fbpx

Message Request: ეზოში ავი ხალხია – ნინო დარასელი


გააზიარე სტატია

 

ნინო დარასელი
AT.ge-ს დამფუძნებელი

 

დღეს მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, რუსთავის ციხესთან მორიგი საინფორმაციო მიტინგი გაიმართა. სიტყვით გამოსვლა მთხოვეს, message request-ებში რამდენიმე ჟურნალისტის მოწერილიც დამხვდა, ეთერში მპატიჟებდნენ ამ თემაზე სასაუბროდ. 

ტელეფონი არ ავიღე, მესიჯები არ ვნახე, თვალი ავარიდე, თავიც მოვიტყუე, არ წამიკითხავს და არ მინახია-თქო. როცა დამირეკეს, ერთგან ეთერში ყოფნა მოვიმიზეზე, მეორესთან შეუძლოდ ყოფნა, მესამე კორონას ტესტზე პასუხის მოლოდინით შევაშინე. რატომ? იმიტომ, რომ მეშინია,.. ვისი? ვისი და არმიაა მათი სახელი. 

მეშინია ადამიანების არაადამიანური სურვილებით. 

მეშინია იმ ადამიანების, მათ ამ ეტაპის აზრებს რომ ვერ ვემთხვევი და ამიტომ პირდაპირ მტრის ბანაკში გამისამართებენ.

იმ ადამიანებად წოდებულების,  სოციალურ ქსელში პოსტიდან პოსტზე, ვიდეოდან ვიდეოზე რომ დაქრიან და სასტიკ კომენტარებს წერენ. 

ტროლების, რომლების სახეს არ აჩენენ, მაგრამ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სახედაკარგულები არიან.  

ღვთისმშობლის ავატარიანი ბოტების, რომლებიც დამსაქმებელთა საამებლად, სხვადასხვა  ექაუნთებიდან, ერთნაირ ლანძვის კორიანტელს უშვებენ. 

მიშაზე განაწყენებულების, რომლებიც თავის დროზე ძალიან სამართლიანად გაბრაზდნენ, მაგრამ რაზეც გაბრაზდნენ, ახლა თავად იგივე გასაბრაზებელს ემხრობიან. 

იმ ახალგაზრდების, ვინც თავად არაფერი იცის, მაგრამ მშობლების ბრაზი გადმოსდებიათ და ისე მოგახლიან რაღაცას ახალგაზრდული რადიკალიზმით, ერთი წამით არ დაფიქრდებიან, რომ სიტყვით განადგურებენ. 

ახლობელი ადამიანების შემეშინდა, რომლებმაც ჩემი-შენის გარჩევა დაივიწყეს და ისე მოგაყენებენ შეურაცხყოფას, არ დაფიქრდებიან, რომ გუშინ ნახეთ და ხვალაც სადღაც ერთად უნდა წასულიყავით. 

ნაცნობების, რომლებიც ისეთ რამეს მოგწერენ, უცნობი გეგონება, გადაამოწმებ, არადა ეგაა. ხვალ გამარჯობის თქმას მოერიდები, მეორე ქუჩაზე გადახვალ. 

უცნობების, უსახოების, რომლებიც რატომღაც ორმაგი და გაუგებარი სახელებით –  “გაუქმებულია გაუქმებულია”, ”fkf okla”, ”ნანა ნანუკა” –  უაპელაციოდ, პირდაპირ დედას შეგაგინებენ და მერე არ იცი რა რეაქცია გექნება შენ კი არა, ექნება ამაზე შენს შვილს, რომელიც ასევე ახალგაზრდაა და არც ის მოერიდება ბილწსიტყვაობას, თუ მეტს არა. 

შემეშინდა შარის. 

 შემეშინდა იმ ხალხის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ გირგვლიანის დედასთან ერთად მიტინგზე დგომისთვის გლანძღავდა და დღეს მაჩალიკაშვილის მამის მხარდაჭერას გიწუნებს. 

იმ მედროვეების, ანაბეჭდის საპროტესტო ნომერს რომ გიწუნებდა, უცნობის საკანში სტუმრობისთვის გაქილიკებდა და დღეს  სამთავრობო შტაბებიდან ფოტოებს დებს.

 


შემეშინდა იმ ხალხის, წინა მთავრობის სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან, ან მათ ცოლებთან, ძღვენებით რომ დადიოდნენ და 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ამ მთავრობის ამალაში პირველ რიგებში ცდილობენ ადგილის დაკავებას. 

მეშინია, თავად რომ უნდათ წინა მთავრობასთან მეგობრობის დავიწყება და შენ  რომ ეზიზღებით, როგორც მოწმე. 

