fbpx

ინგლისელები არ ხუმრობენ – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სახელოვან გუნდში მწვრთნელის ჩანაცვლებას ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე და პრესასაც სალაპარაკო ეძლევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თვით „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ბარსელონას“ დონის კლუბებს ეხება.

გასულ კვირას სწორედ ეს ორი კლუბი აღმოჩნდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეხუთე სათამაშო დღეს ამ ტურნირზე სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონაში“ ჰქონდათ მწვრთნელებს დებიუტი.

ოლე გუნარ სულშერს უნიკალური სამწვრთნელო კარიერა გამოუვიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, რადგან სამწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ის თითქმის გამუდმებით კლუბიდან გაშვების პრეტენდენტი იყო. ნორვეგიელს წამდაუწუმ აპატიებდნენ გაუთვალისწინებელ „სიურპრიზებს“, მაგრამ პრემიერლიგის გათამაშებაში „უოტფორდთან“ ანგარიშით 1:4 წაგებული მატჩი უკვე მეტისმეტი იყო და ნორვეგიელი სპეციალისტი ყოფილ თანაშემწე მაიკლ კერიკით ჩაანაცვლეს.

პირველი მატჩი უფროსი მწვრთნელის სტატუსით კერიკმა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა. რამდენადაც უხერხული მეტოქე  უნდა იყოს მუდმივად მებრძოლი ესპანური კლუბი, ის როგორც შემადგენლობით, ისე ფინანსური შესაძლებლობებით ჩამოუვარდება „მანჩესტერ იუნაიტედს“. აქედან გამომდინარე, ახალი მწვრთნელისთვის გუნდში თვითსადამკვიდრებლად აუცილებელიც კი იყო ამ მატჩის მოგება.

კერიკმა საკმაოდ ორიგინალური ხედვა სადებიუტო მატჩშივე გამოავლინა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც მოწინააღმდეგენი ფრთხილობდნენ და უპირველეს ყოვლისა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, სტუმრებმა მეორე ტაიმის პირველი 20 წუთის მანძილზე, როგორც მალევე გაირკვა, ინიციატივა შეგნებულად დათმეს, მასპინძლები საკუთარი კარის სიახლოვეს მიუშვეს, მოქანცეს და შემდეგ უკვე თავად შეუტიეს…

ახალმა მწვრთნელმა მატჩის 66-ე წუთამდე მეტოქეს ბრუნო ფერნანდეში და რეშფორდი „დაუმალა“. მათი გამოსვლის შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალის“ ნახევარზე დასახლდა, ორი გოლი გაიტანა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.  

მაიკლ კერიკს ისეთი დებიუტი გამოუვიდა, ნებისმიერი მწვრთნელი რომ ინატრებდა. პირველსავე მატჩში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა!

კერიკისგან განსხვავებით, ვერ ივარგა მისმა „ბარსელონელმა“ კოლეგა ჩავი ერნანდესმა. „ბენფიკასთან“ მატჩამდე მას ბევრი ვერაფრის მთქმელი დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, რომელიც კატალონიელებმა გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.

„ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კი „ბარსელონა“ ორჯერ ისე გადარჩა, რომ ალბათ ჩავის ეს ეპიზოდები თავისი სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე დაამახსოვრდება. 

პირველ შემთხვევაში საქმე სასწაულებრივად გაუქმებულ გოლს ეხება, მეორეში კი „ბენფიკას“ თავდამსხმელ სეფეროვიჩის გარღვევას, როდესაც მან გოლკიპერ ტერ შტეგენს გვერდი აუარა, მაგრამ იმის ძალა კი აღარ ეყო, რომ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთვის“ მატჩის უკანასკნელ წუთზე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა. შვეიცარიის ნაკრების ფორვარდმა ბურთი ცარიელ კარს ააცილა…

საგოლე მომენტები „ბარსელონასაც“ ჰქონდა, მაგრამ აქ მოყვანილ ორ ეპიზოდს რომც აღარ შევეხოთ, ჩავის გუნდის უმწეობაზე სტატისტიკაც მეტყველებს. „ბარსელონამ“ ორ შეხვედრაში ერთი გოლიც ვერ გაუტანა „ბენფიკას“, რომლის კარიც ჯგუფის ლიდერმა „ბაიერნმა“ ჯამში 9-ჯერ დალაშქრა.

„ბარსელონას“ ხუთი ტურის შემდეგ ორადორი გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ კიევის „დინამო“, „შახტარი“  და „მალმიო“ ჩამოუვარდება. ეს კი სრული კატასტროფაა!

როგორც მოსალოდნელი იყო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსად, შარშანდელი ფიასკოსგან თავი დაიძვრინა „ინტერმაც“, რომელმაც „შახტარის“ ძლევით მერვედფინალის საგზური მოიპოვა. 

ბრძოლას დაუბრუნდა „მილანიც“, რომელმაც მადრიდში „ატლეტიკოს“ დამარცხებით შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებების სერია. B ჯგუფს დანაკარგის გარეშე ლიდერობს „ლივერპული“. მეორე ადგილის მაძიებელთა შორის კი, „პორტუსთან“ და „ატლეტიკოსთან“ ერთად, უკვე „მილანიცაა“.

