fbpx

იან ფაბრი: მეტამორფოზის ანგელოზი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

20-22 ნოემბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, Silk Factory Studio-ში, ბელგიელი არტისტის, იან ფაბრის ფილმის – „არც ერთხელ“ (Not Once) ჩვენება გაიმართა. ფილმში ლეგენდარული მოცეკვავე მიხაილ ბარიშნიკოვი მონაწილეობს. ეს  პროექტი ფაბრის და ბარიშნიკოვის პირველი კოლაბორაციაა, რომელზეც 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ფაბრიმ ბარიშნიკოვთან თანამშრომლობის მიზეზად არტისტის მეტამორფოზის და სხვად გარდასახვის განსაკუთრებული უნარი დაასახელა: „ის თითოეულ მოძრაობაში სულს და შინაარსს დებს – მაშასადამე საზრისს“. 

ფილმი იან ფაბრის მიერ დაწერილ მონოლოგზეა აგებული, რომელშიც ბარიშნიკოვი ფოტოგამოფენისთვის მომზადებული თერთმეტი წარმოსახვითი ოთახის მეშვეობით ფოტოგრაფ ქალთან პლატონურ ურთიერთობაზე ჰყვება. მონოლოგში ბარიშნიკოვი დეტალურად აღწერს ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ მის სხეულს. ფილმის მთავარი კონცეფცია ხელოვანსა და მის შემოქმედებას შორის ურთიერთობაა. ფილმის თანარეჟისორი ბრიტანელი არტისტი ფილ გრიფინია, რომელმაც ფაბრისთან თანამშრომლობით 2014 წელს 24-საათიანი წარმოდგენა  – „ოლიმპოს მთა“ (Mount Olympus) დადგა. 

„ოლიმპოს მთა“ ფაბრის, როგორც მხატვრის შთამბეჭდავი კარიერის სინთეზად შეიძლება ჩაითვალოს, რომლითაც მან თანამედროვე თეატრის ისტორია შეცვალა. ამ სპექტაკლში არტისტმა თავისი აპრობირებული მხატვრული სტრატეგიები უკიდურესობამდე მიიყვანა. წარმოდგენა ერთი დიდი ოდისეაა და ის ბერძნული მითოლოგიის სამყაროსთან იკვეთება. 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა მითოლოგიური გმირები, მათ შორის ოიდიპოსი, ჰერკულესი, აგამემნონი, ელექტრა,  მედეა, იასონი, ანტიგონე და ა.შ., კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ მონაკვეთებს გადიან, სადაც შურისძიება და ინტრიგები მათი თანამდევია. სცენაზე ლიტრობით სისხლი და უმი ხორცის ნაჭრები პირდაპირი მნიშვნელობით დაფრინავენ. ამ წარმოდგენით ფაბრი ბერძნული თეატრის ტრაგედიის საწყისს და დიონისურ რიტუალებს ეხმაურება. სპექტაკლის დასასრულს ღვინის ღმერთი (დიონისე) ჭეშმარიტებაზე საუბრობს და ამბობს: „მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა და მისი სახელია სიგიჟე.“

იან ფაბრი თანამედროვე არტ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მულტიდისციპლინური  არტისტია. მის ნამუშევრებს შორისაა: ნაღდი ფულის დაწვა და სიტყვა „ფულის“ დაწერა მისი ფერფლით, ტვინი – სკულპტურები რელიგიური იკონოგრაფიით, საკუთარი სისხლითა და სპერმით შექმნილი არტეფაქტები  და ა.შ. 

ფაბრი საკმაოდ სკანდალური ფიგურაა არტ-სამყაროში. განსაკუთრებული აღშფოთება 2002 წელს ანტვერპენის მერიის შენობაში კატების ჰაერში ასროლას მოჰყვა, რომლებიც ხმამაღლა ენარცხებოდნენ კიბეებს. ცხოველთა უფლებების დამცველებმა არტისტის წინააღმდეგ საჩივარიც კი შეიტანეს. 

 ფაბრის მთელი კრეატიული გზის განმავლობაში, ვიზუალური ხელოვნების პიონერი, ძლიერი იმიჯებით  საკუთარ გამოცდილებას მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და კვეთს ხიდს სხვადასხვა დისციპლინებს შორის. „ჩემი შემოქმედება იმ ხელოვანის და ადამიანის იდენტობას ასახავს, რომელიც მუდმივად რისკების და ექსპერიმენტების ძიებაშია.“სიკვდილი და რეინკარნაცია არტისტის ნამუშევრების ცენტრალური და განმეორებითი თემაა. ამ იდეების მანიფესტაციას ის მწერებითა და ხოჭოებით გატაცებაში ავლენს, რომლებსაც აღნიშნული თემების სიმბოლოებად წარმოადგენს. 

2008 წელს იან ფაბრი პირველი ცოცხალი არტისტი იყო, რომელმაც ლუვრში პერსონალური გამოფენა გამართა. მანამდე კი, 2002 წელს, მან დედოფალ პაოლას დაკვეთით ბრიუსელის სამეფო სასახლის სარკეებიანი დარბაზის ჭერი მილიონობით ხოჭოს ფრთებით მორთო, და შექმნა ნამუშევარი – „Heaven of Delight“. ამ მხრივ ფაბრი „თანამედროვეობის მიქელანჯელოდაც“ შეგვიძლია განვიხილოთ. 

