fbpx

კვირის თეატრალური აფიშა – ნოემბერი, 2021


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

პანდემიის დაწყებისას თეატრი იმ ერთ-ერთ პირველ დაწესებულებებში იყო, რომელიც თავიდანვე დაიხურა. დაიხურა და დიდხანსაც ვეღარ გაიხსნა. მიუხედავად ამისა, უამრავმა დასმა არ გააჩერა რეპეტიციები, რეგულაციების დაცვით მაინც მუშაობდნენ და ემზადებოდნენ იმ დროისთვის, როდესაც თეატრის და დარბაზის კარი მაყურებლისთვის გაიღებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ შემსუბუქებული რეგულაციების ფარგლებში სპექტაკლების გამართვა დასაშვები გახდა, თეატრებს, ფესტივალებსა თუ თეატრალურ კომპანიებს ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა. თუმცა ბევრმა თეატრმა რამდენიმე პრემიერა შესთავაზა მაყურებელს, ბევრმა ძველი სპექტაკლი შეინარჩუნა რეპერტუარში და რაც ყველაზე სასიხარულოა, შემოდგომის თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პანდემიის მიუხედავად მაინც გაიმართება.

ვინაიდან თეატრში წარმოდგენები რეგულაციების სრული დაცვით იმართება და სრულად აცრილი ადამიანებისთვის სპექტაკლზე დასწრება მინიმალურ საფრთხეს წარმოადგენს, გთავაზობთ თბილისის თეატრალურ აფიშას.

 

 

6 და 7 ნოემბერს მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი “პელიკანი” 19:00-ზე გაიმართება  “თეატრი ათონელზე”. რეჟისორი დასთან ერთად სპექტაკლზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, პანდემიის გამო პრემიერის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი 2021 წლის გაზაფხულზე შედგა. 

რა ხდება, როცა მამა კვდება, ერთმანეთზე გადამტერებული ოჯახის წევრები კი ისევ ერთ სახლში იკრიბებიან, სადაც წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდვებს სამუდამოდ უნდა აეხადოს ფარდა. დედას შვილებისგან დიდი ხნის დაგროვილი და პასუხგაუცემელი კითხვები ელის, გვერდით ოთახში კი მამის ცხედარი ასვენია. ავგუსტ სტრინდბერგი ამ პიესაშიც იკვლევს მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას – ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს.

შვედმა დრამატურგმა პიესის მთავარი გმირის, ელზას ალეგორიულ სახედ ფრინველი პელიკანი აირჩია. პელიკანი ადრეულ ქრისტიანობაში მზრუნველი და თავგანწირული მშობლის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ფრინველად, რომელიც შვილებს გულიდან საკუთარ სისხლს ასმევს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, სანდრო სამხარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიგა დათიაშვილი და ლილი მაისურაძე.

ავგუსტ სტრინდბერგის პიესის ქართული თარგმანი დავით გაბუნიას ეკუთვნის, კომპოზიტორი ერეკლე გეწაძეა, მხატვარი კი  თინათინ კვინიკაძე.

 

 

6 და 8 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლის პრემიერა უჩვეულო სივრცეში – დინამო არენაზე გაიმართება.  

კერილ ჩერჩილის 1980-იანი წლების პიესა “ყველაზე მაგარი გოგოები” პირველად დაიდგა საქართველოში. პიესის მთავარი გმირი მარლინია, წარმატებული კარიერისტი ქალი, რომელმაც სულ ახლახან ბრძოლით მიაღწია მწვერვალს პროფესიაში. წარმატების აღსანიშნავად მარლინი ვახშამზე არა მეგობრებს, ნათესავებს ან თანამშრომლებს, არამედ სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ გმირებსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟ ქალებს ეპატიჟება. სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, თავიანთ პირად ისტორიებს ჰყვებიან და აანალიზებენ იმას, თუ რას ნიშნავს მათ, ერთმანეთისგან განსხვავებულ დროში ქალად ყოფნა. 

სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი გურამ მაცხონაშვილია, მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი. 

