fbpx

სიყვარული და საშიში ზამთარი – ინტერვიუ გურამ წიბახაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ფატლაძე

ანა: “მოვიდა 90-იანები, მართალია, ტკივილნარევი, მაგრამ ამის გარეშე ხომ იშვიათად იწყება რაიმე ახალი. ამ პერიოდის ფოტოებში აშკარად იგრძნობა გარდამავალი ხანა, პერიოდი, როგორ დაიმსხვრა ყველაფერი, როგორ ცდილობდნენ ადამიანები ამ ნამსხვრევებს გადარჩენოდნენ და ეძებდნენ ძალას, რომ სიცოცხლე და სიყვარული შეენარჩუნებინათ”. არის რამე ფოტო, რომელიც ამ მდგომარეობას გახსენებთ?

გურამი: ეს ფოტო ვორონცოვის ხიდზე გადავიღე, ეს ქალი რომ დავინახე, მისმა ხელებმა მიიპყრო ყურადღება, ერთ ხელში მცირედი საჭმელი ეჭირა და მეორით მოაჯირს ეყრდნობოდა და მივხვდი, როგორ უყვარს სიცოცხლე.

ა: რას ნიშნავს “სიყვარულის” განმარტების გვერდზე წითლად  დაწერილი ეს ფორმულა?  

ეს გერმანელი ფიზიკოსის, მაქს პლანკის ფორმულაა – მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფრის ორბუნებოვნებას გამოხატავს. ჩვენ იმდენად მკაცრი კატეგორიებით ვცხოვრობთ – ეს ასეა, ის ისე – გადაჭრით! არადა ყველაფერი ასე მარტივად და სწორხაზოვნად არ არის. სიყვარულის განმარტებას დავურთე როგორც მისი დიაპაზონის, ორბუნებოვნების და უკატეგორიობის აღსაწერად.

ა: როგორი ფორმა აქვს სიყვარულს?

გ: სიყვარული არ არის პრაგმატული, სიყვარული ტრანსცენდენტულია. არ აქვს ფიზიკური ფორმა. ის შენგან დამოუკიდებლად მოდის და შენგან დამოუკიდებლად არსებობს.  მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს, რადგან ამ დროს ხდები მზრუნველი, პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, სხვაზე და კოსმოსზე. კოსმოსი კი სწორედ ღმერთის შექმნილი წესრიგია, რომელზე ზრუნვაც შენ სიყვარულით გავსებს.  

ა: თქვენს ობიექტივში თითქოს ყველა მოხვდა – ანდერგრაუნდ კულტურის წევრები, თბილისის გარეუბნებში მცხოვრები ბავშვები, კაცები ლენინის, სტალინის და ვეფხისტყაოსნის ტატუებით, თითქოს ყველას, ყველაფერს ვხედავთ, გარდა თქვენი პირადი ოჯახური კადრებისა.

გ: მხოლოდ ერთი ფოტო მახსენდება – “ახალი დროება მოდის მერი, აი ნახავ”. ვიცი, რომ აქ თქვენი ცოლი გყავთ გადაღებული…

ახლობელი ადამიანის გადაღება რთულია, რადგან ამ დროს გაუცხოების შექმნა არის რთული. ზოგადად, გადაღებისას ეს გაუცხოება გჭირდება, უკან უნდა გაიწიო და ისე დაინახო ადამიანი, მერე ფოტო და მერე კი მისი მნიშვნელობა. ოჯახის წევრთან ეს თითქოს შეუძლებელია, რახან შენი ნაწილია, რომლისაგანაც დისტანცირებას ვერ ახერხებ. ყოფილა მომენტი, როცა ჩემი თავის გამოსახატად დამჭირვებია ფოტოები, მაგალითად, ბავშვობის, რომელიც არ მქონდა, მაგრამ მქონდა ჩემი შვილების, რომლებიც, როგორც ამბობენ, მგვანან კიდევაც და ასე დავიწყე მათი ფოტოების გამოყენება – ჩემი შვილები, როგორც ჩემი თავი, ჩემი გაგრძელება.

ფოტო “ახალი დროება მოდის” ჩემი ულისესის სერიის ნაწილია. ეს ტექსტი კი ნუგეშის, გამხნევების სიტყვებია, სიტყვები, რომლითაც სიმტკიცე უნდა შემატო. ეს სიმტკიცე და გამხნევება კი პირველ რიგში შენი საყვარელი ადამიანისთვის გინდა. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ჩემი ცოლი – ის, ვინც ყველაზე ახლობელია, და ვისთვის უნდა მეთქვა ეს სიტყვები თუ არა მისთვის? ასე აღმოჩნდა მანანა ამ ფოტოზე.

ა: 90-იანებში იყო გამოფენა “ზამთარი გადასატანია”, 2019-ში კი გამოფენა “ზამთარი გადატანილია” უკვე რეტროსპექტივაში დანახული “ტყუილი ქვეყნის დაშლის” და მის შემდეგ გაჩენილი მტკივნეული, მაგრამ ახალი გზები. ზამთარი გადატანილია, მაგრამ ის როგორც ბუნებაში, ისე სიცოცხლეში ციკლურია,
მისი წასვლაც და მოსვლაც – თითქოს გარდაუვალი. ამ ორ გამოფენას და ორ სხვადასხვა ცხოვრების შუალედში რა დაინახეთ, როგორ უნდა გადაიტანო ზამთარი?

ლაშა ბაქრაძემ მაშინვე მითხრა, შენ კი იძახი, რომ ზამთარი გადატანილია, მაგრამ სხვა ზამთარიც მოვაო, მახსოვს, ძალიან შემეშინდა, მაგრამ მართალი იყო – ზამთარს რა გამოლევს. საშიში ზამთარიც შეიძლება მოვიდეს. ერთადერთი გამოსავალი ამის გადატანის არის სიყვარული. სხვა არაფერი არ შველის – არც ნაყიდი გაზი, არც მოჭრილი ხე.

სიყვარული არის ერთადერთი, რაც ადამიანს ახსენებს ან აახლოებს აზრთან, რომ მას გააჩნია პასუხისმგებლობა და ცხოვრება იმისთვის კი არ არის, რომ მოვიდეს, 80 წელი იცოცხლოს და წავიდეს – იმისთვის არის, რომ ამ დროს იზრუნოს, იფიქროს, რაღაცაზე და ვიღაცაზე პასუხისმგებლობა აიღოს. მეორე ადამიანის სიყვარულიც საიდუმლოა, არავინ შენ არ გეკითხება, ეს ისე მოდის – და ერთადერთია, რის გამოც შენ ხდები ფრთხილი, რის გამოც შენ სინამდვილეში იწყებ დაფიქრებას.

ცოტა სიყვარული რომ გვაქვს, მაგიტომ არ ვფრთხილობთ, მაგიტომ ვაფუჭებთ ამდენს. რომ დაფიქრდე – ხომ გეუბნებიან, დღეს რომ ამას მიწიდან იღებ და გლეჯ, ხვალ ის აღარ იქნება – იცი და მაინც აკეთებ, მაინც გლეჯ… იმიტომ, რომ იმდენი სიყვარული აქ გაქვს, ხვალინდელზე იფიქრო, ხვალინდელ ადამიანზე იფიქრო. პრაგმატულად თუ არ შევხედავთ და სიყვარულით შევხედავთ, ასე გადავიტანთ ნებისმიერ ზამთარს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.