ტრადიციისამებრ, ყველა მეფეს ან დედოფალს თანადროული არტისტი უნდა მოეწვია სასახლეში სამუშაოს შესასრულებლად. ეს ტრადიცია 1909 წელს მეფე ლეოპოლდ II-ის გარდაცვალებამ დროებით შეწყვიტა, თუმცა 21-ე საუკუნეში დედოფალმა პაოლამ ის კვლავ აღადგინა. მეტიც, მიუხედავად ფაბრის სკანდალური პერსონისა, დედოფალმა თავად გამოთქვა სურვილი არტისტს სარკის დარბაზი მისი უნიკალური ხედვით გარდაექმნა. ასეც მოხდა, მხატვარმა დარბაზი რადიკალურად შეცვალა. მან ჭერი კაშკაშა მწვანე ფერის მწერებით გააფორმა და მოხატვის ნაცვლად,  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან (ძირითადად ტაილანდიდან) ჩამოტანილი მილიონობით ხოჭოს ფრთები გამოიყენა. მწერები ფაბრის არაერთ ნამუშევარში გვხვდება, მაგრამ ამჯერად ისინი არა მხოლოდ ფერის, არამედ ურიცხვი სახეობის და ღირებულების გამო აარჩია. გარდა ამისა, კარკასის ქიმიურ შემადგენლობაში ქიტოზანს ვხვდებით – ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ჭურვების სიკაშკაშის დაკარგვას დროთა განმავლობაში. შედეგად, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული ნამუშევარი მივიღეთ. დარბაზში სეირნობისას თავდაპირველად უცნაური შეგრძნება გეუფლებათ. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო სასახლეში ხართ, თქვენს თავზე მილიონზე მეტი მკვდარი ხოჭოა, რაც თავისებური პარადოქსია. 

“Enfant terrible” ევროპის ექსპერიმენტული ფესტივალების, კერძოდ, ავინიონის ხშირი სტუმარია. 2003 წელს ფაბრი ფესტივალზე პერფორმანსით – „სიკვდილის ანგელოზი“ (The Angel of Death) წარდგა, რომელიც ამერიკელ ქორეოგრაფს, უილიამ ფორსაიტს მიუძღვნა. დემონურ პერსონაჟს ვიდეოინსტალაციაში თავად ფორსაიტი ასრულებს, სადაც ნახევრად შიშველი ქორეოგრაფი ფაბრის დაწერილ ტექსტს მონოლოგის სახით კითხულობს და „სიკვდილის ანგელოზივით“ თავის ქალებსა და სხეულის ნაწილებს შორის ცეკვავს. „The monologue for a man, a woman, or a hermaphrodite“ (“მონოლოგი კაცისთვის, ქალისთვის ან ჰერმაფროდიტისთვის”), ენდი უორჰოლით არის შთაგონებული და რამდენიმე იდეას მოიცავს, რომელიც ავთენტურობას და ხატების უკვდავებას ეხება. შედეგად, სპექტაკლი 3 გონების შეხვედრაა: უორჰოლის, ფორსაიტის და თავად ფაბრის. მეტამორფოზი, გენდერი, ორმაგი იდენტობა და არტისტი არსებითი თემებია როგორც აღნიშნულ პერფორმანსში, ასევე ზოგადად ფაბრის შემოქმედებაში. 

ფაბრი ყოველთვის გატაცებული იყო სხეულით და გროტესკით. ეს ნათლად ჩანს მის მორიგ სკანდალურ პროდუქციაში –  „მე ვარ სისხლი“ (I Am Blood), რომელიც სპეციალურად ავინიონის ფესტივალისთვის შეიქმნა. წარმოდგენის ამოსავალი წერტილი სხეულია, მასში ფაბრი ფიზიკურ და გონებრივ ჭრილობებს გვაჩვენებს, რომლებსაც შუა საუკუნეებიდან დღემდე ვატარებთ. იმისთვის, რომ ფიზიკური შეზღუდვებისგან და ტაბუებისგან გათავისუფლდნენ, სხეულები სრულიად თხევადი გახდნენ, სისხლად იქცნენ, სხეულის საწვავად. კასტრაციის, ეგზორციზმის და ორგიების შემზარავი სცენები პერფორმანსის ნაწილია. აპოკალიპსური და გროტესკული გამოსახულებები, თეთრ კაბებში გამოწყობილი პატარძლებით, ქირურგებით და რაინდებით არის წარმოდგენილი. ფაბრის სცენები თითქოს ბოსხის ნახატებიდან არის გადმოტანილი, ნახევრად ლათინური ტექსტი მეთორმეტე საუკუნის მისტიკოსის, ჰილდეგარდ ბინგენელის ნაშრომებს ეხმაურება. 

მიუხედავად გრძელი რეზიუმესა, ფაბრი ახლის აღმოჩენის სურვილს არ კარგავს. „მე თავს ემბრიონად ვგრძნობ, – თქვა მან, – მე ახლა ვიწყებ.“

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.