fbpx

ისტორიული გამარჯვება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საქართველოს ნაკრებმა შვედეთის დამარცხებით მილიონობით გულშემატკივარი გაახარა. ამ გამარჯვებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აუცილებლად ერთა ლიგის ტურნირზე ჩვენი გუნდის ძლევამოსილი სტარტის და აქედან გამომდინარე, ახალი ეპოქის წინაპირობად უნდა იქცეს.

შეხვედრის მსგავსი სცენარით წარმართვას კი ალბათ მხოლოდ მისი შემოქმედი,  საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა საბჭო თუ ელოდა, რომელმაც შესაძლოა მეტოქის შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების გამო, სამი ცენტრალური მცველით თამაში გადაწყვიტა.

თავიდან ჩვენმა ფეხბურთელებმა შეუტიეს, რაც სტუმრებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ბოლო ტურში ესპანეთში გამგზავრებამდე, უპირველეს ყოვლისა სწორედ მათ სჭირდებოდათ სამი ქულა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად.

შეტევები საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან შვედ მცველებს თავიდანვე გაუჭირდათ კვარაცხელიას, ლობჟანიძის, აზაროვის თუ სხვათა ინდივიდუალური ქმედებების აღკვეთა. მასპინძლები მაღალი დონის შეთამაშებას ავლენდნენ, სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ერთმანეთს დროული გადაცემებითაც ამარაგებდნენ.

მაგრამ ასეთმა თამაშმა დიდხანს არ გასტანა, ევროპის საუკეთესო კლუბებში მოთამაშე ფიზიკურად ძლიერმა შვედებმა მალე ინიციატივა ხელთ იგდეს, ისარგებლეს საქართველოს ნაკრების დაცვით ხაზში დაშვებული შეცდომებით, ზედიზედ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს და რომ არა მეკარე ლორიას ფანტასტიკური თამაში, პირველ ტაიმში დაწინაურდებოდნენ კიდეც.

როგორც ჩანს, სწორედ პირველი ნახევრის შუაგულიდან მოყოლებული გამოიწრთო საქართველოს ნაკრები, რომელმაც შესვენებაზე კარგად შეაფასა მატჩის მეორე ნახევრის სავარაუდო სცენარი. 

შვედები აუცილებლად შეტევაში უნდა წასულიყვნენ, მასპინძლებს მათ უკანა ხაზზე წარმოქმნილი „ხვრელებით“ უნდა ესარგებლათ, ხვიჩა კვარაცხელიას კი „შეეჭამა“ მოწინააღმდეგე გაუთავებელი ინდივიდუალური გარღვევებით.

პირველი გოლი სტანდარტული სიტუაციის წინასწარ დამუშავებული სცენარის მიხედვით გავიდა. ოქრიაშვილმა მეტოქისათვის დამაბნეველი მიმართულებით ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმო მოედანში, ხოჭოლავამ თავით მეტოქის კარის სიახლოვეს დაუშვა იგი, აზაროვმა ზედიზედ ორჯერ დაარტყა, მცველებისგან ასხლეტილ ბურთს კი საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელია დახვდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ჭეშმარიტად გერმანული ყაიდის გოლი მატჩის 61-ე წუთზე გავიდა.

 

ხვიჩა კვარაცხელია დუბლთან ახლოს მატჩის 75-ე წუთზე იყო, როდესაც დავითაშვილისგან მიღებული გადაცემის შემდეგ თითქოს აუღებელი დარტყმა განახორციელა ოლსონის კარის მიმართულებით, მაგრამ შვედმა გოლკიპერმა დიდებულ ნახტომში ბურთი კუთხურზე გადაიტანა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კაშიას თავური დარტყმის შემდეგ სტუმართა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, გვილიამ კი მალევე საკუთარი ნახევრიდან მინდვრის შუაგულში თავით გადააწოდა ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩამ მეტოქის ოთხ მცველს და მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვის ბურჯ ლინდელოფს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ!

 

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ სამი საგოლე მომენტი სულ რაღაც ორიოდე წუთში შექმნა, შესარჩევი ციკლის ზოგიერთ მატჩში კი იგი მთელი 90 წუთის მანძილზე ვერ ახერხებდა მეტოქის კართან სიტუაციის გამწვავებას.

 

რამხელა მნიშვნელობა აქვს ხვიჩა კვარაცხელიასთვის შვედეთის ნაკრებთან შესრულებულ დუბლს, იქნებ ახლა მაინც დააღწიოს თავი ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა რუსეთის ჩემპიონატს. შვედებთან გამარჯვებას ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ენიჭება, რადგან გარდა იმისა, რომ ძლევამოსილი მეტოქის დამარცხებამ ქართველ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა შემატა, საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, თავისი პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო ბათუმის ახალ სტადიონზე, რაც მომავალში ამ დიდებულ არენაზე სერიოზული მეტოქეების ძლევის წინაპირობად უნდა იქცეს. 

