fbpx

დათო ბორჩხაძის “მეზობელი“ ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მოხვდა


გააზიარე სტატია

ქართული კინო სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე – ამის დასტურია კიდევ ერთი, 38 წლის ქართველი რეჟისორის, დათო ბორჩხაძის ახალი ნამუშევარი “მეზობელი“. 

 

სურათი ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კი Metro Production თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

 

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დათო ბორჩხაძის  ფილმი – Neighbour / მეზობელი –  ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2021 წლის მთავარ სელექციაში იასპარეზებს“.

 

 

აღსანიშნავია, რომ დათო პროფესიით რეკლამის რეჟისორია და „მეზობელი“ მის კარიერაში მეორე ფილმია, რომელზეც უმუშავია. პირველად მან 2010 წელს ფილმი “სეზონი“ გადაიღო.

 

“ვთვლი, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმით რეჟისორს კონკრეტული სათქმელის განსხვავებულ ფორმატში თქმა სურს. ფილმის გადაღება თავიდან ბოლომდე ჩემი იდეა იყო. ვინაიდან  “მეზობელი” საავტოროა, ჩემში მძაფრ ემოციებს აღძრავს და მისი წარმატებაც განსაკუთრებულად მახარებს. საერთაშორისო გამოხმაურებასაც მოუთმენლად ველი და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მაინტერესებს ქართველი მაყურებლის აზრი“, – ამბობს რეჟისორი AT.ge-სთან.

ბესოს და მისი ქალიშვილის მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად ირღვევა, როდესაც მეზობლის მუშები მათი საცხოვრებელი სახლის კედელს აზიანებენ – ფილმში ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი მოვლენები კი სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

 

ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის ფესტივალზე 1-3 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ბორჩხაძის ფილმი 2021 წლის st Andrews Film Festival მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც მოხვდა, რომელიც 22-28 ნოემბერს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.