fbpx

ოთხეული კვლავ დომინირებს – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე „ბობოლები“ ტრადიციულად დომინირებენ და შარშანდელთან შედარებით, წლეულს თითქოს მცირეა მაღალი იერარქიის წარმომადგენელი რომელიმე კლუბის ჯგუფში ჩარჩენის ალბათობა.

„ინტერს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამჯერადაც არ ეძლევათ მშვიდი ცხოვრების საშუალება, თუმცა მათი მდგომარეობა წინა ტურნირთან შედარებით გაუმჯობესებულია. ამ კლუბებთან ერთად მერვედფინალის გარეშე დარჩენის ბუნდოვანი „პერსპექტივა“ კი წლეულს „ბარსელონას“ და „დორტმუნდსაც“ ესახებათ. 

„აიაქსმა“ ხელმეორედაც ჰანდიკაპით დაამარცხა ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ უახლოესი მდევარი და საგრძნობლად გაურთულა მას მდგომარეობა, რადგან პარალელურ მატჩში „სპორტინგმა“ კიდევ ერთხელ გაანადგურა „ბეშიქთაში“. „დორტმუნდს“  შეხვედრის 29-ე წუთზე მსაჯმა მატს ჰუმელსი საეჭვო ვითარებაში გაუძევა. საინტერესოა, რომ მასპინძლები ამის შემდეგ დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ კიდეც. ძლევამოსილი გამარჯვების მომასწავებელი გოლები კი „აიაქსმა“ შეხვედრის ბოლო 20 წუთში გაიტანა. 

გოლები წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც მრავლად იყო. მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის გათამაშებაში „უნიონის“ შემდეგ ანგარიშით 5:2 უკვე „ბენფიკა“ დაამარცხა და მაყურებლებს მეკარის თავზე გადატარებულით დაწყებული, ქუსლით გატანილით დამთავრებული, მახვილგონივრული გოლების ფართო სპექტრი გადაუშალა.

უკმაყოფილო მხოლოდ მეკარე ნოიერი დარჩა, რომელსაც უკანასკნელ სამ შეხვედრაში ბურთი ფეხებს შორის ორჯერ გაუძვრა…

ლევანდოვსკიმ მორიგი იოლი გასეირნება „ჰეთ თრიკით“ აღნიშნა. პოლონელი თავდამსხმელი ოთხ შეხვედრაში რვა გოლით ტურნირის მთავარი გოლეადორია. შვიდი გოლი სებასტიენ ჰალერის ანგარიშზეა, რონალდუმ, სალაჰმა და ნკუნკუმ კი თავი 5-5- ჯერ გამოიჩინეს.

ბაიერნთან“ და „აიაქსთან“ ერთად, ქულათა მაქსიმუმით „იუვენტუსი“ და „ლივერპულიც“ დომინირებენ, რითაც ამ კლუბებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მომზადების ხარისხი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

„იუვენტუსი“ „ზენიტისგან“ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ საბოლოოდ მეტოქე გატეხა და ორბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 4:2 დაამარცხა. გუნდში ლიდერის პოზიციას დიბალა იბრუნებს, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.  

პარალელურ მატჩში „ჩელსიმ“ „მალმიო“ დაამარცხა, რის შემდეგაც ჯგუფში ყოველგვარი ინტრიგა მოისპო. პირველადგილოსნის ვინაობა კი სავარაუდოდ, „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ და „იუვენტუსს“ შორის მომდევნო ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში გაირკვევა.  

მდგომარეობა შედარებით დალაგდა „ბარსელონაში“, რომელმაც კიევში უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება შეძლო. „ბარსელონამ“ ანსუ ფატის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, მაგრამ დამაჯერებელს ამ გამარჯვებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან კიევის „დინამომ“ გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ამ მოგების შემდეგ „ბარსელონამ“ „ბენფიკას“ ორი ქულით გადაასწრო, მაგრამ მასთან პირველი მატჩი ანგარიშით 0:3 აქვს წაგებული. მეორეადგილოსნის ვინაობა სავარაუდოდ, სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა მომდევნო ტურში „კამპ ნოუზე“.

საკუთარ „ენფილდზე“ „ლივერპულმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ საკმაოდ მარტივად დაამარცხა, რადგან პირველი დაპირისპირების მსგავსად, მეტოქეს ორი გოლი შეხვედრის დებიუტშივე გაუტანა. განსხვავება ის იყო, რომ ესპანელებმა საპასუხოდ ვეღარაფერი მოახერხეს, თანაც ამჯერადაც კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ტაიმში სტუმრები თითქოს განადგურების საშიშროების წინაშე იყვნენ, მაგრამ ნაცვლად ამისა, „ლივერპულმა“ პრაგმატიზმი გამოიჩინა, თავი დიდად არ მოუკლავს და „ვესტ ჰემთან“ პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩისთვის ძალები შემოინახა.

