2021 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 5-12 დეკემბერს ჩატარდება
ავტორი: თინა ლაღიძე
წელს თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით ტრადიციულ ფორმატში – მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდება
ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სექციაში ას ორმოცამდე მოკლე – და სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური, უახლესი და 20-30-იან წლებში გადაღებული, ქართული და უცხოური ფილმები იქნება ნაჩვენები.
წლევანდელი კინოფესტივალი აქცენტს ქართულ ფილმებზე აკეთებს, საკონკურსო პროგრამა მხოლოდ ქართული ფილმებისგან შედგება და მათ საერთაშორისო ჟიური სამ ნომინაციაში შეაფასებს:
საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ჟიური 19 პროექტიდან გამოავლენს, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი 8 პროექტი მიიღებს მონაწილეობას, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის 18 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი იბრძოლებს. გამარჯვებულებს ტრადიციულად ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს პრომეთე გადაეცემათ.
TIFF 2021 კიდევ ერთ საინტერესო კონკურსს გვთავაზობს.
„დეპიქტ!“ (DepicT!) – 90-წამიანი ფილმების კონკურსია, რომელიც ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით იმართება და ფესტივალის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდება.
წელს კონკურსში 42 განსხვავებული ჟანრისა და ფორმის ქართული ფილმი მონაწილეობს. გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება. დაჯილდოება 12 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის სექციებია: ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, ამერიკები, “დამზადებულია გერმანიაში”, ამბოხი კინოში, სპეციალური ჩვენებები, აპოლო: კინომეხსიერება.
აგრეთვე გაიმართება ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტული ჩვენებები, ჩატარდება მასტერკლასები.
კინოფესტივალი წელს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ციკლს გვთავაზობს: საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება მოსკოვის საცავებიდან დაბრუნებული, ახლად აღდგენილი და გაციფრულებული
20-30-იანი წლების ქართული ფილმები, რომლთა უმრავლესობაც ფართო აუდიტორიისთვის სიახლეს წარმოადგენს.
სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის შემოქმედების მოყვარულებს საშუალება ექნებათ დაესწრონ „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული ორი წიგნის პრეზენტაციას: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს სექციაში „ევროპული ფორუმი“ ასევე ნაჩვენები
იქნება ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე, მთავარ როლებს კი თიმ როტი და მია ვასიკოვსკა ასრულებენ.
როგორც ყოველთვის, დიდ ინტერესს იწვევს გახსნის და დახურვის ფილმები: წელს კინოფესტივალი 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით – „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება. ფილმის საერთაშორისო პრემიერა ტრაიბეკას კინოფესტივალზე შედგა და ოთხი პრიზი მოიპოვა, აგრეთვე “მეოთხე ბრაიტონი” საქართველოს სახელით წარდგენილია ოსკარის – ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. ქართველი მაყურებლისთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთ-ერთ როლს ფილმში კახი კავსაძე ასრულებს. ეს მისი ბოლო როლია.
იხილეთ ინტერვიუ ფილმის რეჟისორთან:
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის, ლუი გარელის ფილმი “ჯვაროსნული ლაშქრობა”. მთავარ როლებს თავად რეჟისორი და მისი მეუღლე – ლეტიცია კასტა ასრულებენ.