fbpx

Neon Warrior და ბოტანიკური ბაღის მისტერია


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

“ეს ალბომი ასახავს ტყეში შესული, სულიერად და ემოციურად განადგურებული ადამიანის მდგომარეობას“. – ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ შინაარსობრივად Botanical Garden საკმაოდ მნიშვნელოვან და გლობალურ საკითხებს ეხმაურება, როგორებიცაა ეკოლოგიური ცნობიერების დეფიციტი, კაპიტალისტური ისტერია თუ ბუნებასთან გაუცხოების პრობლემა. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა მარტივად იკითხება, რომ ეს ჩანაწერი, პირველ რიგში, პერსონალური ალბომია, რომელიც პირადი ისტორიებით და გამოცდილებებითაა გაჟღენთილი.

გოჩა ანიაშვილი, იგივე Neon Warrior არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ელექტრონული მუსიკის ქართულ სცენაზე გამოჩნდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისგან მოკლე დროშიც კი საკმაოდ მკაფიო სიგნალები დავინახეთ იმის შესახებ, თუ როგორია მისი მუსიკალური გზა. მისტიციზმით თუ ოკულტიზმით შთაგონებული ბნელი მუსიკალური ტონები მის მუსიკაში ადრეც შეიმჩნეოდა, მაგრამ CES Records-ზე გამოცემულ Botanical Garden-ში პირველად ვეცნობით არტისტის შემოქმედებით სამყაროს, როგორც ერთიანს და მთლიანს.

ალბომის მუსიკალური განწყობა და სტრუქტურა მთლიანად აგებულია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიღებულ გამოცდილებაზე, რომელიც, როგორც თავად გოჩა განმარტავს, ამ ჩანაწერზე მუშაობის დროს შემოქმედებითი კომპასის ფუნქციას ასრულებდა.

“შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ შავ ზღვაზე პირველად შარშან მოვხვდი და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში ხეტიალში გავატარე” – ის სიმშვიდე და სიჩუმე, რომელიც ბაღის ლანდშაფტს ახასიათებს, ქართველი მუსიკოსისთვის ერთგვარი განაცხადი აღმოჩნდა, რისი გადმოტანაც მან მუსიკაში გადაწყვიტა: “ადამიანებმა თითქოს დავივიწყეთ, რომ ჩვენც ბიოლოგიური ჯაჭვის ნაწილი ვართ და ის კავშირი, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის იყო, სადღაც იკარგება. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ბუნებასთან კონტაქტი აღდგეს – ეს ალბომიც ბუნებასთან კავშირის დამყარების ჩემი გზაა”.

დასაწყისში ვახსენე, რომ არტისტის პირადი გამოცდილება ალბომის წამყვანი ხაზია, მაგრამ გოჩა განმარტავს, რომ მისი ნებისმიერი პირადი გამოცდილება დიდი დოზით უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომლებიც ცალკეული ადამიანების სამყაროს ცდება და ზოგად საზოგადოებრივ წესრიგს განსაზღვრავს. Botanical Garden-ში ასეთ საკითხად კაპიტალიზმი და მისით განპირობებული სოციალური წესრიგი გვევლინება: “კაპიტალიზმი კლავს… კლავს ემოციებს, სიცოცხლეს… ის შთანთქავს ყველაფერს, მათ შორის ბუნებას, რომელიც ბეტონის ჯუნგლებს ეწირება… ჯუნგლებს, სადაც ადამიანები ყოველდღიურად იკარგებიან”.

რკინის გალიიდან თავის დაღწევის გზას არტისტი იმის გააზრებაში ხედავს, რომ “ჩვენ ყველანი ყვავილების შვილები ვართ”. შეიძლება ითქვას, რომ როგორც შინაარსობრივად, ასევე მუსიკალურადაც Children of Flowers ალბომის საკვანძო კომპოზიციაა. გარდა იმისა, რომ სათაურში გამოხატული შინაარსი ჩანაწერს დასაწყისიდან ბოლომდე გასდევს, საინტერესოა თავად კომპოზიციის სტრუქტურაც: ადამიანის ვოკალის გლიჩურ, რობოტულ ფაქტურას აკომპანირებას უწევს დრამის და ბასის სექცია, რასაც არტისტის შემოქმედებაში არცთუ ისე ხშირად ვხედავთ.

