fbpx

ჰარი პოტერი: მაგიური 20 წელი


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პოპულარული კულტურის ყველაზე საყვარელი ფრენჩაიზის პირველი ნაწილი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ვიხილეთ დიდ ეკრანზე. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი „ობსესია“, რომელიც დღემდე გრძელდება. 

ჯოან როულინგმა მილიონობით ბავშვის ცხოვრება შეცვალა, ხოლო Warner Brothers-მა მისი ჯადოსნური სამყარო სისრულეში მოიყვანა. 8 წლის ვიყავი, როდესაც „ფილოსოფიური ქვა“ სკოლაში, ჩემს კლასთან ერთად ვიდეოკასეტაზე ვნახე. ამ ერთმა დღემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სახლში მისვლისთანავე „ჰარი პოტერის“ ვიდეოკასეტა მოვითხოვე. ბუნებრივია, მშობლებმა მკითხეს, ფილმი რაზეაო, მე ვუპასუხე – ჯადოქარ ბიჭზე მეთქი. „ჰარი პოტერის“ ფენომენი ჯერ კიდევ უცნობი იყო საქართველოში და ჩათვალეს, რომ ასეთი აღფრთოვანებით „მერი პოპინსზე“ ვსაუბრობდი. კასეტის შოვნა რთული აღმოჩნდა, მაგრამ სურვილი ამისრულეს. მალე მიხვდნენ, რომ ეს მორიგი ბავშვური გატაცება არ იყო, რადგან მსგავსი ენთუზიაზმი დისნეის „პატარა ქალთევზას“ მიმართაც კი არ გამომიჩენია (მთელი ბავშვობა მინდოდა ქალთევზა ვყოფილიყავი). ეს ოცნება ჰოგვორტსის წერილის მოლოდინმა ჩაანაცვლა. საინტერესოა, რა ხდის „ჰარი პოტერს“ ასეთ განსაკუთრებულს, რომ ის 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას? 

კარლ იუნგი მიიჩნევდა, რომ არქეტიპები ადამიანის ქვეცნობიერის ფუნდამენტური ელემენტებია. ლიტერატურული ნაწარმოებები ხშირად არქეტიპების და მითოლოგიური სიმბოლოების ერთობლიობას წარმოადგენს. არქეტიპები პერსონაჟებისა და შინაარსის საფუძველია, რომლებიც მკითხველისთვის ამოსაცნობ სპეციფიკურ იდეებს ქმნის. როულინგის წიგნების სერიის და ფილმების შთაგონება სწორედ ბერძნული მითოლოგიის და მსოფლიო ფოლკლორის არქეტიპებია. მწერალმა აღნიშნული სიმბოლოების „თამაშით“ თანამედროვე მკითხველისთვის ალტერნატიული არქეტიპული სტრუქტურა ჩამოაყალიბა. 

 

ჯადოქრული სამყარო მაგლების (არა ჯადოქრების) სამყაროში იმალება. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სამყაროს დამოუკიდებელი ისტორია აქვს, ის ჩვენს ისტორიასაც უკავშირდება. „ჰარი პოტერი“ ბერძნული მითოლოგიით არის დახუნძლული – მონსტრები და მითური არსებები ნაწარმოებს ფსიქოლოგიურ და სიმბოლურ მნიშვნელობას მატებენ. როულინგი ერთდროულად გამომგონებელი და არქივისტია, რომელიც თავის სამყაროს კლასიკური, ფოლკლორული (მარტორქები, გობლინები, კენტავრები, დრაკონები) და გამოგონილი არსებებით (დემენტორები) აზავებს. აღნიშნული არსებები ლეგენდების დადგენილ ნორმებს მისდევენ: მარტორქა ტრადიციულად დიდებული და მაგიური ქმნილებაა, გობლინები – ვერაგები და ეშმაკები, დრაკონები თავგადასავალს და საფრთხეს განასახიერებენ. 

მითოლოგიურ არსებას პირველივე ფილმში სამთავიანი ძაღლის სახით ვხვდებით. მისი გარეგნობის ძირითადი ასპექტები ბერძნულ მითოლოგიაში ცერბერზეა დაფუძნებული. ცერბერს ხშირად „ჰადესის ძაღლად“ მოიხსენიებენ, რომელიც მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭეებს იცავს. მითოლოგიის მიხედვით, ცერბერის სამი თავი წარსულის, აწმყოს და მომავლის რეპრეზენტაციაა. 

როულინგის ვერსიაში ძაღლს შემზარავი გამოსახულების სრულიად საპირისპირო სახელი – ფუმფულა (Fluffy) ჰქვია, რაც წიგნს და ფილმს კომიკურ ეფექტს მატებს. გარდა გამოსახულებისა, ფუმფულას და ცერბერს კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო: ორივეს მუსიკა აძინებს. ბერძნულ მითოლოგიაში ცერბერის დაძინება მხოლოდ ორფეოსს შეუძლია, ფუმფულას შემთხვევაში უბრალო მოჯადოებული არფაც საკმარისია. ცერბერის მსგავსად, როდესაც ჰარი და მისი მეგობრები ფუმფულას ხვდებიან, ის „მიწისქვეშა სამყაროს“ იცავს, რომელსაც როულინგი ფილოსოფიური ქვისკენ მიმავალი ლუქის სახით წარმოადგენს, სამი მეგობარი კი თითქოს ჯოჯოხეთის კარიბჭეში შედის. 

აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიურ ქვას ფესვები როგორც მითოლოგიაში, ასევე ისტორიაშიც აქვს. დამბლდორის მეგობარი და ქვის გამომგონებელი ნოკოლას ფლამელი რეალური მემატიანე იყო, რომელიც მე-14 საუკუნეში პარიზში მოღვაწეობდა. მას თავისი სახელობის ქუჩაც კი აქვს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ფლამელს მისი პერსონაჟივით „უკვდავს“ ხდის.  

კიდევ ერთი ძაღლი ბერძნულ მითოლოგიაში სირიუსია; სირიუსი ორიონის ძაღლი იყო, რომელიც ქალღმერთ არტემისს შეუყვარდება. არტემისი გაუცნობიერებლად მოკლავს ორიონს, შემდეგ კი მის ძაღლთან ერთად თანავარსკვლავედის სახით ზეცაში მოათავსებს. „აზკაბანის ტყვეში“ ვიგებთ, რომ პერსონაჟი, სახელად სირიუს ბლექი ანიმაგუსია (ჯადოქარი, რომელსაც სურვილისამებრ ცხოველად გარდაქმნა შეუძლია). მისი ცხოველური ფორმა სწორედ ძაღლია, რომელიც ჰარის ნათლია და მისი მამის ერთგული მეგობარია. 

ჰოგვორტსის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არსებები კენტავრები არიან, რომლებიც აკრძალულ ტყეში ბინადრობენ. ბერძნულ მითოლოგიაში კენტავრები პელიონის მთაზე, თესალიაში ცხოვრობდნენ. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული ქირონი იყო, რომელმაც აქილევსი, თეზევსი და სხვა ლეგენდარული ბერძენი მეომრები გამოწვრთნა. ბერძნული ლეგენდის თანახმად, კენტავრები შიშს და უნდობლობას იწვევდნენ. ეს წარმოდგენა „ჰარი პოტერშიც“ აქტუალურია, სადაც ისინი ხშირად ორაზროვნები არიან. 

