fbpx

ღია სივრცის ახალ სეზონს დავით ხორბალაძის სპექტაკლი UNMEMORY გახსნის


გააზიარე სტატია

ღია სივრცის“ თეატრალური სეზონი 27 ნოემბერს გაიხსნება – ეს არის სახელოვნებო კომპანია, რომლის მიზანიც ახალი არტისტების აღმოჩენა და საქართველოში ვიზუალური  საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაა. 

წელს თეატრალურ სეზონს ქართველი რეჟისორის, დავით ხორბალაძის სპექტაკლი – UNMEMORY გახსნის. 

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ წარმოდგენის მთავარი სამიზნე მაყურებლის მეხსიერებაა, რადგან ის უწყვეტ გარდაქმნას განიცდის –  საკმაოდ რთულ ამოცანაში გუნდს მუსიკა ეხმარება, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას იწვევს. 

“ამ წარმოდგენის კონცეფციაზე მუშაობისას გამახსენდა ერთი მოვლენა, რომელიც ჩემს ბავშვობაში დიდხანს, ყოველ ზაფხულს მეორდებოდა.  

როცა დასასვენებლად მამაჩემის მანქანით მივდიოდით, აეროპორტის ტრასაზე რომ ჩავიქროლებდით, ერთი ხიდის ქვეშ გავლისას თვალს მოვკრავდი ხოლმე წარწერას – “გვახსოვდეს“, ოღონდ ბოლომდე წაკითხვას ვერ ვასწრებდი. 

ერთხელაც მოვასწარი წაკითხვა,  მაგრამ არ ვიცოდი რას ნიშნავდა –  “გვახსოვდეს აფხაზეთი” ბავშვობიდან გადაიქცა რაღაც ისეთის გასახსენებლად, რაც არასდროს მინახავს, არასოდეს განმიცდია და თითქოს უნდა მენატრებოდეს. 

მთლიანობაში, ზუსტად ეს აბსტრაქტული ნოსტალგიაა, რამაც ამ მუსიკალური პერფორმანსის ხასიათი განსაზღვრა ჩემთვის.  ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ამ კავშირის ვერგანცდაზე პირად თუ საერთო ისტორიასთან, დროსთან, წარსულთან და შეიძლება აწმყოსთანაც. 

შეიძლება არც ეს ისტორიაა ჩემი, არც ეს აწმყო და არც ის მომავალი, რომელზეც ვოცნებობ და სრულიად შესაძლებლად წარმოვიდგენ ხოლმე.  რაც დრო გადის უფრო და უფრო მაწუხებს გარემო, რომელიც მხოლოდ წარსულით ცოცხლობს, ხან დიდების მომენტებს იხსენებენ, ხან სისასტიკის… ან ერთსაც და მეორესაც უბრალოდ იგონებენ ცარიელი იდენტობის ამოსავსებად“, – ამბობს რეჟისორი AT.ge-სთან.

სპექტაკლში მთავარ როლებს მარინა ჯოხაძე, გვანცა ენუქიძე და თამარა ჩუმაშვილი ასრულებენ. რეჟისორის ასისტენტი ლაშა-გიორგი ლაშხია, სცენოგრაფიაზე ანა გურგენიძემ იმუშავა. კოსტიუმების მხატვარი კი ნინო გოდერიძეა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.