Neon Warrior-ის მუსიკაში ადვილად შესამჩნევია, რომ ის პერკუსიულ ელემენტებს არ იყენებს მანამდე, სანამ ამის აუცილებლობა არ დგება. თითქოს ის ყოველთვის ცდილობს თავის ჩანაწერებს უკეთ სუნთქვის საშუალება მისცეს და არ შეაბიჯოს იმ ტერიტორიაზე, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუმცა Botanical Garden-ში კი არაკომფორტულ სივრცეებთან შეხება უფრო დიდი დოზით გვხვდება. ალბომის პირველი ნახევარი უფრო ექსპოზიციურია და ნაკლებად ითხოვს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას – უფრო მნიშვნელოვანია საერთო განწყობა და იმ სამყაროს სონიკური დახასიათება, სადაც ავტორი გვეპატიჟება.

ალბომის საწყისი 5 კომპოზიცია ფაქტობრივად ექსკურსიული ფუნქციით არის დატვირთული, Guardians of The Forest კი ამ ექსკურსიის უფრო საშიშ და საყურადღებო ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ის წერტილია, სადაც საბოლოოდ ვხვდებით, რომ გამწვანებული მცენარეების და აყვავებული ხეების ნაცვლად ბაღის ლანდშაფტს დაჭაობებული მიწა და ლპობის პირას მყოფი ყვავილები განსაზღვრავენ. ვფიქრობ, შინაარსობრივი აქცენტის დასმაში ალბომს ეს კომპოზიცია ძალიან ეხმარება, რადგან აქ არტისტი მკაფიოდ ამბობს, რომ მისი ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი პასიურ სეირნობას არ გულისხმობს.

გოჩა ხშირად აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედებითი ენერგიის გასაღები ყოველთვის მძაფრი ემოციაა: “მუსიკას მარტო მაშინ ვაკეთებ, როცა სტრესში ვარ. სწორედ ეს სტრესი, ან სხვა მსგავსი მძაფრი ემოცია მაწერინებს მუსიკას”. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სტრესი და ზოგადად შფოთვის ელემენტები მისი მუსიკის კულისებში არ რჩება, ის მთავარ სცენასაც იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერში ვოკალის და პერკუსიის დოზა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მის რომელიმე წინა ალბომში, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ Neon Warrior მსმენელთან ურთიერთობას ტერორის ენით განაგრძობს. ეს მიმართება ალბომის მეორე ნაწილში ბევრად ადვილი საპოვნელია – ყოველი კომპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად მძაფრი გახადოს ის ემოცია, რომელიც ჩანაწერების შექმნას წინ უძღოდა.

პროექტი Neon Warrior არასდროს განიცდიდა ინდასთრიალის და ნოიზ მუსიკის გავლენის ნაკლებობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მან კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი გადადგა იმ მუსიკალური სამყაროსკენ, რომელიც მისმა კუმირებმა დეკადების წინ შექმნეს. გოჩა არც უარყოფს, რომ მის მუსიკას ჯონი ქეიჯის, ჯენეზის პი-ორიჯის, აპექს ტვინის თუ სხვა მისთვის საინტერესო არტისტების გავლენა თან სდევს, მაგრამ თუ მისი შემოქმედების რომელიმე ნაწილი ამ გავლენის ღირსეულ პასუხს წარმოადგენს, ალბათ ეს მაინც Botanical Garden არის – შეიძლება არაამბიციური, მაგრამ საკმაოდ გულწრფელი რეაქცია ყველაფერ იმაზე, რაზეც ავტორი ფიქრობს ან წუხს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ Botanical Garden-თან ერთად Neon Warrior თავის სამოქმედო სივრცესაც აფართოებს და საკუთარ თავს აძლევს შანსს უფრო მეტი და დიდი ექსპერიმენტებიც ჩაატაროს, რაც მის მომავალ ჩანაწერებში უფრო გამოჩნდება. ამჯერად კი მისი ბოლო გაჩერება ის ადგილია, სადაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ყვავილების შვილები ვართ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.