fbpx

სეზონის ძლევამოსილი ფინალი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირა ქართული ფეხბურთის აქამდე არნახული ზეიმით აღინიშნა, რადგან წლის ბოლოს ჯერ საქართველოს ეროვნულმა, ხოლო შემდეგ კი ოცდაერთწლამდელთა ნაკრებებმა საკუთარი გულშემატკივრები ზედიზედ სამი მოგებით დაასაჩუქრეს, რაც მომავალ წელს წარმატებული სვლის წინაპირობად უნდა იქცეს.

მთავარი კი ისაა, რომ წლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა ახალგაზრდებმა მოიგეს და თანაც ვისთან – თვით ინგლისის ნაკრებთან, სადაც უმრავლესობა პრემიერლიგის კლუბების მოთამაშეა და ზოგიერთ მათგანს ხვალ-ზეგ რომელიმე გრანდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. 

ამ მოგებით ქართულმა ფეხბურთმა თავისი ნამდვილი ძალა და შესაძლებლობები წარმოაჩინა. ინგლისთან მოგებამ დაგვანახვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში სათანადო განწყობას და თანდაყოლილ ტექნიკურ შესაძლებლობებს თუკი საფეხბურთო აზროვნების უნარი და პრაგმატიზმიც დაერთვება, შედეგიც არ დააყოვნებს და მომავალში ბევრი რამ ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

ისლანდიის ნაკრებმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის კარები ყოველგვარი ტრადიციის გარეშე, ცარიელი ფიზიკური მომზადების და საქმისადმი პრაგმატული დამოკიდებულების ხარჯზე შეაღო და ჩვენ მსგავსად ინგლისის დამარცხება შეძლო, საქართველოს კი ინგლისელებთან მოგების ტრადიცია ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან („შეფილდ უენსდისთან“ 1:0 მიხეილ მესხის გოლით) მოსდგამს, რაც სწორედ იმ გენეტიკური აზროვნების შედეგია, მომავალშიც რომ გააძლიერებს  ჩვენს ოცდაერთწლამდელებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები 81-ე წუთამდე ანგარიშით 3:0-ს იგებდა. თავდაპირველად თითქოს მეტოქემ შემოგვიტია და ჩვენს კართან სახიფათო ეპიზოდებიც შექმნა, მაგრამ მატჩის 24-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან გულიაშვილის მიერ გატანილმა გოლმა ჩვენებს მეტი თავდაჯერებულობა შესძინა, რადგან ცხადი შეიქნა ამ თამაშის მოგების შესაძლებლობა. 

მასპინძლებმა მეორე გოლი მეტოქისთვის მეტად არასასიამოვნო დროს, მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. მატჩის 47-ე წუთზე გაგუამ მოედნის შუაგულიდან სწრაფად გამონახა მარჯვენა ფლანგზე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი გოჩოლეიშვილი, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მცველთაგან მყისიერად გამოთავისუფლებულ გულიაშვილს გადასცა, რომელმაც გააორმაგა ანგარიში.

ყველაზე შთამბეჭდავი გოჩოლეიშვილის მესამე გოლი იყო. „საბურთალოს“ თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის ცრუმოძრაობით, მოხდენილი სვლით „გაისეირნა” მეტოქის მცველთა შორის და მათთვის და მეკარისთვისაც მოულოდნელად უკვე მარცხენა ფეხით შეასრულა გადამწყვეტი აუღებელი დარტყმა შეხვედრის 65-ე წუთზე.

საქართველოს ნაკრებს თითქოს საქმე მოთავებული ჰქონდა, მაგრამ სტუმრებმა მატჩის მიწურულს დაახლოებით თორმეტი წუთის განმავლობაში ზედიზედ ორი კუთხურის გამოყენება შეძლეს და თანაც ისე, რომ მათ თავურ დარტყმებს წინააღმდეგობა არცერთ შემთხვევაში არ შეხვედრია.

აქედან გამომდინარე, ინგლისთან შეხვედრა გარკვეული შეცდომების გამოსწორებისთვისაც საუკეთესო სკოლა იქნება კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელსაც 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს. მრისხანე მეტოქის დამარცხების შემდეგ კი სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენმა ოცდაერთწლამდელებმა სასწაულები უკვე ოფიციალურ დონეზეც შემოგვთავაზონ!

ამის საფუძველი აქამდეც მზადდებოდა, რადგან რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ყველაფერთან ერთად სასიამოვნოა, რომ ბათუმის სტადიონზე წლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა ოცდაერთწლამდელებმაც ძლევამოსილი გამარჯვებით დააგვირგვინეს.

