fbpx

შეადგინე ნოემბრის მენიუ ერთგულის რეცეპტებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

ნოემბერს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, როგორც წლის ბოლო გაპრანჭვას და ყველაზე ჭრელ, გემრიელ და მრავალფეროვან თვეს, რომელიც სავსეა ფერადი ფოთლებითა და ცვალებადი ამინდებით. ნოემბრის მოსვლასთან ერთად, იძულებულები ვხდებით ვაღიაროთ, რომ სიცივე უფრო მძაფრია, დღე – უფრო მოკლე, ცხელი სასმელები – უფრო სასიამოვნო, ჩამთბარ სახლში მომზადებული საჭმელები კი – ბევრად უფრო გემრიელი. 

მას შემდეგ, რაც პანდემიამ შემოგვიტია, საშინაო კულინარია იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საინტერესო რეცეპტებზე, მრავალფეროვან ინგრედიენტებსა და ხარისხიან პროდუქტებზე. მაშინ, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, ყველაზე საიმედო პარტნიორებად საყვარელი სასურსათო მაღაზიები გვეგულებოდა. 

სურსათის მომარაგებას, ახალ-ახალი კერძების აღმოჩენასა და შინ მომზადებას ალბათ, აღარასოდეს გადავეჩვევით. ამიტომ, ყველაზე სუსხიანი სეზონის დაწყებამდე კვების რაციონის გაფერადებაში დაგეხმარებით, ახალ იდეებს მოგაწვდით და შესაბამისი პროდუქტების შეძენასაც გაგიადვილებთ. თან იმასაც გაგიმხელთ, რომ თიბისის ერთგულს ნოემბერში განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს – თუ სასურველ ინგრედიენტებს „კარფურში“, „სმარტში“ ან „აგროჰაბში“ შეიძენთ  და თქვენს რჩეულ მარკეტში 350 ლარს დახარჯავთ, ერთგულ ბარათზე 50 ქულა, თიბისის ნებისმიერ სხვა ბარათზე კი – 20 ქულა დაგიბრუნდებათ.ამისათვის საკმარისია, შეხვიდეთ ertguli.ge-ზე და აირჩიოთ სასურველი პარტნიორი, შემდეგ კი ისარგებლოთ ნოემბრის შეთავაზებით. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1 ერთგული ქულა 1 ლარია!

 

დავიწყოთ საუზმით…

…რომელიც დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დროის მუდმივ დეფიციტს თუ გავითვალისწინებთ, საუზმე რაც შეიძლება სწრაფი, მარტივი და გემრიელი უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენი რეცეპტიც სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ხარისხიანი ინგრედიენტების შეძენას კი ერთგულის პარტნიორ ჰიპერმარკეტებში შეძლებთ.

 

ყიყლიყო ბეკონით

დაგჭირდებათ:

  • 2 ნაჭერი ტოსტის პური
  • 10 გრამი კარაქი
  • 1 ფირფიტა მდნარი ყველი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ნაჭერი ბეკონი
  • მარილი გემოვნებით

 

მოამზადეთ შემდეგნაირად:

ათქვიფეთ ერთი კვერცხი და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. პურის ერთ ნაჭერს შუაგული მრგვლად ამოაჭერით. ამოავლეთ კვერცხში ორივე ტოსტი და ტაფაზე ცალი მხრიდან შებრაწეთ. პარალელურად, წვრილად დაჭერით ბეკონი და მდნარ ყველთან ერთად პურის დაბრაწულ მხარეებს შორის მოათავსეთ ისე, რომ გულამოჭრილი ნაჭერი ზედა მხარეს მოექცეს. ამოჭრილ ნაწილში ჩაახალეთ მეორე კვერცხი და სენდვიჩი ძალიან ნელ ცეცხლზე, თავსახურიან ტაფაში მოათავსეთ. როგორც კი  კვერცხი თეთრ აპკს გაიკეთებს, ცეცხლი გამორთეთ და საუზმე გემრიელად, საყვარელ ნატურალურ წვენთან ერთად მიირთვით.

 

წაიხემსეთ…

…რადგან როგორც ამბობენ, თუ ხშირად და ცოტ-ცოტას ჭამ, შიმშილის გრძნობა არასოდეს გაწუხებს,  მუდმივად ენერგიულად ხარ  და საქმეც უკეთ გამოგდის. საუზმიდან სადილამდე „მოსასწრები“ ულუფა მარტივიც უნდა იყოს, მსუბუქიც და გემრიელიც. ამიტომ, შესვენების დრო ეფექტიანად რომ დახარჯოთ, გირჩევთ, თინუსის სალათა მოიმზადოთ, რაღა თქმა უნდა – „კარფურში“, „სმარტსა“ თუ „აგროჰაბში“ შეძენილი ხარისხიანი ინგრედიენტებით.

