fbpx

რესტორანი “დები” – ქუთაისის სავიზიტო ბარათი


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

ქუთაისში სტუმრობისას, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული რესტორანი “დები” უკვე ყველას გვახსენდება და ჩვენს გზამკვლევებში ვინიშნავთ. რესტორნის შექმნის ისტორიას, ბევრ საინტერესო დეტალს და რაც მთავარია, დებს , ჩვენს სტატიაში გაეცნობით.

“2013 წელს მეგობრებთან ერთად მოგვივიდა იდეა, ამ სფეროში სრულიად გამოუცდელებს, შეგვექმნა რესტორანი “პალატი” და შევძელით კიდეც, რაც შეეხება “დებს”, როცა “პალატი” დავტოვეთ, იდეა თავისთავად მოვიდა.”. – მარიკა თვარაძე 

მთელი რესტორნის კონცეფცია, დიზაინი სრულად დებმა შექმნეს. სახელიც შესაბამისი დაარქვეს, თან დები იშხნელების ქუჩიდან არიან და სიმბოლურიც იყო, რადგან მათ ბავშვობიდან ასე მოიხსენიებდნენ.

პირველი და – თაკო თვარაძე ხელოვნებათმცოდნე, დიზაინერია. 

მეორე დას, მარიკა თვარაძეს, აღმოსავლეთმცოდნეს,  არასდროს უმუშავია თავისი პროფესიით და გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში მუშაობით დააგროვა. ბოლო 9 წელი სარესტორნო ბიზნესითაა დაკავებული, ამჟამად “დების”  მთავარი მზარეულია და გვიყვება,  რომ ადამიანების სიყვარული მისი ხასიათის მთავარი თვისებაა, ამასთან ამბობს, რომ საქმის მიმართ სიყვარული და თავდადება აღმოჩნდა რესტორნის წარმატების მთავარი საიდუმლო. 

მესამე დის – სალომე თვარაძის პროფესია ბიზნესის მართვაა, ბევრი წელია კომპანია ევექსში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, ამჟამად ევექსის ჰოსპიტალში – კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში, პაციენტთა მომსახურების განყოფილების უფროსია.

მიუხედავად მათი განსხვავებული პროფესიებისა, დებს ერთნაირი გემოვნება აქვთ, რაც საბოლოოდ, მათ საერთო საქმიანობაში ჩანს.

პირველი “დები” თბილისში გახსნეს, ამაღლების ქუჩაზე – “მიზანი , დედაქალაქში ჩვენი ქალაქის, ქუთაისის, იმერული და ლეჩხუმური სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.”

მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი მალე დაიხურა, თბილისში ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. 

“მთელი ამ დროის განმავლობაში, ქუთაისიდან ვიღებდით უამრავ წერილს უცნობი ადამიანებისგანაც, რომ ძალიან დავაკლდით ჩვენს ქალაქს.” – მარიკა თვარაძე

ბევრი არ უფიქრიათ, ქალაქის ცენტრში, ისტორიულ შენობაში დაიწყეს ქუთაისის “დების” გაკეთება. შეაგროვეს ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი და დეკორაცია, წამოიღეს მათი წინაპრების შექმნილი ნივთები და ავეჯი ლეჩხუმიდან და შექმნეს ადგილი, რომელიც ახლობელი და ძვირფასი იქნებოდა პირველ რიგში თავად დებისთვის, რათა სტუმრებისთვის იგივე ემოცია გადაეცათ.

 

“ინტერესი, რაც ჩვენს ქალაქში გამოხატეს ამ ადგილის მიმართ, ჩვენთვის სასიხარულოა. სულ მალე ჩვენი რესტორანი  ქუთაისის სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა, ამის დასტურია უამრავი უცხოელი თუ ქართველი სტუმრის წერილი და შთაბეჭდილება.”

პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორც ბიზნესის უმრავლესობას, “დებსაც”  შეექმნა პრობლემები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებით მოუხდათ ძველი ადგილის დატოვება. 

პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორც ბიზნესის უმრავლესობას, “დებსაც”  შეექმნა პრობლემები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებით მოუხდათ ძველი ადგილის დატოვება. ამ დროს რესტორანს ფინანსური დახმარება დასჭირდა და “საქართველოს ბანკის” საშუალებით, რომლისთვისაც ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ყველაფრის თავიდან დაწყება შეძლო.

ალბათ, ბევრი ვერ შეძლებდა პანდემიის პროცესში, კიდევ ერთხელ თავიდან დაეწყო – ახალი იდეებით და განახლებული კონცეფციით ქუთაისის ულამაზეს შენობაში, ზაქარია ფალიაშვილის 33-ში, 2021 წლის 17 სექტემბერს ახალი “დები” გაიხსნა. 

მათ ორი სხვადასხვა ამბავი ერთ სივრცეში გააერთიანეს – პირველი “დების”  კონცეფცია თავისი ყველა ძვირფასი ნივთითა და დეკორაციით დარჩა, ხოლო მეორე  შედარებით განსხვავებული გამოვიდა. შეინარჩუნეს და ინტერიერს ძველი იერსახე დაუბრუნეს, რადგან შენობა კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შესული, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს  რესტორანსა და მის იდეას.

“დების წარმატების ფორმულა? ჩვენ ვართ სამი და – საკმაოდ  განსხვავებული ადამიანები, რომლებსაც ერთი საერთო ხედვა და მიდგომა გვაქვს, ამას ჩვენთან შემოსული სტუმარი ერთი შეხედვით გრძნობს. გულწრფელობა ურთიერთობებშიც, სინამდვილე ჩვენივე კერძების გემოებშიც, ესაა მთავარი ჩვენთვის. ძველის და ახლის შერწყმით,  ნოსტალგიური და სიახლის შეგრძნებით გვინდა დაგვტოვონ სტუმრებმა, რაც მგონი გამოგვდის.”

დები რესტორნის მფლობელებად თავს ვერ გრძნობენ, რადგან თითოეულ დეტალში ბოლომდე ჩართულები არიან – დალაგება, სტუმრების მიღება, მუსიკალური გაფორმება, კერძების მომზადება და სხვა. ეს მათთვის საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.

დები ფიქრობენ, რომ მარტო ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არა ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად დაუღალავად და უანგაროდ შრომობდნენ და დღემდე აგრძელებენ ამ საქმის კეთებას. ესენი არიან – მუსიკოსები, მზარეულები და მომსახურე პერსონალი. ეს ქმნის საუკეთესოს და მგონი, ჩვენც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ “დებს” ქუთაისში ჩასვლისთანავე!

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.