სპექტაკლის პროდიუსერი ანრი კილაძეა, კომპოზიტორი – ანუშკა ჩხეიძე, მოძრაობის რეჟისორი – ლანა ყავრელიშვილი, მთარგმნელი – ნინა სურამელაშვილი,  არფისტი – ქეთანა სტურუა, ფოტოგრაფი – ნატა სოფრომაძე, ვიდეოგრაფი – ანანო გაბიცინაშვილი, ტექნიკური მენეჯერი კი  ანი ჯაფარიძე. 

გაითვალისწინეთ, მაყურებლის ასაკი შეზღუდულია, სპექტაკლზე დასწრება მხოლოდ 16 წელზე უფროს პირებს შეუძლიათ.

 

 

რამდენიმე კვირის წინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ბერძნული ტრაგედია, სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” დადგა. რადგანაც ამ სპექტაკლზე ბილეთები მალევე იყიდება, წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი – კვირის განმავლობაში სპექტაკლის ნახვა 7 ნოემბერს, 19:00 საათზე შეგიძლიათ. ანტიკური პიესის თანამედროვე ვერსიაში ოიდიპოსს მსახიობი კახა კინწურაშვილი თამაშობს, ხოლო იოკასტეს როლს ნინო კასრაძე ასრულებს. სპექტაკლს 18 წლამდე მაყურებელი ვერ დაესწრება.

 

 

ჰენრიკ იბსენის პიესის, “მოჩვენებების” მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართება 10 ნოემბერს თავისუფალ თეატრში. 

სპექტაკლის რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი, მონაწილეობენ: ანი იმნაძე, გივიკო ბარათაშვილი, აჩიკო ბარათაშვილი, სლავა ნათენაძე და  ვიქტორია ბოკერია. სპექტაკლის სცენოგრაფი ანდრია ვაჭრიძეა, კოსტიუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზი, კომპოზიტორი კი  ვახტანგ გვახარია.

 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბერს გაიხსნება. ფესტივალის გუნდს რეგულაციებისა და კოვიდ სტატისტიკის ზრდის პირობებში მუდმივად უწევდა პროგრამისა და თარიღების შეცვლა, შეთანხმებული სპექტაკლების გაუქმება და შემდეგ ახალი პროგრამის შედგენა. ამ სირთულეების და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით,  მე-13 ფესტივალი შეცვლილი და შემცირებული პროგრამით ჩატარდება, მაგრამ ნამდვილად შთამბეჭდავი “მოს კონცერტით” გაიხსნება. წარმოდგენის რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი და ქორეოგრაფი “მაისის ხოჭოს კომპანიის” დამფუძნებელი ჯეიმს ტიერეა.  

 

 

“მოს კონცერტი” ჯეიმს ტიერემ 2021 წელს დადგა. ავტორისთვის მო თავის ალტერ ეგოა. წარმოდგენაში ცეკვა-ცეკვით, მაგრამ უხმაუროდ გროვდება მაყურებლისთვის მოსაყოლი ამბები, რომელთაც მო თავისი ზმანებებიდან დირიჟორობს. ტიერი ქმნის თვალისმომჭრელ სცენურ ფანტაზიას, რომელიც ახერხებს და აჯადოებს დღევანდელ სამყაროს.

ჯეიმს ტიერე მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების ოჯახიდანაა – ის ჩარლი ჩაპლინის და ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას შვილიშვილია. ჯეიმსი  4 წლიდან მშობლების ცირკთან ერთად მოგზაურობდა.  ამ პერიოდში მან შეისწავლა აკრობატიკა, გახდა მუსიკოსი, შემდეგ მსახიობის ხელოვნებას ეუფლებოდა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, ბოლოს კინოშიც იმუშავა, 1999 წელს კი ტიერემ La Compagnie du Hanneton (მაისის ხოჭოს კომპანია) დააარსა. ტიერე  თავის კომპანიაში თავად ქმნის წარმოდგენებს და თავადვე ასრულებს როლებს საკუთარ ნამუშევრებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.