მედროვეების განსაკუთრებით მეშინია.  

მეშინია, იმ ხალხის, ვინც პირველი პრეზიდენტის სიყვარულს ტყუილად იბრალებს, მეორე პრეზიდენტის არდასჯა ვერ გაიგო, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს ხმამაღლა ნატრობს, მეოთხე პრეზიდენტს ქსოვაზე დასცინის და მეხუთეს მოხუც ბაბაიაგას უწოდებს. 

შემეშინდა იმ ხალხის, ვინც მათგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გიზიზღებენ. მე კი სიყვარულს ვარ მიჩვეული. 

შემეშინდა იმ ხალხის, ვისთვისაც თუ ქოცი არ ხარ, ნაცი  ხარ, ან პირიქით. ვერ ხვდება, რომ აუცილებელი არაა პარტიული კუთვნილება. 

შემეშინდა მათი, ვინც ყველაფერს მხოლოდ თეთრად და შავად ხედავს. 

მეშინია იმ ხალხის ვინც ვერ ხვდება რატომ მახსოვს 7 ნოემბერიც და 20 ივნისიც.

მეშინია იმ ხალხის, ვინც პანდემიას მხოლოდ საპირისპირო ბანაკის მიტინგში ხედავს. 

მეშინია იმ ხალხის კომენტარების, ვისთვისაც თუ პარტია უბრძანებს, ლექსო ლაშქარავას ფონიჭალის კადრებს დადებს და 9 წლის კი წინ “რეალ-ტივის” ალისტრახოს ვიდეოებს აზიარებდა. 

მეშინია, ვინმეს მახსოვრობაში ვინმესისტად არ ჩავიბეჭდო. 

მეშინია კონფორმისტების, რომლებსაც შენი ყველა პატარა პროტესტი ნერვებს უშლის და პირადი კეთილდღეობის მთავარი ხელისშემშლელი ჰგონიხარ. 

შემეშინდა ოჯახის შეურაცხყოფის, რომელმაც ბოლო წლებში ისედაც ბევრი იწვნია. 

მაგრამ ყველაზე მეტად იმისი მეშინია, ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და კიდევ ჩამოუთვლელს არ დავემსგავსო. გაბრაზებული, მეც ისე არ დავიკარგო ამ ყველაფერში, თავი ვეღარ ვიპოვო. ზიზღმა არ მაჯობოს. 

მაგრამ ალბათ იმათაც ეშინიათ. მეც ხომ რაღაცა მხრიდან საშიში ვარ. 

შემეშინდა, ჩემს თავს არ დავემსგავსო, 30 წლის წინანდელს, ისეთს, როგორიც ზვიადის პერიოდში ვიყავი. აბსოლუტურად გულგრილი. ეგოისტი და ახალგაზრდულად სასტიკი. 

ჩემივე რამდენიმე წლის წინ დაწერილი გამახსენდა და პატარა ამონარიდს აქვე ჩავწერ: 

“არ მომწონდა ზვიადი, არ იყო მოდაში და საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემთვის დღემდე აბსოლუტურად უცნობ ვალერიან ადვაძეს მივეცი ხმა. არადა პირველად მაშინ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა. მართლა არ ვიცი ვინ იყო, საიდან მოვიდა, ან მერე სად წავიდა ბატონი ვალერიანი. ფაქტია, ეგ და ლაშა ბუღაძის საყვარელი გივი გუმბარიძე საკმაოდ უამბიციო ხალხი აღმოჩნდნენ, აბა მას მერე აღარ გამოჩენილან, ნუთუ არაფერი ჰქონდათ სათქმელი, კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დასაბრუნებელი პირი მაინც?

ჰო, მოკლედ, 31-ში, საღამოს ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბეთ და ბნელში შევხვდით ახალ წელს. მეკვლედ ჩვენი საყვარელი მეზობელი, სულიკო ბებია შემოვიდა. ზუსტად 12 საათზე ავტომატების ჯერის მთელმა რიგმა გააყრუა სმენა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, თითო იარაღი ხომ თითქმის ყველა სახლში ინახებოდა. 12-ის მერე, ეტყობა, შეზარხოშებულზე, გვარდიელებმა, მხედრიონელებმა და მათმა სხვა ძმებმა  განსაკუთრებული სიმძაფრით დაიწყეს შეტევა პარლამენტის შენობაზე. 

