fbpx

გამორჩეული დიზაინის სანათები ქართულ ონლაინსივრცეში


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

ინტერიერის დიზაინში შუქს განსაკუთრებული ადგილი უკავია – სწორად გამოყენებული განათება დიდ როლს თამაშობს სივრცის მოწყობასა და აღქმაში. განათების მიხედვით იცვლება ოთახის დიზაინი, ფერი, ავეჯი, ტექსტურა, გარემო და ატმოსფერო. 

დიზაინში გამოიყოფა ხელოვნური განათების სამი ძირითადი ტიპი  – საბაზისო, სამუშაო და აქცენტირებული. საბაზისო, როგორიცაა მაგალითად, ჭაღი, განათების ძირითადი ტიპია და  სივრცის მთავარ ნათებას უზრუნველყოფს. ფუნქციური განათება გამოიყენება კონკრეტულ საქმიანობაში დამხმარე ფაქტორად – ნათურა კითხვისთვის, სამაგიდო სამუშაოსთვის, მაკიაჟის გასაკეთებლად თუ სამზარეულოში საჭმლის მოსამზადებლად. აქცენტირებულ განათებას ძირითადად გამოიყენებენ ოთახის რაიმე კონკრეტული მონაკვეთის, ნახატის, ნივთის ან დეკორის გამოსაყოფად. 

მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ განათების თითოეული ტიპის შესაძლებლობა და ფუნქცია, რათა სრულყოფილად გამოვიყენოთ სივრცის მოწყობისას.

დღეს იმ მაღაზიებს და დიზაინერებს გაგაცნობთ, რომლებიც ეძებენ და რესტავრირებას უკეთებენ ძველ და ვინტაჟურ სანათებს, ან ქმნიან ახალ ობიექტებს და გამოირჩევიან ორიგინალურობით და უნიკალურობით. 

 

LOOP

ქეთა ლომიძის მიერ პანდემიისას დაწყებული საქმიანობა გასცდა ჰობის ფარგლებს და ბიზნესად იქცა. სხვადასხვა სისქის რკინის კარკასზე ამოყვანილი ფერადი ძაფებით ქეთა სანათებს ქმნის, რომლის გამოყენებაც მფლობელს შეუძლია როგორც დეკორაციული ნივთის, ასევე ჭაღის ან დასადგმელი სანათის სახით. 

როგორც ქეთა ამბობს,  ყველაზე შრომატევადი ფორმის შექმნაა.  ერთი ფორმის დიზაინზე მუშაობისას ხელოსანს 2 თვე მაინც სჭირდება, ამიტომ დიზაინის შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მიუხედავად ამისა, სექტემბერში თავდაპირველისგან განსხვავებული ფორმა შექმნა. ამ ახალ მოდელს  ე.წ. ფეხი აქვს და ასევე სხვა პარამეტრებითაც განსხვავდება წინა ფორმისგან.

LOOP-ში უკვე მზა დიზაინის შეძენა შეგიძლიათ, ვინაიდან სანათების ფერები ხშირად არ მეორდება, თითქმის ყველა მათგანი ინდივიდუალური და თავისებური გამოდის. თუმცა, ქეთა იშვიათად, მაგრამ მაინც ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილს ზომების და ფერების შემთხვევაში.

სანათების შეძენა შესაძლებელია  TBC კონცეპტში მდებარე მაღაზიაში, მარჯანიშვილის 7-ში, ასევე LOOP-ის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდების მეშვეობით. 

 

Me and Elvis 

“მე და ელვისი” 2018 წელს შეიქმნა და მისი კონცეფცია ამ ეტაპზე გულისხმობს 60-70-იანი წლების ავეჯისა და აქსესუარებისთვის მოძიებას, იერსახის შეცვლას და ახლებური ხედვით გაცოცხლებას.

“მე და ელვისი” დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეძებს და ჩამოაქვს არა მხოლოდ ავეჯი, არამედ სხვადასხვა სტილისა თუ ფორმის სანათები, რომელსაც რესტავრაციას უკეთებენ და სრულიად უცვლიან დიზაინს. რა თქმა უნდა, პირვანდელი ავთენტური სახე უცვლელი რჩება, თუმცა მუშავდება კონცეპტუალურად და ახალი სიცოცხლე ენიჭება.

