კინოამბები: სალომე ჯაშის “მოთვინიერება“ ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტია
კინოამბები: სალომე ჯაშის “მოთვინიერება“ ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტია. 2021 წლის ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონია 11 დეკემბერს, ქალაქ ბერლინში გაიმართება ეს ევროპაში კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც კინომოყვარულები დიდი ინტერესით ელიან.
სულ ცოტა ხნის წინ 25 სხვადასხვა კატეგორიაში ცნობილი გახდა ნომინანტების ვინაობაც და საბედნიეროდ, მათ შორის ქართველი რეჟისორი სალომე ჯაშიც მოხვდა.
სალომე ჯაშის წარმატებული ნამუშევარი “მოთვინიერება“ უკვე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღების ცენტრში მოექცა და ახლა ამ პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლადაც იბრძოლებს.
AT.ge თავად რეჟისორს დაუკავშირდა და ამ მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ ესაუბრა:
“მიხარია, რომ ფილმი ნომინირებულია ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე, რადგან ეს არის ძალიან პრესტიჟული ნომინაცია. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა, რაც ამ ნამუშევარს აქამდე ჰქონია.
ფილმი დეკემბრის დასაწყისში გერმანიასა და შვეიცარიაში, ასევე იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში გამოვა. იმედი მაქვს, რომ “მოთვინიერებას“ ქართველი მაყურებელიც ნახავს საქართველოს კინოთეატრებში.
თბილისელი მაყურებლისთვის ფილმი ნაჩვენები იქნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ფილმს ახლა ვაჩვენებთ რეგიონებში – ბათუმში გვქონდა დღეს ბოლო ჩვენება, ხვალ ვაჩვენებთ ოზურგეთში, ზეგ – ზუგდიდში და ასევე დეკემბერში – ქუთაისსა და ამბროლაურში.
აი, ამ რეგიონულ ჩვენებებს, როგორც ვეძახით, ასევე მოჰყვება ხოლმე დისკუსია, გვყავს მოწვეული ადგილობრივი სპიკერები და ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან გარემოს დაცვის ან სხვა ნებისმიერ საკითხებში.
აქამდე ფილმი ნაჩვენები იყო დაახლოებით ასამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე და იმედია, სამომავლოდაც ბევრ ფესტივალზე უჩვენებენ.
ფილმი შვეიცარიულ-გერმანულ-ქართული კოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ევროპული პრემიერა კი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ფორუმის სექციაში გაიმართა. ფილმს ჯამში 15-მდე ჯილდო აქვს აღებული“, – ამბობს სალომე.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია ქართველმა მსახიობმა მერაბ ნინიძემაც, რომელსაც Asia Pacific Screen Awards-ზე ფილმში – “House Arrest“ შესრულებული მთავარი როლისთვის წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადასცეს.
ამავე ნომინაციაზე იყო წარდგენილი ლევან თედიაშვილიც – ფილმისთვის “მეოთხე ბრაიტონი“. ქართველმა რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო.