Dreams – მნიშვნელოვანი მომენტებით და ემოციებით შთაგონებული ქართული კონცეპტუალური ბრენდი
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
დღეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს, რომ სასურველი ნივთი ქართული წარმოების კოლექციებში აღმოაჩინოთ. არაერთმა ქართულმა სტარტაპმა შეძლო და მომხმარებელს დამახასიათებელი ესთეტიკის პროდუქცია შესთავაზა. სტატიაში სწორედ ასეთ ახალ კონცეპტუალურ ბრენდს გაგაცნობთ – გიყვებით Dreams-ზე, რომლის თითოეული ნივთი მომხმარებლის ემოციების გამოსაწვევად იქმნება.
Dreams-ის კონცეფცია მუდმივად ცვალებადია, თითოეული კოლექცია – იქნება ეს სამოსი თუ სახლის დეკორისათვის განკუთვნილი დეტალები – ინდვიდუალური ხედვითა და მიდგომით იქმნება. თუმცა, ერთი რამ უცვლელია – ყველაფერს, რასაც ბრენდი ქმნის, ემოციური კავშირი აქვს სამყაროს აღქმასთან, განწყობასთან და განსაკუთრებულ მომენტებთან. როგორც ბრენდის დამფუძნებლები აღნიშნავენ, თითოეულ მოდელზე მუშაობისას საკუთარ თავს Dreams-ის მომხმარებლად აღიქვამენ, ეს შემოქმედებით პროცესს ბუნებრივს და მეტად სასიამოვნოს ხდის, რადგან ბრენდი გვთავაზობს იმას, რაც მის შემქმნელებს თავადვე მოსწონთ, სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dreams ყველაზე კარგად იცნობს თავის მომხმარებელს.
Dreams-ის ისტორია დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. შთაგონებად თავდაპირველად ძველი საახალწლო ორნამენტები იქცა – დეტალები, რომლებსაც წარსულის ნოსტალგია, მასთან ემოციური კავშირი უნდა გამოეწვია, ამავდროულად კი ეს ყველაფერი თანამედროვე ყოველდღიურობაში საინტერესოდ გაცოცხლებულიყო. სწორედ ამ მომენტში მიხვდნენ ბრენდის დამფუძნებლებიც, რომ კოლექციების მთავარი იდეა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო შეგრძნებებზე, რომლებიც ყველაზე ცოცხალია ადამიანისათვის.
“ყოველი კოლექცია იწყება კითხვით – რა არის მისი თემატიკა. ეს შესაძლოა იყოს ნოსტალგიური შობა ან თუნდაც ეროტიკული სიზმრები. სწორედ აქ იწყება შემოქმედებითი პროცესი და იქმნება დიზაინი, რომელიც ამ კონკრეტულ თემას გამოხატავს. ჩვენ გვსურს მომხმარებელმა Dreams-ის პროდუქცია მისი ესთეტიკით ამოიცნოს. ასევე გვჯერა, რომ კოლექციების დამახასიათებელი თვისებაა, რომ თითოეულ ნივთს აქვს უნარი, მომხმარებელს ემოციები აღუძრას. ამ მიზნის მისაღწევად გუნდი ერთად ვმუშაობთ – იდეის მოფიქრებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე. თითოეულ დეტალზე ერთობლივად ვფიქრობთ და გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი სწორედ ასე მიიღწევა,” – გვეუბნებიან ნატაშკა აბზიანიძე და ელენე კაჭარავა, Dreams-ის თანადამფუძნებლები.
თანამედროვე სამყაროში მასობრივი წარმოების პროდუქციამ კრეატიული მიდგომების დათრგუნვა გამოიწვია. დიდი კონკურენციის პირობებში ცოტაა ისეთი ბრენდი, რომელიც ამ ტენდენციას უპირისპირდება. იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რაზეც Dreams არის დაფუძნებული, იოლია მივხვდეთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბრენდთან, რომელიც უპირისპირდება აღნიშნულ კომერციულ წესებს და იზიარებს მიდგომას, რომელიც ხარისხს რაოდენობაზე უპირატეს პოზიციაში აყენებს. სწორედ ამის გამო Dreams ახალ კოლექციებს დიდი დროის შუალედით უშვებს.
დღესდღეობით მოდა თუ ესთეტიკური დანიშნულების ნივთები კონკრეტული იდეის გამოხატვის ყველაზე კარგ საშუალებად იქცა. სოციალური ქსელების განვითარებამ კი ვიზუალური კომუნიკაციის ხერხები კიდევ უფრო მრავალმხრივი გახადა. მომხმარებელთან კომუნიკაციის სტრატეგია მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს ბრენდზე, მის უკან მდგომ ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე და ასე შემდეგ. Dreams-ის ინსტაგრამისა თუ ფეისბუქ-გვერდის დათვალიერებისას ჩნდება განცდა, რომ ეს ბრენდი სულაც არ ცდილობს გვეკონტაქტოს ისე, როგორც პოტენციურ მყიდველს – ის საინტერესო და ორიგინალური კონტენტით ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გვაცნობს ბრენდს, მის ესთეტიკას.
ამჟამად კოლექციები მხოლოდ Dreams-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. როგორც ბრენდის დამფუძნებლები ამბობენ, სურთ მათი კოლექციები ფიზიკურ სივრცეებში განთავსდეს, სადაც მომხმარებელი შეძლებს რეალურ გარემოში ნახოს მოდელები, შეეხოს მათ და უკეთ შეიგრძნოს ხასიათი და ხარისხი.