fbpx

ისტორია ერთ ფინჯანში – როგორ მოვიდა ყავა ჩვენამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

იქნებ B.C. (ქრისტეს შობამდე)  სინამდვილეში  Before Coffee-ს (ყავამდე) ნიშნავს?! 

ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელია, რა იყო ყავამდე. ამის წარმოდგენას არც ჩვენ ვეცდებით. თუმცა მოგიყვებით ფაქტებსა თუ ლეგენდებს მის აღმოჩენასა და  იმ გზაზე, რომელიც ჩვენს ფინჯნებში მოსახვედრად გაიარა.  

მოცეკვავე თხები

ყავის აღმოჩენის ყველაზე ცნობილი ლეგენდა მეცხრე საუკუნეში ეთიოპიაში იღებს სათავეს და ცნობილია სახელწოდებით მოცეკვავე თხები. ერთ დღეს ადგილობრივ მწყემს ბიჭს, სახელად ქალდის ველად სრულიად უჩვეულო სანახაობა დაუნახავს  –   მისი თხები ცეკვავდნენ (ნაკლებ თამამი წყაროები გვეუბნებიან, რომ უცნაურად აქტიურები იყვნენ). მხოლოდ ამის შემდეგ დააკვირდა მწყემსი, რომ ცხოველები პატარა ბუჩქის წითელ ნაყოფს მიირთმევდნენ. როგორც აღმოჩნდა, მას  გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდა – თხები ღამეც აღარ იძინებდნენ.  

 

მწყემსმა  უცხო მარცვლები მონასტერში ბერებს მიუტანა. თუმცა მათ ის უბრალოდ ცეცხლში მოისროლეს. მოულოდნელად ცეცხლიდან იმდენად მძაფრი სურნელი წამოსულა, რომ ბერებმა უკვე მოხალული მარცვლები უკან ამოიღეს, დაფქვეს და წყალში გახსნეს. ასე დაიბადა, ლეგენდის თანახმად, პირველი ფინჯანი ყავა, რომელსაც, თუ ამავე ლეგენდაში რაიმე სიმართლის მარცვალი მაინც დევს, არც მეტი, არც ნაკლები, ეთიოპიელ თხებსა და მათ მწყემსს უნდა ვუმადლოდეთ. 

სხვათა შორის, როგორც მოცეკვავე თხების, ასევე ქალდის სახელს დღეს მსოფლიო მასშტაბით არაერთი ყავის მწარმოებელი თუ მაღაზია იყენებს.  

 

აფრიკის გარეთ ყავის, როგორც სასმლის, პირველი აქტიური მომხმარებლები იემენში გაჩნდნენ, სადაც სასმელი პირდაპირ უკავშირდებოდა  მათ მისტიკურ რიტუალებს. მალე ყავა მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა. ამბობენ, რომ აქ მისი პოპულარობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმებს ალკოჰოლური სასმლის მირთმევა ეკრძალებოდათ. ყავის ენერგეტიკული თვისებები კი მათთვის ალკოჰოლის კარგი შემცვლელი აღმოჩნდა.

ყავა მალე გასცდა მხოლოდ სასმლის ცნებას. ის გახდა სოციალიზაციის საშუალება. ფინჯანი ყავის თანხლებით ინფორმაციების გაცვლის პრაქტიკის გამო კი  ყავის ბარებს სიბრძნის სკოლებს ეძახდნენ. 

 

სატანის სასმელი

ყავა ევროპაში XVI საუკუნეში გამოჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. თუმცა აღიარებამდე საკმაოდ რთული გზის გავლაც მოუხდა. რელიგიური წრეები ყავას სატანის ქმნილებას უწოდებდნენ. ვენეციაში სამღვდელოებამ მისი დალევაც კი აკრძალა. საჭირო გახდა თვით რომის პაპის ჩარევა. კიდევ ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ დავის გადასაჭრელად კლემენტ VIII-მ თავად გასინჯა ყავა.  და წარმოთქვა ლეგენდარული სიტყვები: „ეს სატანის სასმელი იმდენად გემრიელია, სამწუხარო იქნება, რომ მხოლოდ ურწმუნოებს ჰქონდეთ მისი მირთმევის საშუალება“

 

ლეგენდის თანახმად,  პაპმა შემდეგ  „მონათლა“ ყავის მარცვლები იმისთვის, რომ მათგან „სატანის ძალა“ განედევნა. ისტორია არ გვეუბნება, ეს იყო მეტაფორული ნათლობა, თუ პაპმა ნამდვილად შეასრულა ეგზორციზმის რიტუალი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთია – ყავა მთელ ევროპაში ელვის სისწრაფით გავრცელდა. 

 

„ყავა – ცივილიზებული სამყაროს საყვარელი სასმელი“ – თომას ჯეფერსონი

1600-იან წლებში ყავა ამერიკაში ჩავიდა. თუმცა მიუხედავად ყავის სახლების სიმრავლისა, ამერიკელები  მაინც ჩაის სმას ამჯობინებდნენ. ასე 1773 წლამდე გაგრძელდა, როცა კოლონისტები ბრიტანეთის მიერ დაკისრებული ჩაის გადასახადის წინააღმდეგ აჯანყდნენ და პროტესტის ნიშნად ჩაით სავსე ყუთები ზღვაში გადაყარეს.  აჯანყებამ, ცნობილმა როგორც „ბოსტონის ჩაის წვეულება“, სამუდამოდ შეცვალა ამერიკელების არჩევანი ყავის სასარგებლოდ. 

იტალია – ყავის სულიერი სამშობლო

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ყავა მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 700 წლის შემდეგ გამოჩნდა, მის სულიერ სამშობლოდ იტალია მიიჩნევა.  ბოლოს და ბოლოს სწორედ მან მისცა მსოფლიოს ყავის ღმერთად წოდებული  ესპრესო. 

 

რომში დღემდე ფუნქციონირებს ყველაზე ძველი ყავის ბარი „გრეკო“, სადაც სწორედ იტალიურ ყავაზე იკრიბებოდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ – ბაირონი, გოგოლი, სტენდალი. კაფეში დღემდე დგას დივანი, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენს ეკუთვნოდა, როდესაც ის „გრეკოს“ თავზე ცხოვრობდა. 

 

აი, ამდენ ისტორიას,  ნამდვილ ამბავსა თუ ლეგენდას, წინააღმდეგობასა და აღიარებას იტევს ის ერთი ფინჯანი ყავა, რომლის გარეშეც დღეს დილა უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია. ისევე როგორც ის, თუ რა იყო ყავამდე. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.