fbpx

თბილისში 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

ავტორი: ია ვეკუა

 

თბილისში კინო დაბრუნდა – საპრემიერო ჩვენებებით, რეტროსპექტივებით, კონკურსებით, პრიზებით, იმედგაცრუებებითა და სეანსიდან გამოყოლილი განცდებით. თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დიდ ეკრანზე ინაცვლებს, მაყურებელს კი 60-მდე ევროპული, აზიური და, რაც მთავარია, ქართული მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ელის. კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის. 

ლევან კოღუაშვილის ფილმით – „შემთხვევითი პაემნები“ გაიხსნა თბილისის 2013 წლის კინოფესტივალი. რვა წლის შემდეგ თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი იმავე თემით ბრუნდება – ემიგრაციით, არალეგალური შრომითა და ამ ყველაფრის თანამდევი პრობლემების მთელი ჯაჭვის წარმოჩენით. ამ ფილმში ლევან კოღუაშვილმა  კინოს დაუბრუნა ლევან თედიაშვილი, ლეგენდარული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, რომლის სამსახიობო ნიჭი ათწლეულების წინ დავაფასეთ და დააფასა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალმაც, ახლა კი ქართველი მაყურებელი კვლავ იხილავს ფართო ეკრანზე.  

 

იმ ქართულ ფილმებს შორის, რომელთა ნახვასაც გირჩევთ, კეკო ჭელიძის დოკუმენტური კინო – „მკვდარი სულების არდადეგებია“. ეს გახლავთ ჯგუფ „ამორალის“, შემდგომში კი „წერილის“  ბასისტის, ლევან სვანიძისა და დედამისის ურთიერთობის ამბავი, როგორც 90-იანებისა  და დაკარგული თაობების ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაცია. ფილმის ყურებისას ხვდები, რომ ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიაა, არამედ ყველა თაობის  სიყვარულითა და სიძულვილით, ხელმოცარულობითა და მცდელობებით სავსე ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაფერი უაზრობაა და სჯობს,  არდადეგებით უბრალოდ დატკბე. 

 

რაც შეეხება თვალისა და სულის ტკბობას, შეგიძლიათ ალექსანდრე კობერიძის ფილმით – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ისიამოვნოთ. ეს არის ფილმი სიყვარულზე, სიყვარულის ანატომიასა და სიყვარულის აუცილებლობაზე; ქალაქი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ყოველთვის აისახება ადამიანების ცხოვრებაზე და ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი ფორმისა და შინაარსის სწორად განვითარება და არა ქაოსურად, რაც მოქალაქეთა ცხოვრებასაც ქაოსად აქცევს. ალექსანდრე კობერიძის ფილმი შარშანდელი ბერლინალეს მთავარ კონკურსშიც მონაწილეობდა. მაყურებელს კი  ფორმითა და შინაარსით ისეთი სურათი ელის, როგორიც ქართულ კინოში ჯერ არ უნახავს. 

 

ქართული კინოპანორამა წელს განსაკუთრებით მდიდარია. ფესტივალის პროგრამაში სულ ცხრა მხატვრული, ამდენივე დოკუმენტური და ორჯერ მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

 რეკომენდაციის სახით კიდევ რამდენიმეს დავაანონსებთ: სოსო ბლიაძის მხატვრული ფილმი – „ოთარის სიკვდილი“, სალომე ჯაშის დოკუმენტური კინო – „მოთვინიერება“, მარადია ცაავას ასევე დოკუმენტური ფილმი – „წყალს საზღვრები არ აქვს“ და ელენე ნავერიანის – „სველი ქვიშა“, რომლის მთავარი როლის შემსრულებელმა, არაპროფესიონალმა მსახიობმა გია აგუმავამ წლევანდელ ლოკარნოს კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი მოიპოვა. 