„ლივერპულის“ მსგავსად, დანაკარგის გარეშე ასპარეზობას განაგრძობენ „ბაიერნი“ და „აიაქსი“. აი ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგო „იუვენტუსმა“ კი ლონდონის „ჩელსისთან“ გასვლაზე ისეთი მარცხი იწვნია, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ დაფიქსირებული 0:4 სამუდამოდ დარჩებათ „ბებერ ქალბატონზე“ გულის მოსაფხანად „ინტერის“ გულშემატკივრებს.

ასეთ რბევასთან ერთად, ალბათ ბევრი არ ელოდა, რომ „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩში ანგარიშს ლონდონელთა მარჯვენა მცველი ტრევო ჩალობა გახსნიდა.

მეორე ბურთი ჩალობას მსგავსად, „კიკინებიანმა“ მარჯვენა ნახევარმცველმა რიის ჯეიმსმა გაიტანა, მესამე – ყველგანმყოფმა ჰადსონ-ოდოიმ, ხოლო მეოთხე კი ტიმო ვერნერმა, რომელსაც ცენტფორვარდის პოზიციის მიუხედავად, „ჩელსიში“ ჩატარებულ 42 მატჩში სულ რაღაც 7 გოლი აქვს გატანილი.  

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუმრები აბსოლუტურად მოუმზადებელნი შეხვდნენ ლონდონელების შემტევ სტრატეგიას, რომელთა იერიშებიც მოედნის მთელ სივრცეს მოიცავდა ფლანგებით დაწყებული, ცენტრით დამთავრებული. „იუვენტუსის“ ფეხბურთელები კი უბრალოდ ვერ აუდიოდნენ მასპინძელთა მიერ შეთავაზებულ სათამაშო რიტმს.

რაზე ფიქრობდა საკუთარი გუნდის საცოდაობის შემყურე „იუვენტუსის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი? ალბათ იტალიის სერია A-ს წინა მატჩი ახსენდებოდა  „ლაციოსთან“, სადაც მის გუნდს მეტოქეც გასული საუკუნის ტემპში ეთამაშებოდა და მსაჯებიც ტრადიციულად ეხმარებოდნენ.

აი ფეხბურთი კი გაცილებით შორს წავიდა და პრემიერლიგის სათამაშო ხელწერის ძლევამოსილება საკუთარ თავზე „პარი სენ-ჟერმენმაც“ გამოცადა, რომლის შემტევმა თანავარსკვლავედმა და ფიზიკურად ძლიერმა ნახევარმცველებმაც კი ვერაფერი გააწყვეს „მანჩესტერ სიტის“ მიერ შეთავაზებული სათამაშო ტემპის და ინტენსივობის წინააღმდეგ. 

მატჩის 50-ე წუთზე კილიან მბაპემ, როგორც ყოველთვის, უმაღლესი სათამაშო ოსტატობა გამოავლინა და ანგარიშიც გახსნა, მაგრამ მას შენარჩუნება ხომ სჭირდებოდა? 

„პარი სენ-ჟერმენი“ ცალკეული მოთამაშეების ვარსკვლავობის ხარისხის მიხედვით შეიძლება აღემატებოდეს კიდეც „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ ფრანგულ სუპერკლუბს არ გააჩნია ის პრემიერლიგური ნებისყოფა, რის გარეშეც შეუძლებელია პეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხება. 

ჯერ კიდევ 1:1-ის პერიოდში ნეიმარს თანაგუნდელთა დაწინაურება შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმო მოედანზე „გაისეირნა“, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 

მომენტის გაფუჭების შემდეგ კი ბრაზილიელს სახეზე არამცთუ განცდა, არამედ „მანჩესტერ სიტის“ მცველის „გაპამპულებით“ გამოწვეული ღიმილი აღბეჭდოდა, თითქოს მისი გუნდის მეტოქე საფრანგეთის პირველი დივიზიონის რომელიმე რიგითი კლუბი და არა პირველ მატჩში მარცხის შემდეგ რევანშის მოსურნე ძლევამოსილი „მანჩესტერ სიტი“ ყოფილიყოს.

ნეიმარის თანამემამულე გაბრიელ ჟეზუსს კი თვითკმაყოფილებისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონია. მან მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთში ჯერ სტერლინგის მისამართით განახორციელა საგოლე გადაცემა, შემდეგ კი უკვე ბერნარდუ სილვას პასი თავად აქცია გოლად და მატჩის გმირადაც იქცა.

ამ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსად, დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. 

როგორც ვხედავთ, ინგლისელები შარშანდლის მსგავსად, წლეულსაც არ ხუმრობენ. მათთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის მოგების უმთავრეს პრეტენდენტებად „რეალი“ და „ბაიერნი“ რჩებიან. ლევანდოვსკის „მაკრატელა“ განა ულამაზესი გოლი არ იყო განვლილ ტურში?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.