fbpx

უგო ვოაცი – სივრცე მიმღებლობისთვის


გააზიარე სტატია

ინტერვიუ გაიმართა  თბილისის ფოტოფესტივალის ინიციატივით,

ესაუბრა ანა გაბელაია

 

2020 წლიდან თბილისის ფოტოფესტივალი ევროპაში დაფუძნებული ფოტოგრაფიის პლატფორმის, FUTURES-ის პარტნიორია. პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფების ხელშესაწყობადაა შექმნილი და ყოველწლიურად ფართოვდება. 

თბილისის ფოტოფესტივალი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან ერთად, გთავაზობთ ინტერვიუების სერიას 2021 წლის FUTURES-ის არჩეულ წევრებთან. 

მათ შორის ერთ-ერთი უგო ვოაცია, ბელგიაში მცხოვრები  ქვიარ-არტისტი, რომელიც თავისი შემოქმედების ფოკუსში სწორედ ქვიარ თემებს წარმოადგენს და ფოტოგრაფიის საშუალებით საუბრობს როგორც პირად, ასევე კოლექტიურ გამოცდილებაზე. 

მოგვიყევი  შენზე, ფოტოგრაფიასთან შენს პირველ შეხებასა და აქამდე გავლილ გზაზე. 

ფოტოგრაფიით  იოჰანესბურგის The Market Photo Workshop-ზე დავინტერესდი, მაშინ ძალიან მოხიბლული ვიყავი სამუელ ფოსოს შემოქმედებით. ჯერ ავტოპორტრეტების გადაღება დავიწყე, როგორც საკუთარი იდენტობის კვლევისა და აღიარების ერთ-ერთი საშუალება. ეს ჩემი წარსულისგან განკურნებაშიც დამეხმარა. მოგვიანებით მივხვდი, რომ შემეძლო ფოტოგრაფია და ვიზუალური ხელოვნება გამომეყენებინა, როგორც პოლიტიკური და სოციალური ინსტრუმენტი.

საკითხები, რომლებსაც განიხილავ პროექტში – „ქამელეონი“, პირადი გამოცდილებიდანაა ნაკარნახევი, თუმცა ეს ის გლობალური პრობლემაა, რომელზეც  ხალხი საკმარისად არ საუბრობს. გვიამბე უფრო დაწვრილებით პროექტ „ქამელეონის“ შესახებ – როგორ დაიწყო, როგორ მიდის სამუშაო პროცესი და რა შედეგის მოლოდინი გაქვს?

პროექტის ინსპირაცია ჩემი პირადი გამოცდილებაა, როგორც ბავშვის, რომელიც პატრიარქალურ და ტრადიციულ გარემოში ვიზრდებოდი და 

ჩემს იდენტობასა და სექსუალობას თავისუფლად ვერ გამოვხატავდი. “ქამელეონის” თავდაპირველი იდეაც ხელოვნების მალვით კეთება იყო, თუმცა შემდეგ ის გახდა კოლექტიური  პროექტი, რადგან ნამუშევრები თემის წევრებთან ერთად (მათ უმეტესობა LGBTQ+)  იქმნება. ჩვენ ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ ისტორიებსა და იდეებს და მათ ვიზუალურ ნარატივებად და განაცხადებად ვაქცევთ.  ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ის დენადია და გარდამავალი, ისევე, როგორც ჩვენი სხეულები, იდენტობები და სივრცეები ჩვენ გარშემო.

როგორც კურატორი, ყოველთვის ვცდილობ წავახალისო სახელოვნებო  პროექტები, რომლებიც სხვადასხვა სახის სოციალურ/პოლიტიკურ საკითხებს ეხება. ჩემს პრაქტიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მხატვრებს აწუხებდათ, ხომ არ იყო მათი ნამუშევარი „ზედმეტად აქტივისტური“. როგორია შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობ, უნდა არსებობდეს თუ არა მკაცრი საზღვრები ხელოვნებასა და აქტივიზმს შორის?

პირადად მე თავს ვიზუალურ მხატვრად და აქტივისტად ვთვლი. ვცდილობ,  ჩემ ირგვლივ არსებული საზოგადოების სურვილები და ბრძოლა გავახმიანო,  რომ ერთად შევქმნათ უფრო მგრძნობიარე და მიმღები სამყარო, გავექცეთ და დავუპირისპირდეთ ჰეტერონორმატიული სტრუქტურების მკაცრ რეალობას. მე არ ვფიქრობ, რომ საზღვრები აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ჩვენს შემოქმედებაში და შევქმნათ დიალოგი საკუთარ გულსა და გონებას შორის. როგორც ჩვენს საზოგადოებაში მცხოვრები ლგბტქ+ ადამიანი, რა თქმა უნდა, აქტივისტი ვარ…

როგორ ფიქრობთ, რა არის ხელოვანის როლი სოციალური ცნობიერების ამაღლებაში?

მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ხელოვანებს შეუძლიათ თავიანთი პრაქტიკით მაყურებლისთვის  გზავნილების გადაცემა. ამგვარად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების სივრცეებთან წვდომა ან ხელოვნების უფრო დიდ აუდიტორიამდე  მიტანა (განსაკუთრებით, თუ აქტივიზმსაც ეხება საქმე). ვფიქრობ, ხელოვნებამ ნამდვილად უნდა იზრუნოს სოციალური ცნობიერების ამაღლებაზე. ჩემი პროექტი „ქამელეონიც“ პირადი გამოცდილებიდან დაიწყო, შემდეგ გადაიზარდა კოლექტიურ გამოცდილებაში და პოლიტიკურიც გახდა.

შენს თავს ქვიარ-არტისტად წარმოადგენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ლგბტქ+ თემასთან დაკავშირებული პრობლემები შემდგომშიც დარჩება შენი ყურადღების ცენტრში? 

არა მხოლოდ პრობლემები, არამედ ლამაზი ისტორიები და იმედები ლგბტქ+ ადამიანებისაგან და ადამიანებისათვის. ასე ვახერხებ გავექცე რთულ რეალობას – სიმართლეზე საუბარში შეთხზული ამბებით. ამ ახალ სამყაროში ჩვენ, როგორც იქნა, ვუახლოვდებით მიმღებლობის სივრცეს. 

ხომ არ გაქვს სამომავლო პროექტები, რომელზეც დასასრულს გსურს ისაუბრო? 

ამჟამად ვაკეთებ რეზიდენციას მხატვარ და აქტივისტ ბრენდონ გერკარასთან ერთად La Reunion-ში, სადაც ვაგროვებთ, ვაარქივებთ და ვქმნით გამოსახულებებს, ტექსტებს, ვიდეოებს, პერფორმანსებს კუნძულის LGBTQ+ საზოგადოებასთან ერთად, სადაც წელს, 2021 წლის მარტში, პირველი პრაიდი (ღირსების მარში) ჩატარდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.