 

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა უდიდესი სამსახური გაუწია ესპანელებს, რომლებიც შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მათთვის მოულოდნელად სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, რომ აწი შვედებთან და პირველ მატჩში ესპანელებთან გოლების ავტორი ხვიჩა კვარაცხელია წამყვანი ესპანური კლუბების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება.

 

შვედებისგან განსხვავებით, შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საკუთარ ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა იტალიის ნაკრებმა. ევროპის ჩემპიონები შვეიცარიელებისგან, მოლოდინისამებრ, მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. საკუთარი კედლები კი „სკუადრა აძურასთვის“ სულაც არ იძლეოდა მატჩის ფრედ დასრულების გარანტიას. 

 

ანგარიში მატჩის მე-11 წუთზე ვიდმერის უძლიერესი დარტყმის შედეგად სტუმრებმა გახსნეს, საპასუხო გოლი კი იტალიელებმა შვეიცარიელთა გოლკიპერ ზომერის შეცდომის წყალობით გაიტანეს. მიუხედავად ამისა, ზომერი მატჩის გმირად მაინც იქცა, რადგან იტალიის ნაკრების და „ჩელსის“ საშტატო პენალტისტმა –  ჟორჟინიომ მისი კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი, ხელმეორედაც ვერ გამოიყენა.

 

თუკი ამ გუნდების პირველ მატჩში ზომერმა ჟორჟინიოს პენალტი მოიგერია, ამჯერად იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა  ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. თანამედროვე  გადაღების საშუალებები მკაფიოდ აღწერენ ამა თუ იმ დრამატულ სიტუაციას. პენალტის შესრულებამდე წამით ადრე ჟორჟინიოს და ზომერის ურთიერთგამჭოლი მზერები კი ზუსტად მეკარე ზომერის მიერ მოგებული ფსიქოლოგიური ბრძოლის შედეგად აცდენილი თერთმეტმეტრიანის წინაპირობა იყო, რამაც „სკუადრა აძურა“ კინაღამ მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა, რადგან საპასუხო შეტევა შვეიცარიელებმა მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე კინაღამ გოლად აქციეს.

 

საბოლოოდ იტალიამ მისთვის სასურველი ქულა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა, სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მისმა უმთავრესმა მეტოქეებმა – ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებმა კი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს საკუთარი მეტოქეები – კოლუმბია და ურუგვაი.  

 

როგორც ბრაზილიელებს, ისე არგენტინელებს, დიდი ხანია მოპოვებული აქვთ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულები სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის ნებისმიერ მატჩს განსაკუთრებული ინტერესით ელიან, რადგან დანარჩენი სამი საგზურისთვის ბრძოლა, უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდება.

 

ურუგვაელები არგენტინელებთან შეხვედრაში პირველივე შეტევისას უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ამ მატჩის, როგორც გაირკვა,  ერთადერთი გოლი, სწორედ მათ კარში გავიდა მე-3 წუთზე. დიბალამ მოულოდნელად მარცხენა „ჩატოვებული“ ფეხით აართვა ბურთი გარღვევაზე წასულ მასპინძელთა მარცხენა მცველს, მარცხენათივე გადასცა იქვე მყოფ ანხელ დი მარიას და ამ უკანასკნელმაც მარცხენა ფეხით იუველირული სიზუსტის ტრაექტორიით ჩაახვია ბურთი ურუგვაელთა კარის ცხრიანში.

 

ურუგვაის ნაკრებს, რომელსაც არგენტინელთაგან განსხვავებით, ქულები ნამდვილად სჭირდება, მთელი მატჩის მანძილზე აურაცხელი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენა. სცოდავდა სუარესიც, რომელიც კავანის არყოფნაში შეტევაში ეულად გრძნობდა თავს.

 

ბრაზილიელებს კოლუმბიასთან მოგება არ გასჭირვებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს მცდელობა არ დაუკლიათ როგორც დაწინაურებისა, ისე საპასუხო გოლის გატანისა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა ერთადერთი გოლი კი მართლაც რომ უნიკალური გამოდგა, რადგან მას სულ სამი შეხება დასჭირდა. 

 

მარკინიოსმა ერთი შეხებით ბურთი გადაუგზავნა ნეიმარს, ნეიმარმა პაკეტას, ამ უკანასკნელმა კი კოლუმბიელთა კარის ბადეს. ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ მეკარე ოსპინამ არცთუ ისე „მკვდარ ბურთზე“ რეაგირება კი მოახდინა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

 

საგულისხმოა, რომ საგოლე კომბინაციაში მონაწილე სამივე ფეხბურთელი ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობს. მარკინიოსი და ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ წარმოადგენენ, ხოლო პაკეტა – „ლიონს“.

 

მიმდინარე კვირაში კი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში არგენტინის და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრა იქნება, რომელიც იმედია, ამ გუნდების პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, არ ჩაიშლება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.