fbpx

ცნობილი წიგნების საუკეთესო კინოადაპტაციები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

წიგნი თუ ფილმი? როგორც ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა აღნიშნა: “ამ ორის შედარება ვაშლისა და ფორთოხლის შედარებას ჰგავს”. მიუხედავად ამისა, ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციების მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის, რადგან ხშირად რეჟისორის ხედვა ჩვენს წარმოსახვაში უკვე არსებულ სამყაროსა და საყვარელ გმირებს არ ემთხვევა. თუმცა, არსებობს მცირე გამონაკლისები, რომლებმაც წიგნის თავდადებული თაყვანისმცემლების გული მოიგეს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი კინოკლასიკადაც კი იქცა.

 

„ტრამვაი სახელად სურვილი“ (A Streetcar Named Desire) ტენესი უილიამსის ყველაზე ცნობილი პიესაა. მოქმედების ადგილი – ნიუ-ორლეანის ღარიბი გარეუბანი. სწორედ აქ მოიყვანს ტრამვაი (სიმბოლური სახელწოდებით „სურვილი“) იმედგაცრუებულ ბლანშ დიბუას, რომელიც ცდილობს დროებითი თავშესაფარი იპოვოს დასთან და სიძესთან. პიესა ერთ-ერთ საუკეთესო დრამატურგიულ ნამუშევრად არის მიჩნეული, რომელიც სამხრეთამერიკული კულტურის თანამედროვე სამყაროს სიმკაცრესა და ვულგარულობაში შთანთქმას ასახავს. 

1951 წელს წარმოშობით ბერძენი, კინოსა და თეატრის რეჟისორი ელია კაზანი იღებს ამავე სახელწოდების ფილმს, მარლონ ბრანდოსა და ვივიენ ლის მონაწილეობით. რეჟისორმა ვნების ინტენსივობა და მგზნებარე რეალიზმი იდეალურად გადმოიტანა ეკრანზე, რამაც ფილმს ოსკარის 4 ნომინაცია და 3 ჯილდო (სამსახიობო შესრულებაში) მოუტანა. კოვალსკის როლმა ბრანდოს ჯერ ბროდვეიზე, თეატრში და შემდეგ კინოში გაუხსნა გზა. „როდესაც ბრანდო მაისურში და ჯინსებში დავინახე, როგორც იქნა, სტენლი კოვალსკი ვიპოვე; თითქოს ის ჩემს წარმოსახვაში ამ შეხვედრამდეც არსებობდა“, – უთქვამს ტენესი უილიამსს.

თომას მანის ლიტერატურული შედევრი „სიკვდილი ვენეციაში“ (Death in Venice)  ადამიანის ცხოვრებაში ისეთ გარდამტეხ და საკვანძო თემებს მოიცავს, როგორიცაა სიკვდილი, სიყვარული და ხელოვნება. ნაწარმოების პროტაგონისტი წარმატებული მწერალი გუსტავ ფონ აშეინბახია, რომელიც სიცოცხლის მიწურულს ვენეციაში, ლიდოს კუნძულზე დასახლდება, სადაც მას მოზარდი ტაძიო შორიდან უყვარდება. ვენეციაში ქოლერას მოულოდნელად გავრცელებისას აშენბახიც დასნეულდება. ტაძიო ოჯახთან ერთად ქალაქიდან მიემგზავრება, აშენბახი კი მისი წასვლით ერთდროულად სიყვარულს და სიცოცხლეს ემშვიდობება. 

იტალიელი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის 1970 წლის ეკრანიზაციასა და მანის ნაწარმოებს შორის სხვაობა უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება (ვისკონტის გმირი კომპოზიტორია), თუმცა ეს სხვაობა ფილმის ძლიერ მხარედ შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც ვისკონტის ვერსიას განსხვავებულს და დამოუკიდებელს ხდის. „მწერლის გმირი ანტიკური მასალის სიუხვით ახვევს თავბრუს მკითხველს, ხოლო კომპოზიტორი – მალერის მეხუთე და მესამე სიმფონიით ატყვევებს მაყურებელს…“ – წერს ლევან ბერძენიშვილი. 

 

„ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც არ ეთქმის“. – ასე აღწერს ენტონი ბერჯესი „მექანიკური ფორთოხალის“ (A Clockwork Orange) მთავარ კონცეფციას. წიგნი 1962 წელს გამოიცა და ის მაშინდელი საბჭოთა იმპერიის გამოძახილია, რომელიც თავისუფალი ნებისა და სისტემური წყობის დაპირისპირების კვინტესენციაა. მთავარი პერსონაჟი ალექსი ანტიგმირია – ის იპარავს, აუპატიურებს და კლავს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს. თუმცა, მისი ძალადობრივი იმპულსების ჩახშობას არანაკლებ საშიში შედეგი აქვს, რადგან მას კაცობრიობის ფუნდამენტური ელემენტი – არჩევანის თავისუფლება წაართვეს. 

ლეგენდარული რეჟისორის, სტენლი კუბრიკის 1971 წლის ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია, ერთ-ერთ საუკეთესო ადაპტაციად და კინემატოგრაფიის გარდამტეხ ფილმად არის მიჩნეული. კუბრიკი თავისუფალი არჩევანისა და სახელმწიფო კონტროლის ღირებულებებსა და საშიშროებებზე აკეთებს აქცენტს და გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია როგორც თავისუფლების, ასევე წესრიგის ხარჯზე. 

