fbpx

ბიორკი 56


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

დღეს ისლანდიელი მეგა ვარსკვლავის – ბიორკის დაბადების დღეა!

მინდა მისი უნიკალური კონცერტი გავიხსენო, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ალბათ საუკეთესო ცოცხალი შესრულებაა, რაც ოდესმე მინახავს.  „ვულნიკურა“ ერთად-ერთი კონცერტია, რომელსაც ბიორკი არ იწერს კამერაზე, არ უკეთებს დოკუმენტირებას და რეკლამას ტელევიზიით, ის ამ წარმოდგენას მხოლოდ ცოცხლად ასრულებს. 

თბილისში ოთხი წლის წინ SOU ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა და პირადი განცდების დროს შექმნილი კომპოზიციები შეასრულა. “ვულნიკურა” თარგმანში ჭრილობის მკურნალობას ნიშნავს (Vulnus + Cura). რა ემართება ადამიანს, როდესაც ის თავის მეორე ნახევარს შორდება? რას მოიცავს საკუთარ თავთან დიალოგი?  როგორია ტკივილისგან  განკურნების პროცესი?

ბიორკმა კონცერტი რევერანსით დაიწყო, ის სცენაზე სახლში მარტო დატოვებული ბავშვივით, პრინცესასავით ჩაცმული გამოვიდა, მოსალოდნელზე კიდევ უფრო პატარა ტანის, უზარმაზარ პლატფორმის ტიპის ქუსლებზე იდგა და სახეზე ფერადი ნიღაბი ეკეთა. კოსტიუმი ნამდვილად კიტჩის ზღვარზე იყო, რასაც ფილარმონიის გამოციებული კედლები კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. 

ის ორკესტრს მიესალმა და მოკრძალებულ რევერანსში ჩაჯდა, შემდეგ მაყურებელს თავი დაუკრა; ამ უბრალო, მარტივმა ჟესტმა დარბაზი იმწამსვე მოაჯადოვა, მონუსხა და თითქოს სხვა სამყაროში წასაყვანად გაამზადა. კოსტიუმმა და ბავშვურმა პლასტიკამ ზუსტი თამაშის პირობები დაადგინა. ბიორკმა სიმღერა დაიწყო და გარშემო ყველაფერი შეიცვალა, შედგა ის საოცრება, რასაც სცენის მაგიურობას ეძახიან, გარშემო ჰაერიც შეიცვალა და ბიორკის ემოციების ერთ მთლიან სივრცედ იქცა, სადაც ყველა იქ მყოფისთვის იყო ადგილი და ყველას თავის განცდებში შეეძლო ემოგზაურა… ეს კონცერტი, რა თქმა უნდა, სიყვარულს მიეძღვნა, მხოლოდ სიყვარულს განიცდიან ასე… მაშინ გამეფიქრა: კაცს ქალი უფრო მეტად უნდა უყვარდეს, რადგან ქალს, და ამწუთას ბიორკს, მეტად რომ უყვარდეს, ვეღარ გაუძლებს და დაიფშვნება, ასეთი მდგომარეობა არსებობის ზღვარზეა… მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი თითქოს მშვიდად ფიქრების დინებას გადმოსცემდა, შესრულება ძალიან დრამატული იყო; არც სიმღერას ჰგავდა  და არც ლაპარაკს, რაღაცნაირი ამოთქმასავით იყო, იმის მსაგავსად, როგორც ძველ დროში ბიორკის მშობლიურ ისლანდიაში წამღერებით ამოთქვამდნენ თქმულებებს და ბალადებს. 

20 წლის წინ U2-ს სოლისტმა  ბონომ ინტერვიუში აღნიშნა: ბიორკის სუფთა ხმა შუშაშიც ატანს და რკინაშიცო, 20 წლის შემდეგ შემიძლია დავამატო, რომ ეს ხმა, ძვლებშიც ატანს და პირდაპირ გულს ხვდება. პირადად მე შემაზანზარა ამ კლასიკური ფორმის კონცერტმა, სადაც არტისტი – მისი პიროვნება, აზროვნება და ენერგიაა მთავარი, სადაც მაყურებელი არტისტთან ერთად არის დუღილის პროცესში. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა ანტიკური ხანიდან მოყოლებული, სწორედ ამ განცდისთვის დადიოდა და  დადის ხალხი ათენში, დიონისეს თეატრში, დელფოსში, კოვენტ გარდენსა თუ გრანდ ოპერაში.

ბიორკი დედამიწაზე ნამდვილად უცნობი სამყაროს ელჩია, რომლის საელჩო ისლანდიაშია და ის მსოფლიო ინფორმაციას იქ დალექილს აგროვებს; უფრო სწორად, იმ ენაზე გებულობს სამყაროს. მისი მუსიკა ძალიან ღრმა კავშირშია ისლანდიის კულტურის ფესვებთან, ის გამტარია, მან თითქოს ჩვენზე გაცილებით მეტი იცის, თითქოს იქეთა სამყაროშიც უკვე ნამყოფია და დაბრუნებული. გგონია, რომ ინფორმაციას ყველა მხრიდან  იღებს, იმ ხმებიდან, რომელთაც გაუთავებლად უსმენს – მიწიდან, ყინულიდან, წყლიდან და კოსმოსიდანაც. ეს ხმები აკუმულირდება მის სხეულში და შემდეგ პირიდან ლავასავით გადმოდის; ბიორკი თითქოს ამ მიღებულ ხმებს არც ამუშავებს, უბრალოდ თავის უნიკალურ ვოკალურ შესაძლებლობებს იყენებს და ძლიერი გრძნობით გადმოსცემს, გრძნობით, რომლის გარეშეც ვერ არსებობს. მას ვერ გამოაცალკევებ სიმღერისგან, იმ ისტორიისგან, რომელსაც მღერის, კონცერტზე შენ ხედავ ადამიანს, რომელიც რაღაც კონკრეტული განცდით ცხოვრობს და შენ ამ განცდის ნაწილად გაქცევს. ამ ყველაფერს ხმით აკეთებს, რადგან სიმღერის პროცესი მისი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა, ხმა კი – უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ვირტუოზულად ფლობს. ამიტომაც, ჩემთვის გასაგებია „ვულნიკურას“ ალბომის თანაპროდიუსერის, ვენესუელელი არტისტის, ბიორკის მეგობრის, არკას  სიტყვები: “The way she exists as a human is a big influence on the way I exist as a human.”  

კონცერტის შემდეგ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, ჩემი მეგობარი, მუსიკის კრიტიკოსი კახა თოლორდავა შემხვდა, რომელმაც ძალიან ზუსტი და ლაკონიური შეფასება მისცა შემსრულებელს:

ბიორკმა თავისი ნიჭით, ხედვით, უნიკალური ვოკალით, არანჟირების უნარით, თავისი ქვეყნის მემკვიდრეობის და მუსიკალური კულტურის ღრმა ცოდნით, ისლანდია გაიტანა და ჩვენამდე მოიტანა. მან მსოფლიოს ისლანდია აკუსტიკურ ტერიტორიად გააცნო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.