 

„ლივერპულის“ მსგავსად იოლი გასეირნება ჰქონდა „მანჩესტერ სიტისაც“, რომელმაც შინ „ბრიუგე“ ანგარიშით 4:1 გაანადგურა. ბელგიის ჩემპიონმა წინააღმდეგობა მას მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში კი პეპ გვარდიოლას გუნდმა ქვა ქვაზე არ დატოვა მეტოქის კარის სიახლოვეს. ნიშანდობლივია, რომ თავი გამოიჩინა მასპინძელთა ოთხივე მრისხანე ფორვარდმა, პირველ ტაიმში ფოდენმა, ხოლო მეორეში კი მაჰრეზმა, სტერლინგმა და ჟეზუსმა.

ამ გამარჯვებით „მანჩესტერ სიტიმ“ სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა, რადგან პარალელურად „პარი სენ-ჟერმენი“ გასვლაზე ფრეს დასჯერდა მეტისმეტად მონდომებულ „ლაიპციგთან“ შეხვედრაში.

მასპინძლებმა თავიდანვე სასტიკად შეუტიეს პარიზულ კლუბს, რომელსაც თითქოს ეზარებოდა კიდეც შედარებით დაბალი დონის მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. განსაკუთრებით მოუსვენარი იყო ყოფილი პარიზელი ნკუნკუ, რომელმაც ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა. მალე მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, „პარი სენ-ჟერმენმა“ კი შეხვედრის მე-20 წუთზე თავისი პირველივე კონტრშეტევა გოლად აქცია. მრავალსვლიანი კომბინაცია ვაინალდუმმა დააგვირგვინა, რომელმაც მალევე დუბლი შეასრულა.

„ლაიპციგის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბოლომდე იბრძოლა, მატჩის მიწურულს კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი გამოსტყუა მსაჯს, ამჯერად გამოიყენა კიდეც და მოპოვებული ქულით ჯგუფში მე-3 ადგილის მოპოვების შანსიც შეინარჩუნა. 

პირველადგილოსნის ვინაობა კი „მანჩესტერ სიტის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო ტურის მატჩში გადაწყდება.

ინგლისური კლუბებიდან ტრადიციულად პრობლემური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მდგომარეობაა, რომელსაც მხსნელად კრიშტიანუ რონალდუ მოევლინა, თორემ მის გარეშე ოლე გუნარ სულშერის გუნდს ჯგუფში ჩარჩენა ალბათ წლეულსაც არ ასცდებოდა.

„ატალანტასთან“ შეხვედრაში რონალდუმ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. პირველი გოლი მან პირველი ტაიმის, ხოლო მეორე კი მატჩის დამატებულ წუთებზე გაიტანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი პორტუგალიელის მეორე გოლი იყო, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია შეუნარჩუნა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინგლისური კლუბი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდებოდა.

რონალდუ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტუიციით დაუხვდა გრინვუდის გადაცემას და მოწინააღმდეგის მცველების გარემოცვაში საჯარიმო მოედნის წინა ხაზიდან ერთი შეხებით, აუღებელი დარტყმით გადაგზავნა იგი მეკარისგან შორეულ კუთხეში.

რონალდუს მიერ ტურნირზე გატანილი ხუთი გოლიდან ოთხი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ გადამწყვეტი აღმოჩნდა, მათგან სამი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეა გატანილი…

ჯგუფში რთული ვითარებაა, რადგან მერვედფინალში გასვლის პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება „ვილიარეალის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომდევნო ტურის დაპირისპირება იმის გათვალისწინებითაც, რომ პრემიერლიგის გათამაშებაში, მანჩესტერულ დერბიში ანგარიშით 0:2 წაგების შემდეგ, კვლავ გამოცოცხლდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“  ოლე გუნარ სულშერის გაშვების საკითხი.

უშუალო მეტოქის – „შერიფის“ ხელმეორედ დამარცხებით მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მილანის „ინტერმა“, მაგრამ მისი ბედ-იღბალი დიდწილად ისევ მადრიდის „რეალის“ სამომავლო განწყობაზე შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული, რადგან სულაც არაა გამორიცხული, რომ „სამეფო კლუბმა“ „შერიფთან“ მეორე შეხვედრაც წააგოს, ხოლო „ინტერი“ კი ტრადიციულად დაამარცხოს, რაც „შერიფის“ „შახტართან“ გამარჯვების შემთხვევაში იტალიურ კლუბს შარშანდლის მსგავსად, ამჯერადაც მერვედფინალის მიღმა დატოვებს…

ცალკე აღნიშვნის ღირსია G ჯგუფი, რომლიდანაც ოთხივე გუნდი ინარჩუნებს მომდევნო ეტაპზე მოხვედრის შანსს. თანაც აშკარაა, რომ მერვედფინალში ნებისმიერი მათგანი სასურველი მეტოქე იქნება გრანდებისთვის, რადგან „ზალცბურგი“, „ლილი“, „ვოლფსბურგი“ და „სევილია“ უფრო ევროპის ლიგის ფორმატს დაამშვენებდნენ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგისას.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.