ჯადოქრულ სამყაროში არაერთ საშიშ არსებას ვაწყდებით, თუმცა ყველაზე საზარელი უდავოდ დემენტორები არიან, რომლებიც როულინგმა თავად გამოიგონა (მწერლის ინსპირაცია შესაძლოა ყოფილიყო ერინიები, იგივე ფურიები ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებიც დემენტორებივით გარშემო მყოფებს შიშის თავზარს სცემდნენ). ისინი ფიზიკურად  wraith-ებს და ნაზგულებს (ბეჭდების მბრძანებელი) ჰგვანან, მაგრამ დემენტორების მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური ზიანი მთლიანად მწერლის წარმოსახვის ნაწილია. როულინგმა ისინი დეპრესიის საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირა და შეგვახსენა, რომ ხანდახან ყველაზე ბნელი ურჩხული ჩვენში ცხოვრობს. 

„ჰარი პოტერის“ პერსონაჟების სახელები დიდწილად ბერძნული მითოლოგიით არის შთაგონებული. ტრანსფიგურაციის პროფესორის, მაკგონაგელის სახელი – მინერვა ბერძნული სიბრძნის  ქალღმერთის, ათენას რომაული ანალოგია. პროფესორ ტრელაუნის სახელი, სიბილიც უძველესი ღმერთებიდან მოდის. სიბილა წინასწარმეტყველების ღმერთის, აპოლონის ქურუმი და ლეგენდარული მისანი ქალი იყო. პროფესორი ტრელაუნი ჰოგვორტსში მისნობას ასწავლის, რომელიც ვოლდემორის დაბრუნებას იწინასწარმეტყველებს. კიდევ ერთ მითოლოგიურ ფიგურასთან ჰოგვორტსის დარაჯი, არგუს ფილჩი ასოცირდება. ზევსს, რომელიც მის ცოლს, ჰერას ხშირად ღალატობდა, მოკვდავი ქალი, იო შეუყვარდება. ცოლის რისხვისგან დასაცავად, ზევსმა ის ძროხად აქცია. იმისთვის, რომ იოს ყოფილი ფორმა ვერ აღედგინა, ჰერამ მას არგუსი მიუჩინა სათვალთვალოდ. „ფენიქსის ორდენში“ ფილჩს ამბრიჯის დავალებით ჰოგვორტსის სტუდენტებზე ჯაშუშობა ევალება. 

როულინგის ნაწარმოებში მსოფლიო ფოლკლორის გავლენაც იგრძნობა. თუ დავაკვირდებით, ვოლდემორი „ჰარი პოტერის“ კოშჩეი უკვდავის ერთგვარი ვერსიაა. კოშჩეი უკვდავი, ანუ Коще́й Бессме́ртный, რუსული ზღაპრების არქეტიპული კაცი ანტაგონისტია. ზღაპრების მიხედვით, კოშჩეის სული კვერცხშია მოთავსებული, რომელიც ცხოველებში და სხვადასხვა საგნებში იმალება. ვოლდემორს სული 7 ნაწილად აქვს დაყოფილი და კოშჩეის მსგავსად მაგიურ ობიექტებში, ჰორკრუქსებშია განაწილებული. ორივეს დამარცხება მხოლოდ მათი სულის განადგურებით არის შესაძლებელი. 

გარდა ბერძნული მითოლოგიისა, როულინგის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა  არტურიულ ლეგენდას ჰქონდა. პარალელები პირველივე წიგნში გვხვდება. ჰარის მიერ შეძენილი შოკოლადის ბაყაყის შიგნით მოთავსებულ სურათზე მერლინი (ლეგენდარული ჯადოქარი და მეფე არტურის მრჩეველი), ხოლო მოგვიანებით არტურის ნახევარდა და მისი დაუძინებელი მტერი – მორგანაა გამოსახული. აღნიშნულ სურათებზე, როგორც წესი, სახელგანთქმული ჯადოქრები არიან წარმოდგენილი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ არტურიული ლეგენდა და ჯადოქრული სამყარო ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია. მეტიც, „სიკვდილის საჩუქრები“ არტურის თავგადასავლის როულინგისეულ ინტერპრეტაციად შეგვიძლია განვიხილოთ. ჰარი, რონი და ჰერმიონი მეშვიდე ნაწილში ვოლდემორის ჰორკრუქსების საძიებლად გაეშურებიან. ჰარის პატრონუსის სახით ირემი გამოეცხადება (მეფე არტურიც ირემს მისდევს; ირემი სხვადასხვა რწმენით საკრალურ ცხოველად არის მიჩნეული), მისი მეშვეობით ჰარი გრიფინდორის მახვილს პოულობს, რომელსაც ჰორკრუქსის განადგურების უნარი აქვს. მახვილის გამოყენება მხოლოდ ღირსეულ ჯადოქარს შეუძლია – ეს აშკარა პარალელია ექსკალიბურთან. 

