fbpx

თამთა მელაშვილის წიგნის მიხედვით ფილმს გადაიღებენ


გააზიარე სტატია

 

თამთა მელშვილის რომანის “შაშვი შაშვი მაყვალი” ეკრანიზაციამ, რომელსაც რეჟისორი ელენე ნავერიანი გადაიღებს, დაფინანსება მოიპოვა. ფილმზე მომუშავე შემოქმედებითმა გუნდმა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ შექმნილი ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ “შაშვი შაშვი მაყვალის” კინოპროექტი 520 კანდიდატიდან ათ საუკეთესოში მოხვდა.

დეტალის გასარკვევად  AT.ge თამთა მელაშვილს დაუკავშირდა.

 

“ამ ზაფხულს ელენე ნავერიანი დამიკავშირდა, რომელმაც ჩემი წიგნი წაიკითხა, მოეწონა და ფილმის გადაღების იდეა გაუჩნდა. ელენეს პირადად არ ვიცნობდი, თუმცა ვიცნობდი, როგორც რეჟისორს. მისი რამდენიმე ნამუშევარი მაქვს ნანახი და მგონია, რომ ის საუკეთესო რეჟისორი იყო, ვისაც ჩემი წიგნის მიხედვით ფილმის გადაღების უფლებას მივცემდი. შესაბამისად, მალევე დიდი სიხარულით დავთანხმდი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემი წიგნის მიხედვით ფილმს იღებენ, სცენარის შექმნაში არ ვმონაწილეობ. “გათვლაზეც” ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, მაგრამ დღემდე უარს ვამბობ. ჯერჯერობით არ მინდა, რომ ის ფილმად იქცეს. გამოვიდა, რომ ელენეს ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. 

“გათვლა” სპექტაკლად ბევრჯერ დაუდგამთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. მაგალითად, გურამ მაცხონაშვილმა დადგა და არც იქ ჩავრეულვარ – “ჩემი პოლიტიკა“ და დამოკიდებულება ასეთია: როდესაც წიგნი სხვა ცხოვრებას იწყებს, სრულიად სხვა ფორმით, იქ მე არ უნდა ჩავერიო. ასე ჩემთვისაც უფრო საინტერესოა – თუ როგორ გაუკეთებს სხვა ადამიანი ინტერპრეტაციას ჩემივე ტექსტს, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროცესად მიმაჩნია. 

ვთვლი, რომ წიგნი ჩემზე მიბმული არ უნდა იყოს და ის ყველას ეკუთვნის – მკითხველსაც და მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც სხვადასხვა ფორმით სურთ მისი ინტერპრეტაცია. საბოლოოდ რა გამოვა, მეც დიდი ინტერესით ველოდები“, – ამბობს თამთა AT.ge-სთან საუბრისას.

რეჟისორმა უკვე შეარჩია მთავარი როლის შემსრულებელი – ეთეროს როლს ბათუმის თეატრის მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს. პროექტი დაფინანსების მოპოვების ეტაპზეა.

“ძალიან კარგი გუნდია და სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან დაიწყებენ მუშაობას“.

თამთას წიგნი მარტოხელა ქალის, ეთეროს შესახებ გვიყვება, რომელიც პატარა ქალაქში, საკმაოდ ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. მოულოდნელად კი ის სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა და მისი ყოველდღიურობაც თავდაყირა დგება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარიც მზად არის, რომელზეც თავად რეჟისორმა ელენე ნავერიანმა ნიკოლოზ მდივანთან ერთად იმუშავა.  

#15 მელოდრამატული ინტერვიუ თამთა მელაშვილთან – გურამ მაცხონაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.