ქართული კულინარიული ბლოგები ინსტაგრამიდან
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად კულინარია კიდევ უფრო მეტად ტრენდული გახდა. ამას აღნიშნული სფეროს ესთეტიკურმა მხარემაც შეუწყო ხელი – შესაბამისად, სერვირებული კერძის მადისაღმძვრელი ფოტო ყოველთვის იწვევს სოციალური ქსელის მომხმარებლის დაინტერესებას. ამის გათვალისწინებით, კულინარიულმა ბლოგებმა ტრადიციული ვებგვერდების სივრციდან და იუთუბიდან ინსტაგრამზე გადაინაცვლა. ეს პლატფორმა არაერთი დამწყები თუ პროფესიონალი კულინარისათვის საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგ საშუალებად იქცა. სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ქართულ კულინარიულ ბლოგს, რომლებიც არა მხოლოდ აუცილებლად აღგიძრავთ მადას, არამედ კერძების მომზადებისა და ახალი კულინარიული თავგადასავლების გამოცდის სურვილსაც გაგიჩენთ.
თუ ვეგეტარიანელი ხართ, მაშინ ამ კულინარიულ ბლოგს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. Nino’s Food Adventures ჯანსაღი კერძების მომზადების ვიდეო- და ფოტორეცეპტებს გთავაზობთ. მრავალფეროვან კერძებში, სმუზებსა და სასმელებში აღმოაჩენთ დეტოქსისათვის განკუთვნილ რაციონსაც. რაც მთავარია, ამ ბლოგის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ საკვები ერთდროულად შეიძლება იყოს ჯანსაღიც და ვიზუალურად ლამაზიც.
Kato’s Food Diary-ის ნახვისას აუცილებლად მოგხიბლავთ ამ ბლოგის ესთეტიკა და შესაძლოა პინტერესტზე ნანახი გემრიელი ფოტოებიც გაგახსენდეთ. ფერების, კომპოზიციის, ფოტოების ხარისხის გათვალისწინებით, მზად იყავით იმისათვისაც, რომ მოგშივდეთ და ყველა ნანახი კერძის დაგემოვნება მოგინდეთ. ამისათვის კი, შეგიძლიათ კერძების ფოტო რეცეპტებზე გადახვიდეთ და თავადვე სცადოთ მისი მომზადება.
Foodie Georgia კიდევ ერთი საინტერესო ინსტაგრამ ბლოგია, რომელიც ყველა გურმანისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვაზე გვცემს პასუხს – სად დავაგემოვნოთ ყველაზე გემრიელი კერძები. შესაბამისი ვიზუალურ მასალასთან ერთად Foodie Georgia საჭირო რეკომენდაციებს მოგვცემს და საუზმის, ლანჩის, სადილისა თუ ვახშმის გემრიელად დაგეგმვაში დაგვეხმარება.
ეს ბლოგი ძირითადად ქართულ და ფრანგულ კულინარიაზეა ორიენტირებული, თუმცა მრავალფეროვან ფოტო- და ვიდეოკოლექციებში სხვა კულტურისათვის დამასახიათებელ კერძებსაც აღმოაჩენთ. თუკი გაინტერესებთ რა სიახლეებია თანამედროვე კულინარიულ ტრენდებში, როგორ მოამზადოთ მარტივი და ამავდროულად, გემრიელი კერძი, რომელი ღვინო შეურჩიოთ განსაზღვრულ საკვებს და როგორი სერვირება აირჩიოთ სუფრის გასაწყობად, მაშინ თქვენი მობილური მოწყობილობებით Ana’s Cooking Story-ის აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
ამ ინსტაგრამ-ბლოგის კონტენტი კარგად გამოხატავს, თუ რამდენად მრავალფეროვანია კულინარია. კონკრეტული ინგრედიენტების სხვადასხვა კომბინაციით შესაძლოა, უამრავი კერძი მომზადდეს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებებითა და ვიზუალური სერვირებით. რაც მთავარია, ამ შედევრების შექმნა სახლშიც შესაძლებელია, საჭიროა მონდომება, ინტერესი და, რა თქმა უნდა, კულინარიის სიყვარული.
ეს არის ინსტაგრამის ბლოგი, სადაც მარტივ ფოტო- და ვიდეორეცეპტებს აღმოაჩენთ. უმეტესი კულინარიული ბლოგისაგან განსხვავებით, ვიდეოებს შესაბამისი ხმოვანი აღწერა ახლავს, რაც სახასიათო და ხშირ შემთხვევაში მეტად სახალისოა. თუ თქვენი კულინარიული ძალების გამოცდა გინდათ და გამოწვევებიც არ გაშინებთ, მაშინ ამ ბლოგის ერთგული გამომწერი და ხშირი სტუმარი გახდებით.
კულინარია რომ მართლაც ხელოვნებაა, ამაზე მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. ეს არა მხოლოდ გემოების შეხამებაში, არამედ კერძის სერვირების ძალაშიც გამოიხატება. Mariam’s Cookart შეეცდება, სხვადასხვა კერძის სახლში მომზადება და მათი პროფესიული სერვირება გასწავლოთ.
მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის სამზარეულოს ირჩევთ, დესერტების მოყვარული ხართ თუ არომატული კერძების – Ellie cook მრავალფეროვანი კერძების მომზადებას გასწავლით და რაც მთავარია, მადისაღმძვრელი ფოტოებით აუცილებლად გააღვიძებს თქვენში შეფმზარეულს.