მიუხედავად იმისა, რომ „ჰარი პოტერი“ ალეგორიულ ნაწარმოებად არ განიხილება, წიგნი ქრისტიანული სიმბოლოებითაა სავსე. პროტაგონისტი – ჰარი პოტერი ქრისტეს მსგავსი ფიგურაა, რომელიც „მკვდრეთით აღდგება“. ჰარის ხშირად „რჩეულადაც“ კი მოიხსენიებენ. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჰარის ბუს, ჰედვიგის სახელში იმალება. ჰედვიგი წლების განმავლობაში ჰარისთვის იმედის და კომფორტის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით დურსლებთან ცხოვრების პერიოდში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი სახელი კათოლიკური წმინდანით, ჰედვიგით არის შთაგონებული, რომელიც ობოლი ბავშვების მფარველია. „სიკვდილის საჩუქრებში“ ჰედვიგი ჰარის დასაცავად თავს სწირავს, რითაც როულინგი ჰარის უბიწობის დასასრულს უსვამს ხაზს, რომელმაც მისი ერთგული მფარველის გარეშე უნდა განაგრძოს გზა. ჰედვიგისგან განსხვავებით, ფენიქსი უფრო მითოლოგიური კონოტაციის ფრინველია. ის სიცოცხლის მიწურულს ცეცხლში იწვის, შემდეგ კი ფერფლიდან ხელახლა იბადება, როგორც სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. 

როულინგის ტექსტში ჩაღრმავებით ვხვდებით, რომ „ჰარი პოტერი“ არა მარტო მაგიურად, არამედ ისტორიულად და მითოლოგიურად მდიდარი ნაწარმოებია. თუმცა, სანამ როულინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი გახდებოდა, ის მარტოხელა დედა იყო, რომელსაც „ჰარი პოტერის“ იდეა მატარებელში გაუჩნდა. 12-მა გამომცემლობამ ვერ იწინასწარმეტყველა, რომ მწერლის შემოქმედება საბავშვო წიგნიდან ყველაზე დიდ კინოფრენჩაიზად და კულტურულ ფენომენად იქცეოდა. 

2001 წლის ნოემბერში კინოთეატრებიდან პრივეტ დრაივზე, შემდეგ კინგს ქროსზე, პლატფორმა 9¾-დან „ჰარი პოტერის“ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდით. 18 წელი მისრულდებოდა, როდესაც ფრენჩაიზის ბოლო ნაწილი – „სიკვდილის საჩუქრები“ გამოვიდა. დასასრული ძალიან სიმბოლური იყო, სკოლის დამთავრებასთან ერთად ბავშვობას და მის ყველაზე დიდ ნაწილს გამოვემშვიდობე. ახლა კი ორი დეკადის, რვა ფილმის და ორი დამბლდორის შემდეგ, „პოტერომანები“ „ბურბურახით“ ხელში მომარჯვებულები „ჰარი პოტერის“ კინომაგიის დღესასწაულს აღვნიშნავთ

„როცა 80 წლის გავხდები, ჩემს სარწეველაში ვიჯდები და „ჰარი პოტერს“ წავიკითხავ. ოჯახის წევრები შემეკითხებიან, „ამდენი ხნის შემდეგაც?“ – მე კი ვუპასუხებ: „ყოველთვის“. – ალან რიკმანი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.