 

ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, ამერიკები, დამზადებულია გერმანიაში, ამბოხი კინოში, ანიეს ვარდას რეტროსპექტივა და კიდევ არაერთი სპეციალური კინოჩვენება – ასეთია წლევანდელი კინოფესტივალის სექციების ჩამონათვალი. მაყურებელი ყველა ფილმს ეყოლება, რამდენიმე მათგანს  კი განსაკუთრებული ყურადღება ელის. მათ შორისაა ტაილანდელი აპიჩატპონგ ვირასეტაკულის „მეხსიერება“ (Memoria), წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმი, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა  გეოგრაფიულ საზღვარს შლის. ფილმის მთავარი გმირი, ტილდა სუინტონის პერსონაჟი, მედელინში მცხოვრები შოტლანდიელი ჯესიკა, ბოგოტაში ოჯახის წევრების მოსანახულებლად ჩადის. ერთ ღამესაც იდუმალი ხმები აღვიძებს და, როგორც ამბობენ, ფილმის ფანტასტიკური ნაწილი სწორედ აქედან იწყება.  

აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმი კოლუმბიამ მომავალი წლის ოსკარზე წარადგინა, რაც ფესტივალში მონაწილე კიდევ ერთი ფილმის რეჟისორს, ირანელ ასგარ ფარჰადის უკვე ორჯერ აქვს გამოცდილი და ორივეჯერ წარმატებულად. ამჯერად ფარჰადი წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ნომინანტ „გმირს“ წარმოგვიდგენს. ეს გახლავთ სოციალური დრამა მარტივი პრობლემებიდან არც ისე მარტივი გამოსავლის ძიებაზე, რომელიც მთავარი გმირის მიერ ოქროს მონეტებით სავსე ჩანთის პოვნის შემდეგ, კიდევ უფრო იხლართება.  

 

საინტერესო სათაური აქვს და იმედია, ისედაც საინტერესო იქნება რუმინელი რადუ ჯუდეს – „უიღბლო ჟიმაობა, ანუ გადარეული პორნო“. სექსი, ტყუილები და ვიდეოჩანაწერი – ფილმი კოვიდპანდემიით გამოწვეულ გაუცხოებასაც ეხმიანება და საზოგადოების სისასტიკესაც, რომლისთვისაც სექსიზმი, ნაციონალიზმი და კიდევ არაერთი „იზმი“ ლამის ნორმად ქცეულა. 

ეგვიპტელი ომარ ელ ზოჰაირის ფილმში – „ბუმბულები“ მთავარ როლში ქათამია, რომელმაც უკვე მოიპოვა კანის ფიპრესის ჯილდო. ფილმი ერთ დიდ ოჯახზეა, რომლის წევრების ცხოვრებაც მას შემდეგ იცვლება, რაც ოჯახის უფროსი, რაღაც ჯადოსნური მანქანებით, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმად გადაიქცევა. კაცი ცხოვრებას ქათმურად აგრძელებს, არაფრის დარდი არ აქვს, თუმცა მისი ოჯახისთვის – ცოლისა და ბავშვებისთვის – სრულიად ახალი რეალობა იწყება – ცხოვრება ქათმის ფრთების ქვეშ…

 

2016 წლის შესანიშნავი „ელის“ (ELLE) შემდეგ პოლ ვერჰოვენი დრამას – “ბერნადეტს“ გვთავაზობს. ფილმში მოვლენები მე-17 საუკუნის ტოსკანას ერთ-ერთ მონასტერში მცხოვრები მონაზვნის, ბერნადეტის გარშემო ვითარდება. ქალს, რომელმაც თავი იესო ქრისტეს სიყვარულს მიუძღვნა, მესია ზოგჯერ ცოცხალი მამაკაცის სახით წარმოუდგება, მის სხეულზე გამოსახული სტიგმატები კი წმინდანად შერაცხვის წინაპირობას უქმნის და აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ პარალელურად, სადღაც, ჩუმად, მის ცხოვრებაში იესოზე უფრო ცოცხალი ქალი ჩნდება. 

თბილისის კინოფესტივალის სრული პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

გაითვალისწინეთ, რომ კოვიდრეგულაციების გამო ბილეთების რაოდენობა განახევრებულია, კინოთეატრში შესასვლელად კი აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ მწვანე კოვიდპასპორტი.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.