Me and Elvis-ის შეძენა მათსავე ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი.

 

Element

ტაბიძის 37-ში აღმოაჩენთ ძველებურ, განსხვავებულ სანათებსა და ინტერიერისთვის განკუთვნილ სხვა ნივთებს. 

საქართველოში მოძიებული და ელემენტის გუნდის მიერ დამზადებული სანათების არჩევა, გარდა ფიზიკური მისამართისა,   შეგიძლიათ ონლაინ  ფეისბუქ- და ინსტაგრამგვერდებზე.

 

Moon Rabbit

Moon Rabbit ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონცეპტუალური ქართული ონლაინმაღაზიაა. დიზაინერები ნატო ბაგრატიონი და სოფო კობიძე გამორჩეულ და უნიკალურ ნივთებს ქმნიან ნატურალური მასალისგან – დეკორატიული დანიშნულების ობიექტები ინტერიერისთვის, ავეჯი, ფუნქციური აქსესუარები თუ სანათები. 

დღეს სანათებზე მოგიყვებით: Moon Rabbit-ის ფეისბუქ- და ინსტაგრამგვერდებზე რამდენიმე ტიპის სანათის აღმოჩენა შეგიძლიათ, იქნება ეს კედლის, მაგიდის თუ – იატაკის. სანათები ძირითადად დეკორატიულია და ანათებს მხოლოდ საკუთარ თავს ან ოთახის კონკრეტულ კუთხეს. თუმცა, აქ ასევე აღმოაჩენთ სოკოს ფორმის სანათებს, რომელიც შეგიძლიათ საკითხავად გამოიყენოთ.

სანათების შესაქმნელად ძირითადად გამოიყენება ქაღალდი, ხე, ბამბუკი, თაბაშირი ან რკინა.  სანათების ძირითად ნაწილს სოფო კობიძე და ნატო ბაგრატიონი ქმნიან, ხის დეტალებზე კი კახა ყაფლანიშვილი მუშაობს.

 

MeMo Store 

თუ ხელნაკეთ, ვინტაჟურ ჭაღებს ეძებთ, MeMo Store-ის ონლაინმაღაზიას უნდა ესტუმროთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიური ჭაღები, რომლებიც 1930-1980-იან წლებშია შექმნილი. 

მაღაზიის ფეისბუქგვერდზე აღმოაჩენთ თითბრის ჭაღებს როგორც ვენეციური შუშით, ასევე კერამიკით, სხვადასხვანაირი ჭედურობითა თუ მოხატულობით.

გასაყიდი ნივთები ჩამოაქვთ იტალიიდან, ძირითადად – ფლორენციიდან, მათ უნიკალურობის მიხედვით არჩევენ და არცერთი მათგანი არ მეორდება.

გარდა სანათებისა და ჭაღებისა, Memo Store-ში იპოვით ძველ ნივთებსაც – თითბრის ჩარჩოებს, სასწორს, სახელურებს და სხვა.

ნივთების დათვალიერება და შეძენა ფეისბუქის  გვერდზეა შესაძლებელი.

 

Lighting by Natia Dalakishvili

დიზაინერ ნათია დალაქიშვილის სანათებს როგორც სხვადასხვა საჯარო, ასევე პირადი სივრცის ინტერიერში შეხვდებით. ონლაინ კი მისი ნამუშევრების დათვალიერება ფეისბუქ– და ინსტაგრამგვერდებზე შეგიძლიათ.

ნათიას მიერ შექმნილი სანათები მრავალფეროვანია – ქმნის როგორც ჭაღებს, ბრებს, მაგიდის სანათებს და ტორშერებს, ასევე – ტექნიკურ განათებას. 

გამოყენებული მასალა იცვლება ინტერიერის დიზაინის და სივრცის დანიშნულების გათვალისწინებით – ძირითადი მასალა თითბერია, თუმცა მას ემატება მინის დეტალები, კერამიკა, ფერადი ლითონი, ხე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.