fbpx

ქეთი კაპანაძის და ალექსანდრე ბეგლარიშვილის დუო შოუ „მე და შენ, შენ და მე“ გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ორი სხვადასხვა თაობის ხელოვანის, ქეთი კაპანაძის და ალექსანდრე ბეგლარიშვილის დუო შოუს „მე და შენ, შენ და მე“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანების ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლის საერთო ხაზი რკინის მასალაა.

გამოფენა წარმოადგენს ორი ხელოვანის ინდივიდუალურ კვლევის საგანს, რომლებიც ერთი მთლიანი ინსტალაციის სახით გამოფენაზე ერთიანდება.

ქეთი კაპანაძე

მე და შენ, შენ და მე

ვინ ვარ მე, ის, ვინც ჩემს ტანში ზის და აცნობიერებს რომ აზროვნებს, თუ ის, ვინც სარკეში თავის ანარეკლს ეძახის მეს.
სამყარო გაცნობიერების უწყვეტ ნაკადად მოგზაურობს გარედან შიგნით, შიგნიდან გარეთ, თითქოსდა არ არსებობდეს კედლები, დაბრკოლებები, ფიზიკური კანონები, ბიოლოგიური წესები, ჩემიდან შენში, შენიდან ჩემსი. და რა განსხვავებაა მაშინ ჩვენს შორის? ხომ შეიძლება რომ ჩემი ცნობიერება იყოს შენი და შენი ტანი იყოს ჩემი. და თუ ასეა, რა მოხდება, რომ მე ვიყო შენ და შენ იყო მე ახლა.

გადააბიჯე

გადააბიჯე ფიზიკური წესების ფარდას,
შენ იქ იპოვი ციფრთა სტრუქტურებს,
რომლებიც ალბათობების უთვალავი
ვერსიებისგან ქმნიან იმ ენას,
რომლითაც სამყარო გველაპარაკება.

 

ალექსანდრე ბეგლარიშვილი

განგმირვისთვის საკუთარი მზაობის დასაცავად,
უარჰყავი მიუკერძოებელი, ზომიერი გატაცების ამბავი.
მოქსოვე აღტკინების მტკიცე ძაფი,
რომლითაც აალებადი ინერციით ჩააღწევ წამიერი მიძღვნის
ყოვლისმომცველ ჟინამდე,
რომელიც გადალახავს საკუთარ თავზე ზრუნვის და სიჯანსაღის იმ განყენებულ, ტყუილ საზღვრებს, რის მიღმაც მემალები.
და თუ ჩემი სურვილის შეუპოვრობა განგაშის ზარს ჩამოკრავს,
გამოჭედე სუფთა რკინის პერანგი,
მე ორგანზაში დაგხვდები.

 

გამოფენა დათვალიერება 14 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.