მწვანე სალათა თინუსით

დაგჭირდებათ:

  • 170 გრამი თინუსი საკუთარ წვენში ან ზეთში (სურვილისამებრ)
  • 3-4 ცალი დიდი ზომის სალათის ფურცელი
  • 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი
  • 240 გრამი ტკბილი სიმინდი
  • 170 გრამი უკურკო ზეთისხილი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი

 

მოამზადეთ შემდეგნაირად:

სალათის ფურცლები ზოლებად დაჭერით და სასალათე ჭურჭელში ან დიდ თეფშზე გაანაწილეთ. დაჭერით პომიდორი პატარ-პატარა ნაჭრებად და სალათის ფურცლებზე მოათავსეთ. ჯერ თინუსის, შემდეგ კი სიმინდისა და ზეთისხილის ქილებიდან სითხე გადაასხით, თინუსის რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ და თეფშზე ჯერ თევზი გადაიტანეთ, შემდეგ კი სიმინდი და ზეთისხილი მოაყარეთ. გემოვნებით მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი. შეგიძლიათ, ზემოდან ცოტა ბალზამიკოც დაუმატოთ.

 

თუ სალათას წვნიანი გირჩევნიათ…

…არჩევანი ამ შემთხვევაშიც დიდია. თუმცა, ძალიან ვეცადეთ და წვნიანიც ზუსტად ისეთი შეგირჩიეთ, როგორიც ერთგულის პარტნიორ მარკეტებში წარმოდგენილ პროდუქციას შეეფერება. ამ კერძის მომზადებას ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ თუ წინა დღეს ყველაფერზე იზრუნებთ, შესვენების დროსაც დაზოგავთ და ჯანსაღი, გემრიელი და საუცხოო ლანჩიც გარანტირებული გექნებათ.

ფინური წვნიანი ნაღებითა და ორაგულით

 

დაგჭირდებათ:

  • ორაგულის ფილე – 300 გრამი
  • ორაგულის თავი, კუდი და ხერხემალი – 300 გრამი
  • კარტოფილი – 3 ცალი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • ხახვი – 2 ცალი
  • ნაღები – 1 ჭიქა
  • მარილი & პილპილი

 

მოამზადეთ შემდეგნაირად:

პატარა ქვაბში ჩაყარეთ ორაგულის ნაჭრები (თავი, კუდი და ხერხემალი) და მოხარშეთ. მოქაფეთ ორჯერ ან სამჯერ და შემდეგ ბულიონი გადაწურეთ მეორე ქვაბში ისე, რომ თევზის ნაჭრები არ გადააყოლოთ.  ბულიონი დადგით საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ წინასწარ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ხახვი და სტაფილო. როგორც კი წვნიანი წამოდუღდება, ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი ორაგულის ფილე, სასურველი რაოდენობის მარილი და პილპილი, და ხარშეთ 20 წუთი. არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად მოქაფოთ. ბოლოს კი ნაღები დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ.  შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადადგით და 20 წუთი  გააჩერეთ. ორაგულის გემრიელი და ჯანსაღი წვნიანი მზად არის!

 

სადილის დროა…

…და რადგან ვიცით, რომ ღუმლის ანთება ხანგრძლივ პროცესს გულისხმობს, თქვენ კი მარტივ გამოსავალს ეძებთ, გირჩევთ, საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და, რაც მთავარია, სწრაფი პიცა შესთავაზოთ, რომელიც ცომის მოზელის გარეშე, სულ რაღაც 15 წუთში მზადდება და რომელიც ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, გემრიელიც არის, მსუყეც და ნოემბერივით  მრავალფეროვანიც. 

 

სწრაფი პიცა

დაგჭირდებათ:

  • პური – 200 გრამი
  • პომიდორი – 1 ცალი
  • ძეხვი, ბეკონი ან ფარშირებული ხორცი – 200 გრამი
  • ყველი – 120 გრამი
  • კვერცხი – 6 ცალი
  • მცენარეული ზეთი – 5 ს/კ
  • მარილი
  • წიწაკა
  • მწვანილი (სურვილისამებრ)

 

