fbpx

ყავა, როგორც უძირო კოსმოსი


გააზიარე სტატია

ავტორი: სალომე დადუნაშვილი



ნეაპოლში, როგორც ყოველთვის, მეზობლების საუბარმა გამაღვიძა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მხიარული გადაძახილის მოქმედი პერსონაჟები მეხუთე  სართულსა და ქუჩაში იყვნენ გადანაწილებული, გასაკვირი არაფერია. საერთოდ, ნეაპოლელებს მართლაც შესანიშნავი ხმები აქვთ – მჭექარე, მე ვიტყოდი. მთელი ქუჩა ნებაყოფლობით დაემორჩილა ამ  ეგზოტიკურ მაღვიძარას და დარაბების შეხმატკბილებული ჭრიალით   დაადასტურა, რომ იტალიის ზურმუხტისფერ სანაპიროზე კიდევ ერთი მშვენიერი დილა დაიწყო. დილა კი აქ ყავას ნიშნავს.

მე პირადად 2 ჭიქა მაინც თუ არ დავლიე, შეიძლება  ყველა ნეაპოლელი – ჯიჯი, პეპე, ტოტო, მაურიციო – ერთად რომ აყვირდეს, საგონებელში ვერ ჩამაგდონ. 

ვია ტრიბუნალეს დავუყევი – ყველაზე მშვენიერ, დაულაგებელ და  ეგზოტიკურ ქუჩას ნეაპოლში. რამდენიმე მოწყენილი ბუჩქით შემოფარგლული ქუჩის კაფეს მრავალჭირნახული ქოლგების  ქვეშ  ჩავყვინთე და თამამად მივადექი ბარს. მრავალწლიანი გამოცდილება მიკარნახებდა, რომ იტალიაში არ აქვს მნიშვნელობა სად ყიდულობ ყავას – ის ყოველთვის იდეალური იქნება. ბარმენმა, რომელიც ერთდროულად რომაელ ცენტურიონსაც ჰგავდა და „კომორას“  წევრსაც, უსიტყვოდ მომაწოდა ცხელი, შავი სითხით სავსე ჭიქა (მე ესპრესოს ქალი არ ვარ).

და დაიწყო ნეტარება… 

არ ვიცი რას დავაბრალო – რომის პაპის ლოცვა-კურთხევას თუ იტალიელების მშვენიერებისა და იდეალური ბალანსისკენ ბუნებრივ ლტოლვას, მაგრამ ყავა ისე ვერსად  მანიჭებს უსაზღვრო ბედნიერების გრძნობას, როგორც იტალიაში.

საოცარია, რომ  იდეალური გემოსთვის რამე განსაკუთრებული ადგილის ძებნა სულაც არ არის  საჭირო. შეხვალ აი, სადაც გინდა (მე ყავა სულ მინდა), ჩამოჯდები  ბართან ან ქუჩის კაფეში, ან სულაც  მზით გამთბარ კედელს მიეყუდები და მორჩა. ის აქ არის – ნეტარებაც, სიყვარულიც და სიხარულიც.

ვისთვისაც ყავა სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი არ არის, ამას ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება, რას აკეთებს ის ცხელი პირველი ყლუპი, საყლაპავს რომ  ჩაუყვება  და თითქოს მთელი  სხეულით გაგრძნობინებს ახალი დღის დასაწყისს. 

ჩვენ, ყავისტებმა ვიცით და იტალიური ყავით მონიჭებულ სიხარულს მხოლოდ ამ ჯადოსნურ ქვეყანაში ყოფნის სიხარული თუ შეედრება.  

მილანის ყველაზე პოპულარულ, მოდელებით გამოტენილ ბარში, რომის პაწია პიცერიაში, ალპური კურორტის თოვლიან მთაზე თუ ნეაპოლის ყველაზე ხმაურიან    ვია ტრიბუნალეზე ყავა ყოველთვის ღვთაებრივია. არც მწარე, არც მჟავე, არც ზედმეტად ძლიერი და არც სუსტი. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს. შავი – უძირო კოსმოსივით, არომატული და მაცოცხლებელი. მოკლედ, დღის იდეალური დასაწყისი.      

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.