fbpx

„შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს


გააზიარე სტატია

 

2021 წლის „საუკეთესო ვენახების“ რეიტინგით, „შატო მუხრანს“ მსოფლიოს 58-ე საუკეთესო მეღვინეობის საპატიო ადგილი ერგო, რითაც უკან მოიტოვა მსოფლიოს ბევრი პრესტიჟული კომპანია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ვენახი იმ სიაში მოხვდა, რომელსაც ღვინისა და ღვინის ტურიზმის ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო ადგენს.

ეს შეფასება „შატო მუხრანში“ სტუმრობის საერთო გამოცდილებას ეყრდნობა, რომელიც ადგილის დათვალიერებას, ღვინის დეგუსტაციას, გარემოს, კერძებს, თანამშრომლებს, ხედებს, რეპუტაციას, მისაწვდომობას და ყველა იმ კომპონენტს აერთიანებს, რომელიც მამულის მონახულებას დაუვიწყარსა და მომხიბლავს ხდის.

 

 

საუკეთესოს წარმოჩენა

„მსოფლიოს საუკეთესო ვენახები“ ყოველწლიური სიაა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობებს წარმოაჩენს, – საუკეთესო ადგილებს, სადაც შესანიშნავი ღვინოების გასინჯვა და მეღვინეობა-მევენახეობის შესწავლა შეიძლება. „შატო მუხრანი“ საქართველოში პირველი და ერთადერთი შატოა რომელიც სიაში მოხვდა და მსოფლიოს ისეთი ცნობილი და აღიარებული ღვინის რეგიონების მეღვინეობები მოიტოვა უკან, როგორებიცაა ნაპას ველი, შამპანი, ბორდო და პიემონტი.

 

 

ექსპერტთა შედგენილი სია

საკონკურსო სიის შედგენისას ითვალისწინებენ მსოფლიოს 600-მდე ღვინის, მოგზაურობის და ღვინის ტურიზმის ექსპერტის ხმებს. 2021 წლის სია ხუთ კონტინენტს, 18 ქვეყანას და 17 ახალ მარანს მოიცავდა. მათ შორის იყო საფრანგეთის, იტალიის, კალიფორნიის და ახლა უკვე პირველად – საქართველოს ლეგენდარული მეღვინეობა „შატო მუხრანის“ სახით.

ექსპერტთა საბჭო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს წარადგენს, სომელიეების, ღვინის ჟურნალისტების, მოგზაურობის ექსპერტების და ღვინის მოყვარულებისგან შედგება. ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ და თითოეულ მათგანს შვიდი ხმის უფლება აქვს. მონაწილეები ხმებს იმ მეღვინეობებს აძლევენ, რომელთაც სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების მიცემა შეუძლიათ და რომლებზეც მეგობრებს თამამად გაუწევდნენ რეკომენდაციას.

 

 

„შატო მუხრანი“ – წარსულის და აწმყოს დიდება

„შატო მუხრანში“ ღვინის დაყენების ისტორია 1878 წლიდან იწყება, როცა პირველი მოსავალი მიიღეს. ბაგრატიონთა კეთილშობილი გვარის მემკვიდრემ, თავადმა ივანე ბაგრატიონმა ღვინის დაყენების ნატიფი ხელოვნება საფრანგეთის ბორდოსა და შამპანის რეგიონებში შეისწავლა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მან გადაწყვიტა, შატოს კონცეფცია საქართველოში დაენერგა. თავადმა ღვინის დაყენების თანამედროვე მეთოდები შემოიტანა და მუხრანის საგვარეულო მამულში საუცხოო ქართული ღვინოების წარმოება დაიწყო. მალე მუხრანის მამული ქართული და უცხოური ელიტის ბრწყინვალე წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილად იქცა.

დღეს „შატო მუხრანი“ თავისი მე-19 საუკუნის სასახლით, რესტორნით, მშვენიერი ბაღებით და მდიდრული ვენახებით საქართველოს ისტორიას თანამედროვე ღვინის ტურიზმთან და სტუმართმოყვარეობასთან აერთიანებს. შატო თბილისთან ახლოს, ქართლის რეგიონში მდებარეობს. მისი ვენახები 102 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, სადაც ყურძნის ქართული და საერთაშორისო ჯიშები იზრდება და მათ ორგანული მევენახეობის წესებით უვლიან. ა  ქ წარმოებული ღვინოები სრულყოფილად ასახავს ქართლის ტერუარის ინდივიდუალობას და ხასიათს. ამის შედეგია ის, რომ „შატო მუხრანის“ ღვინოებმა მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსებზე 200-ზე მეტი ჯილდო მიიღეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.