მოამზადეთ შემდეგნაირად

ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, პომიდორი კი – კუბებად. მსხვილ კუბებად დაჭერით პურის ნაჭრებიც, ამის შემდეგ კი ცალკე ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ და მარილით, წიწაკითა და მწვანილით შეაზავეთ. როცა ყველაფერი მზად იქნება, ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და როცა გაცხელდება, ხორცი ჩაყარეთ. შეწვით 3 წუთის განმავლობაში და შეურიეთ პურის კუბები. გააჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში, დაუწიეთ ცეცხლს და ჯერ  პომიდორი, შემდეგ კი  ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ. თავდახურული ტაფა ნელ ცეცხლზე დატოვეთ, პარალელურად კი გახეხეთ ყველი და 6-7 წუთის შემდეგ ზედაპირზე მოაყარეთ. გააჩერეთ კიდევ 2-3 წუთით. როცა დარწმუნდებით, რომ ყველი დადნა, კვერცხი კი საკმარისად შემწვარია, პიცა სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით და გემრიელად მიირთვით! რასაკვირველია, შეგიძლიათ ერთგულის პარტნიორებთან შეძენილი სოკო, ზეთისხილი ან სხვა ინგრედიენტებიც სურვილისამებრ დაუმატოთ.

 

და ბოლოს – ტკბილი ლუკმა…

…რომელიც იმდენად ნოყიერი და გემრიელი იქნება, რომ ყველა სხვა საჭმელს გადაგავიწყებთ. გადავწყვიტეთ, თქვენთვის ნოემბრისთვის ყველაზე შესაფერისი – გოგრის ჩიზქეიქის რეცეპტი გაგვეზიარებინა. თანაც, ეს რეცეპტი იმდენად ჯადოსნურია, რომ არც ფქვილს საჭიროებს და არც – შაქარს. შესაბამისად, შეგიძლიათ, გემრიელი ჩაი მოიდუღოთ, თბილ სახლში კომფორტულად მოკალათდეთ, საყვარელი ფილმი ან სერიალი ჩართოთ და პირი ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი გოგრის ჩიზქეიქით ჩაიტკბარუნოთ.

გოგრის ჩიზქეიქი

დაგჭირდებათ:

  • 500 გრამი გოგრა
  • 250 გრამი ხაჭო
  • 3 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი არაჟანი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 70 გრამი მანანის ბურღული
  • 1 ს/კ სახამებელი

 

მოამზადეთ შემდეგნაირად:

 გოგრა  გათალეთ, დაჭერით კუბებად, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 25 წუთი. სანამ გოგრა ცალკე ჭურჭელზე გაცივდება, ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო და კვერცხის გული, მიღებულ მასას კი დაამატეთ არაჟანი, მანანის ბურღული, თაფლი და სახამებელი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამის შემდეგ დააბლენდერეთ გოგრა და დაუმატეთ ხაჭოს ნაზავს. როცა კვლავ ერთგვაროვან მასას მიიღებთ, საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და გოგრის ჩიზქეიქი ამ ფორმაში გადაიტანეთ. გამოაცხვეთ წყლის ორთქლზე – 170 გრადუსზე და 50-60 წუთის განმავლობაში. როგორც კი გამოცხვება, ჩიზქეიქი გააგრილეთ, შემდეგ კი მაცივარში შედგით და დატოვეთ, სანამ კარგად არ გაცივდება. პიკანტური გემოს მოყვარულებს გირჩევთ, გოგრის ჩიზქეიქს ცოტა თაფლიც მოასხათ და პიტნის ფოთლებიც დაუმატოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა. რაც მთავარია, ერთგულის პარტნიორ მარკეტებში არცერთი ინგრედიენტის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

თუ შინ საჭმლის მომზადება გეზარებათ, შეგიძლიათ, „კარფურში“, „აგროჰაბსა“ და „სმარტში“ მზა საკვებიც შეიძინოთ. ერთგულის ნოემბრის აქცია ყველა შემთხვევაში იმოქმედებს. უფრო მეტიც – ეს აქცია მხოლოდ მარკეტებს კი არა, აფთიაქებსა და ბენზინგასამართ სადგურებსაც ეხება. საუბარია, „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ აფთიაქებსა და „ვისოლისა“ და „გალფის“ სადგურებზე, სადაც 350 ლარის დახარჯვისას 50 ქულა ერთგულ ბარათზე დაგიბრუნდებათ. თუ ერთგული ბარათი ჯერ არ აგიღიათ და ამ და სხვა საჩუქრების შესახებ მეტის გაგება გსურთ, ვებგვერდზე ყველაფერი დეტალურად და გასაგებად წერია. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, თიბისის ერთგული ან სხვა ნებისმიერი ბარათი მოიმარჯვოთ,ertguli.ge-ზე სასურველი პარტნიორი აირჩიოთ, საყვარელ ობიექტებს მიაკითხოთ და დიდი ხნის სურვილები სწორედ აქ და ახლა – ნოემბერში აიხდინოთ…

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.