განხორციელდა. გამოფენასაც და პუბლიკაციასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც თითქოს ყველასთვის კარგად ნაცნობი მხატვრები სხვა, ახალი კუთხით წარმოჩნდნენ. ცნობილი მიზეზების გამო, მათი მოდერნისტული ნამუშევრების დიდი ნაწილი – წლების განმავლობაში,  ინახებოდა  საქართველოს მუზეუმების ფონდებში (საბედნიეროდ, იქ იყო დაცული და გადაურჩა განადგურებას) და ფაქტობრივად თავიდან შესასწავლი გახდა. ამის შემდეგ ქართული მოდერნიზმის კვლევა გაგრძელდა და ყოველთვის საოცარი შეგრძნება იყო ახალი ნამუშევრების „აღმოჩენა“, იქნებოდა ეს გიგო გაბაშვილის სიმბოლისტური ნამუშევრები, თუ ილია და კირილე ზდანევიჩების, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ბენო გორდეზიანისა და კიდევ სხვა მხატვრების ავანგარდული სურათებისა და სასცენო დეკორაციების გაცნობისა და შესწავლის პროცესი. 

 

როგორი იყო მოდერნიზმის წინა პერიოდის კულტურულ-პოლიტიკური ველი საქართველოში? რა პარალელური პროცესები  მიმდინარეობდა იმ დროს, ეს წლები ხომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდსაც მოიცავს?

 

ამ შეკითხვაზე მოკლედ რთულია პასუხის გაცემა. ძალიან ბევრი შეიძლება დაიწეროს, იმდენად მნიშვნელოვანი და დატვირთული პერიოდია ეს ქართული კულტურისთვის. აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოება მზად იყო სიახლეების მისაღებად და ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა. მოდერნისტული ხელოვნების განვითარებას საქართველოში ხელი შეუწყო იმ სპეციფიკურმა კულტურულმა გარემომ, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აქ ჩამოყალიბდა. საუკუნეთა მიჯნის თბილისი ხომ მართლაც გამორჩეულია თავისი მულტიკულტურული გარემოთი, სრულიად განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობით. ამ მხრივ უამრავი საყურადღებო  მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად, თბილისის მკვიდრი გერმანელი მხატვარი ოსკარ შმერლინგი ხატავდა კარიკატურებს არა მხოლოდ ქართული და რუსული პრესისათვის, არამედ, ასევე აზერბაიჯანული და სომხურისთვისაც, რომელიც ასევე თბილისში გამოიცემოდა.

თუმცა, ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანებმა, განსაკუთრებით პოეტებმა, „ცისფერ ყანწელებმა“, გრიგოლ რობაქიძის მიხედვით, თბილისამდე ჯერ სწორედ ქუთაისი „ააღელვეს“, ასე რომ, ქართული მოდერნიზმის დაბადების ადგილი თბილისთან ერთად ქუთაისია. მწერლების და პოეტების გვერდით იყვნენ ახალგაზრდა ქართველი მხატვრები, რომელთა ნაწილს სახელოვნებო განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში, მოსკოვის სასწავლებლებში, ასევე ქუთაისისა და თბილისის სამხატვრო სკოლებში, რადგანაც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსებამდე, საქართველოში არაერთი კერძო სამხატვრო სკოლა იყო, სადაც ხატვას ასწავლიდნენ აქ XIX საუკუნიდან დასახლებული უცხოელი მხატვრები, გერმანელი, პოლონელი, რუსი, იტალიელი და ა.შ.  ზოგადად, 1910-იან წლებში ძალიან ბევრ  მნიშვნელოვან მოვლენას ჩაეყარა საფუძველი, რაც უკავშირდება ისეთი ადამიანების მოღვაწეობას, როგორც, მაგალითად, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძეა, რომელიც დაბრუნდა მიუნხენიდან თბილისში და 1916 წელს ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დააარსა. დიმიტრი შევარდნაძე საოცარი ორგანიზატორი იყო, ძალიან მიზანდასახული, გონიერი და განათლებული ადამიანი, რომელმაც გერმანიაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკული გამოყენება შეძლო და საფუძველი ჩაუყარა მთავარი სახელოვნებო ორგანიზაციების დაარსებას საქართველოში. როცა ვსაუბრობთ თბილისურ ავანგარდზე, ცხადია, უნდა ვახსენოთ თბილისში არსებული შემოქმედებითი ატმოსფერო, ლიტერატურული წრეები, სალონები და არტისტული კაფეები: „ფანტასტიკური დუქანი“, „ქიმერიონი“, „არგონავტების ნავი“, „ფარშევანგის კუდი“, „იმედი“, სადაც იკრიბებოდნენ პოეტები და მხატვრები, ხშირად მწვავედ კამათობდნენ თანადროული ხელოვნების მოწინავე მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით „ფუტურისტების სინდიკატის საღამოებზე“, ხოლო ამ კაფეებისა და სალონების კედლები გაფორმებული იყო ადგილობრივი და ჩამოსული მხატვრების ნამუშევრებით: კ. ზდანევიჩის,  ი. ზდანევიჩის, ს. სუდეიკინის, დ. კაკაბაძის, ს. ვალიშევსკის, ლ. გუდიაშვილის, ს. სორინის, ი. ნიკოლაძის, ა. პეტრაკოვსკის, მ. თოიძის, ი. დეგენის, ი. თოიძის.

ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა და ცარიზმის დამხობის შემდეგ, რუსეთის ყოფილი იმპერიიდან ჩამოვიდნენ და თბილისში დასახლდნენ პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები თუ მსახიობები. ეს პროცესი ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობამდე დაიწყო, რადგანაც აქ უკეთესი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია იყო და რაც მთავარია, მრავალფეროვანი და ცოცხალი  კულტურული გარემო. 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მოდერნიზმს რაიმე განსხვავებული მახასიათებლები აქვს? იკვეთება ეროვნული კულტურული ტრადიციების შტრიხები?

 

ბუნებრივია, აქვს და სწორედ ამიტომაც არის გამორჩეული. ამ საკითხზეც ძნელია მოკლედ საუბარი. მაგალითად, ქართველ მხატვრებს, პოეტებისგან განსხვავებით, არ შეუქმნიათ მხატვრული დაჯგუფებები, არამედ მათი შემოქმედება დამოუკიდებელი გზით ვითარდებოდა და ძალიან ინდივიდუალური იყო. ასევე საყურადღებოა, რომ ქართველ მხატვრებს გამოარჩევდათ ინტერესი საქართველოს უძველესი კულტურისადმი, რაც გამოიხატა შუა საუკუნეების კედლის მოხატულობათა კვლევაში, ასლების შესრულებაში. 

1916 წელს დაარსებული „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და გადარჩენა იყო, რადგანაც ახალი თაობის ქართველ ხელოვანთა აზრით, თანადროული ქართული ხელოვნება უნდა ყოფილიყო „თანამედროვე და ეროვნული“ და მათ უნდა გაებათ „უხილავი ძაფები საქართველოსა და ევროპას შუა“. (დ. არაყიშვილი, ჟურნ. „თეატრი და მუსიკა“, 1919, #1, 12.)

ვინ არიან მოდერნიზმის პერიოდის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და  რომელი მიმართულებები განვითარდა ყველაზე საინტერესოდ საქართველოში?

 

მე უკვე დავასახელე ძირითადი წარმომადგენლები, თუმცა ცხადია, კიდევ მრავალია და მათი შემოქმედებაც ჯერ კიდევ შესასწავლია სწორედ მოდერნისტული კონტექსტით. ასევე, მინდა აღვნიშნო მოდერნისტი ქალები. უფრო მეტად ცნობილი ელენე ახვლედიანისა და ქეთევან მაღალაშვილის გარდა, სწორედ მოდერნისტული ხელოვნების თვალსაზრისით საოცრად საინტერესოა ემა ლალაევა, ირინა შტენბერგი, კლარა კვესი  და სხვ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თემა კიდევ ბევრ მკვლევარს გაიტაცებს და დააინტერესებს.

 

იმ პერიოდის რა გავლენებს და კვალს ვხედავთ დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში?

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც XX საუკუნის პირველ ათწლეულებში შეიქმნა მოდერნისტული ხელოვნება, რომ აქ იყო ავანგარდის ერთ-ერთი ცენტრი, რომ ქართველი ხელოვანები თავად იყვნენ ევროპული ცენტრების მოწინავე პროცესების მონაწილენი. ვფიქრობ, თანამედროვე ქართველი არტისტებისთვისაც ეს არსებითი ფაქტორია, განსაკუთრებით საბჭოთა წარსულისა და მასთან დაკავშირებული მრავალწლიანი იზოლაციის გათვალისწინებით. 

მოკლედ ფესტივალის სხვა ღონისძიებების შესახებ:

შვეიცარიელი მაყურებელი ფესტივალის ფარგლებში  აკა მორჩილაძის გერმანულენოვანი გამოცემის, „maid in tiflis“ – ის  წიგნის  პრეზენტაციას დაესწრო. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუ წიგნის მთარგნელთან,  რახელ გრაცფელდთან

არქიტექტურის მიმართულებით, ციურიხის არქიტექტურის ცენტრში კონფერენცია გაიმართა პანელ დისკუსიებით, მოხსენებებით და ინსტალაციით . მონაწილეები საქართველოდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან იყვნენ, ღონისძიების კურატორი კი, ირინა ქურთიშვილი გახლდათ. 

კინოპოდიუმის ფარგლებში / Kino Filmpodium გაიმართა ქართველი რეჟისორი ქალების მხატვრული ფილმების რეტროსპექტივა. ღონისძიება გაიხსნა პანელ-დისკუსიებით მოწვეულ რეჟისორებთან ერთად:

ნანა ჯორჯაძე – „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და “ატლანტი” ; ლანა ღოღობერიძე –  “ოქროს ძაფი”, “ვალსი პეჩორაზე” და “რამოდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”;  ნანა ექვთიმიშვილი – “გრძელი ნათელი დღეები” ; ნუცა ალექსი-მესხიშვილი  – “კრედიტის ლიმიტი” ; რუსუდან გლურჯიძე – “სხვისი სახლი”;  მარიამ ხაჭვანი – “დედე”;  დეა კულუმბეგაშვილი – “დასაწყისი” ; თინათინ ყაჯრიშვილი – “ჰორიზონტი”; ანა ურუშაძე – “საშიში დედა”.

ფესტივალი ელექტრონული ლაივ პერფორმანსით დაიხურა, ალექსანდრე კორძაიამ სპეციალურად “ხიდი: ციურიხი-თბილისი” –  სთვის დაწერილი თავბრუდამხვევი კომპოზიციები შეასრულა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.