აი იტალიის ნაკრებმა კი ზუსტად ისე დაამწუხრა საკუთარი „ტიფოზები“, როგორც რობერტო ბაჯოს პერიოდში – 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მაშინ იტალია 0:0-ით გადათამაშებაში სწორედ საქართველოს ნაკრებმა გაუშვა, რომლის როლიც ამჯერად ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა იკისრა. 

„სკუადრა აძურას“ შვეიცარიასთან შინ ნაწვალები 1:1-ის შემდეგ, თითქოს სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია მაინც არ უნდა დაეკარგა, რადგან ბოლო ტურში მას ბევრი არაფრის მთქმელი მეტოქე ელოდა, მაგრამ თავი იჩინა იტალიელთათვის მავნე სენმა. 

„სკუადრა აძურას“ ზოგჯერ უჭირს ხოლმე შედარებით სუსტი მოწინააღმდეგის  ძლევა, როგორც ეს, მაგალითად, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა – ჩრდილოეთ კორეის ნაკრების შემთხვევაში და კიდევ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ჯგუფური ეტაპიც მან ძლივს გაიარა, ხოლო დასკვნით ეტაპზე კი ზედიზედ დაამარცხა არგენტინა, ბრაზილია, პოლონეთი და ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

პირველი ადგილის დაკავების იმედი თითქოს შვეიცარიასაც აღარ ჰქონდა, რომელმაც პარალელური მატჩის პირველი ნახევარი შინ ბულგარეთთან ანგარიშით 0:0 დაასრულა. მეორე ტაიმში კი ზომერმა და მისმა თანაგუნდელებმა გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, მეტოქეს ოთხი ბურთი გაუტანეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც სავსებით დამსახურებულად მოიპოვეს.

იტალიის ნაკრებთან შედარებით რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა პორტუგალია, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს უკანასკნელ ტურში შინ სერბეთის დამარცხების შემთხვევაში თუ მოიპოვებდა.

მაგრამ სერბეთი ბულგარეთი ნამდვილად არ არის და მის შემადგენლობაშიც არიან ფეხბურთელები, რომელთაც რონალდუს მსგავსად შეუძლიათ მატჩის ბედის მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გადაწყვეტა.

ასეთი აღმოჩნდა პორტუგალიის და სერბეთის დაპირისპირებაში ინგლისის ჩემპიონატში  მოასპარეზე „ფულემის“ ფორვარდი მიტროვიჩი, რომელმაც ისეთი თავური გოლი გაუტანა მეტოქეს, რონალდუსაც რომ დაამშვენებდა.

აღსანიშნავია, რომ 1:1-ის დროს, მატჩის უკანასკნელ წუთებზე, ნაცვლად იმისა, რომ პორტუგალიას თავქუდმოგლეჯილს შეეტია, რადგან საყაიმო შედეგი სერბებს აწყობდათ, ძირითადად სტუმრები უტევდნენ და მიტროვიჩს იქამდეც რამდენიმეჯერ  შეეძლო ევროპის 2016 წლის და ერთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონის კარის აღება.

იტალიის და პორტუგალიის ნაკრებებისგან განსხვავებით გადამწყვეტ სიტუაციაში ივარგა ხორვატიამ, რომელმაც შინ მინიმალური ანგარით 1:0 სძლია რუსეთს, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და 143-მილიონიანი ქვეყანა გადათამაშების გზას გაუყენა.

გადათამაშებიდან კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ევროპული ნაკრებებისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან 12-დან მხოლოდ სამი გუნდი აღმოჩნდება კატარის მუნდიალზე.

ამრიგად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი 2022 წლის ჩემპიონატი იტალიის, პორტუგალიის, ან ორივე მათგანის გარეშე ჩაივლის.

სამხრეთ ამერიკაში კი ბრაზილიასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არგენტინის ნაკრებმაც მოიპოვა მას შემდეგ, რაც ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. 

გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ და ძირითად ყურადღებას საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ამახვილებდნენ, რადგან ბრაზილიელთათვის მარცხი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ უკვე ზედიზედ მეორე იქნებოდა არგენტინელებთან შეხვედრაში, ხოლო არგენტინელებისთვის კი საყაიმო შედეგიც საკმარისი აღმოჩნდებოდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ოფიციალურად გაფორმებისთვის მის ყველაზე დაუძინებელ მტერთან დაპირისპირებაში.

რამდენიმე აშკარა საგოლე სიტუაციის მიუხედავად, განსაკუთრებით  დასამახსოვრებელი ეპიზოდი ამ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორის მიერ ნაჩვენები ულამაზესი ფინტი აღმოჩნდა. 

ბრაზილიელმა ფორვარდმა მეტოქის პირით ხაზთან ელვისებრი მანევრით ბურთი უკუგდებით არგენტინელთა მცველ მოლინას თავზე გადაატარა, მაგრამ მის გადაცემას მეტოქის კართან ხიფათი აღარ მოჰყოლია…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.