fbpx

ჰოლივუდის სტუდიების მოთხოვნით ქართულ მეკობრულ საიტებს ფეისბუქ- და ინსტაგრამ-გვერდები წაუშალეს


გააზიარე სტატია

Facebook-მა და Instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების – დისნეის, პარამაუნტის, ვორნერის, უნივერსალის, სონის, ნეტფლიქსის – გაერთიანება MPA(Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, ფეისბუქის და ინსტაგრამისპლატფორმებზე გვერდები წაუშალა.

 

 


ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასტრუქტურა პირატულ საიტებს შეზღუდავს.

სოციალური ქსელების მიერ მეკობრული საიტებისთვის გვერდების წაშლის შესახებ  საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა,  ცენტრის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, მსგავსი პირატული საიტები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე. 

მისივე თქმით, საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი USAID-თან ერთად გეგმავს კამპანიის ჩატარებას, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს რა არის პირატობა და რატომ არის ქვეყნისთვის ეს ნეგატიური. 

“საქართველოში ეს პროცესები პანდემიის დაწყებამდე დაიძრა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მსოფლიოში თითქმის ყველაფერი შეჩერებული იყო, შეუძლებელი იქნებოდა ოფიციალური, ლეგალური საიტების შემოსვლა ჩვენს ბაზარზე, რაც ქართველ მომხმარებელს იზოლაციის პირობებში არ მისცემდა საშუალებას ფილმები და სერიალები ენახა, სწორედ ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი მოგვიანებით დავიწყეთ.”  – განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა, საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდის სტუდიებთან და მისი მიზანია საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გულისხმობს არალეგალურ საიტებზე უკანონოდ განთავსებული  მოპარული ფილმების და სერიალების შეზღუდვას. 

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი აერთიანებს ყველა ძირითად ტრადიციულ თუ არატრადიციულ მედიას, ინტერნეტპროვაიდერებს, კინოთეატრებსა და თითქმის ყველა იმ მხარეს, ვინც აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ინტელექტუალური საკუთრების დაცვით ქმნის ან იყენებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.