ტრასირებული ტყვიების ფეიერვერკი ანათებდა სანაპიროს. შემტევთა რიგებში იყვნენ საზოგადოება “თბილისელის” წევრებიც, გაერთიანება “თეთრი არწივი”, საზოგადოება “პატრიოტი” (ვაკელების გაერთიანება, რომელიც რესტორან “მწვანე ველთან” იკრიბებოდა ხოლმე)… საზოგადო მოღვაწეები…

რა თქმა უნდა, არაფრის შემშინებია, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი იმიტომ, რომ დედაჩემი სალომესთან არ მიშვებდა, შორს კი არა, იქვე, ჩემს სახლთან ახლოს, ფიქრის გორაზე. იქ ბავშვები იყვნენ შეკრებილები ახალი წლის აღსანიშნავად. ყველა გაუშვეს და მე რა დავაშავე?!

რუსთაველზე ისროდნენ, პარლამენტის ეგრეთ წოდებულ ბუნკერში ჩაკეტილ ადამიანებს სიკვდილის ეშინოდათ, ტელევიზორში პრეზიდენტის მომხრეები მოწოდებებით გამოდიოდნენ, გურამ პეტრიაშვილი მოლანდებით ემუქრებოდა რეზო ამაშუკელს თუ  ჩარკვიანს, აღარ მახსოვს, ტელეფონი არ მუშაობდა, დენი არ იყო, მამაჩემის მეგობარი დაჭრეს… მაგრამ მერე რა. ახალი წელი იყო და გასართობად მინდოდა წასვლა. მწყინდა, რომ ასეთ გამოპრანჭულს და სახელდახელოდ მომზადებულს არ მიშვებდნენ იქვე, ფიქრის გორაზე. აუ, არადა რა კარგი იქნებოდა სალომესთან, თან ,,დვიჟოკი“ ჰქონდა, მგონი.

ინფორმაციას რუსთაველიდან ხან ტელევიზორიდან ვიგებდით, რომელსაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის მომხრეები აკონტროლებდნენ, ხან კი რადიოდან. ჰო, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, განსაკუთრებით რომ გამწვავდა სიტუაცია, თავის მომხრეებს დანებებისაკენ მოუწოდა. ჩვენო, ვარდები ვესროლოთო. ეს, რა თქმა უნდა, სისუსტედ ჩაეთვალა ზვიად გამსახურდიას. ჩვენები ესროდნენ, იმან კიდევ ყვავილებიო, რა უსუსურობა იყო, ღმერთო ჩემო.

 

 

6 იანვრის დილას  რადიოში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გია ჭანტურიასგან გავიგეთ, რომ ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა პარლამენტი დატოვეს, გაიქცნენ. ზუსტად არ მახსოვს ტექსტი, მაგრამ ემოცია კი არასდროს დამავიწყდება.  გავაძევეთ. ვინ მოვიდოდა, რა მოხდებოდა, რა მინდოდა, რას ველოდი, მაგაზე მაშინ არ მიფიქრია.

მმართველობაში სამხედრო საბჭო მოვიდა.

პარლამენტთან კარვები გაიშალა.

შუქი ისევ არ იყო, არც გათბობა.

საღამოს ვერაზე ეკლესიაში წავედით. ლურჯი მონასტერი იყო მაშინ მოდაში. ჰო, ეგ და ვერის სასაფლაოს ეკლესია. იქაც ულოცავდნენ  ერთმანეთს გამარჯვებას და, რა თქმა უნდა, შობას. მორწმუნეები და ღმერთის მოყვარულები წრეზე ლიტანიაზე დავდიოდით. ჩვენ, მორწმუნე თავსაფრიანები და გამარჯვებული ავტომატიანები“. 

 

ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ და რაც დრო გადის, უფრო მრცხვენია. მრცხვენია, რომ არ გავაპროტესტე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადაგდება. 

მრცხვენია, რომ დღემდე ვიცი დედაჩემის მეგობრებიდან ვინ ზვიადისტი იყო და ვინ – პირიქით. 

მრცხვენია, მეგობრების მშობლების გამო, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ერთმანეთი დაკარგეს. 

მრცხვენია, რომ ბევრი წლის მერე გავიგე გმირთა მოედანთან დახვრეტილი ადამიანების ამბავი. 

მრცხვენია, რომ ქალებს, რომლებმაც საპროტესტო კარვები გაშალეს პარლამენტის წინ, კარვის ქალებს ვეძახდი. 

და ძალიან მრცხვენია, რომ უფრო ადრე არ შემრცხვა. 

მას შემდეგ, რაც სახლში ძაღლი მყავს, მივხვდი, რომ სულ ტყუილად მეშინია ოთხფეხების. ორფეხები ბევრად უფრო საშიშები და სასტიკები აღმოჩნდნენ. ჰოდა დროა, შევცვალოთ წარწერა, ეზოში ავი ძაღლი კი არა, საქართველოში ავი ხალხია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.