ცნობილი წიგნების ადაპტაცია პოსტმოდერნისტულ სამყაროში აქტიურ ტენდენციად ჩამოყალიბდა, თუმცა ეს განსაზღვრება დიდი ხანია კლასიკურ ლიტერატურას გასცდა და დღეს უკვე ფენტეზის და კიდევ უამრავ სხვა ჟანრს აერთიანებს. ამასთან ერთად, კინოკლასიკამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ფენტეზი-ლიტერატურის განვითარებამ,  აღნიშნული ჟანრის ფილმებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. 

ამრიგად, ჰოლივუდის წამყვანმა სტუდიებმა საუკეთესო სცენარისტებით, რეჟისორებით და სამსახიობო გუნდით არა მხოლოდ ყველა დროის ყველაზე წარმატებული ორი კინო ფრენჩაიზი, არამედ ყველასთვის საყვარელი წიგნების სერიების პირდაპირი მნიშვნელობით ჯადოსნური ეკრანიზაციები შექმნეს, რომლებმაც მაყურებელი ისევე მიაჯაჭვა ეკრანს, როგორც ოდესღაც წიგნის გვერდებმა. 

 

მილენიალებს რომ ჰკითხოთ, რომელია მათი საყვარელი კინოადაპტაცია, უმეტესობა (ჩემი ჩათვლით) არც დაფიქრდება, ისე გიპასუხებთ:  რა თქმა უნდა, „ჰარი პოტერი (Harry Potter)! „ყველაზე გულის ამაჩუყებელი რამ, რაც ფანს ჩემთვის უთქვამს იყო: გმადლობთ, რომ ბავშვობა მაჩუქე“. –  განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოან როულინგმა. მწერალს 12-მა გამომცემლობამ უთხრა უარი, მათ ხომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ „ჰარი პოტერი“ ბრიტანული იდენტობის და კულტურის ნაწილად იქცეოდა. სამყაროში, სადაც კინოს განვითარებამ პიკს მიაღწია, ბავშვებმა ლიტერატურა დროებით გვერდით გადადეს, როულინგმა კი მათ ხელახლა ააღებინა წიგნი ხელში. 

როდესაც Warner Brothers-მა ეკრანიზაციაზე დაიწყო მუშაობა, მწერლის ერთადერთი მოთხოვნა ფილმის ბრიტანელი მსახიობებით დაკომპლექტება იყო და ასეც მოხდა. ფილმი ბრიტანული ტალანტის ნამდვილი ტრიუმფია (მეგი სმითი, ალან რიკმანი, გერი ოლდმენი, რეიფ ფაინზი, ჰელენა ბონემ კარტერი და ა.შ.), განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წელს ჯერ კიდევ უჩვეულო იყო თეატრისა და კინოს ვეტერანების ამგვარი ტიპის ფილმებში მონაწილეობა. ფილმმა „ოქროს პალმის რტო“ დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი ვარსკვლავებად აქცია.  2011 წელს ჰოგვარტსის ექსპრესით უკანასკნელად ვიმგზავრეთ

ბოლო ფილმის პრემიერა ლონდონში კოვენტ-გარდენზე შედგა, სადაც ფანებს კარვები ჰქონდათ გაშლილი და მთელი ღამე მოუთმენლად ელოდნენ მათ საყვარელ გმირებთან შეხვედრას წითელ ხალიჩაზე. უამრავი სიხარულისა და ცრემლის შემდეგ, ჯოან როულინმა ათასობით დამსწრეს და მილიონობით მაყურებელს გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა: „ისტორიები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს, სამუდამოდ ცხოვრობენ ჩვენში. ასე რომ, როდესაც თქვენ დაბრუნდებით წიგნის გვერდებზე ან დიდ ეკრანზე, ჰოგვარტსი ყოველთვის იქ იქნება, რომ დაგაბრუნოთ სახლში“.

ტოლკინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად და ფენტეზის „მამად“ არის მიჩნეული. ფენტეზის სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, „ბეჭდების მბრძანებელი“ (Lord of the Rings) არ არის საბავშვო წიგნი. „შუახმელეთი“ საკმაოდ დიდია და ისეთ კომპლექსურ თემებს ეხება, როგორიც არის: კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება, სიკვდილი და უკვდავება, ბედისწერა და თავისუფალი ნება და ძალაუფლების საფრთხე. იყო დრო, როდესაც ტოლკინის სამყაროს ტექნიკურად და შინაარსობრივად ეკრანზე გადმოტანა გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, „ჰარი პოტერის“ წარმატებამ ამის შესაძლებლობა გაზარდა. 

პიტერ ჯექსონი წიგნის მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყენებით, შესანიშნავი სამსახიობო გუნდით (იან მაკკელანი, ვიგო მორტენსენი, ელაიჯა ვუდი, კეიტ ბლანშეტი, ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი და ა.შ.) და ახალი ზელანდიის თვალწარმტაცი ადგილებით მწერლის მემკვიდრეობას ღირსეულად გაუძღვა. ტრილოგიის პირველი ნაწილის პრემიერა 2001 წელს, „ჰარი პოტერის“ გამოსვლის შემდეგ შედგა, რამაც ორი უდიდესი ფრენჩაიზის მოყვარულები ერთმანეთის კონკურენტებად აქცია. 

დღესაც ხშირად მოისმენთ შეკითხვას: ჰარი პოტერი თუ ბეჭდების მბრძანებელი? ფაქტი ერთია, პოპულარულ კულტურაში ცოტა რამეს ჰქონია „ჰარი პოტერის“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ მსგავსი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დასრულების შემდეგ დიდი ხანი გავიდა, წიგნის და ფილმის მოყვარულები, რომლებიც მათთან ერთად გაიზარდნენ, ყოველთვის ხელახლა უბრუნდებიან საყვარელ ფრენჩაიზს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.