fbpx

კვლავ მესი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ლიონელ მესი პლანეტის უძლიერეს ფეხბურთელად მეშვიდედ აღიარეს. რასაკვირველია, ვერდიქტს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგენიც. მომხრეები აცხადებენ, რომ მესის დიდი დამსახურებით არგენტინის ნაკრებმა 1993 წლის შემდეგ პირველად, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და თანაც გადამწყვეტ მატჩში ისტორიული მეტოქე ბრაზილია რიო დე ჟანეიროში დაამარცხა. ასეთი გმირობა კი მის კონკურენტებს არ ჩაუდენიათო.

მოწინააღმდეგენი კი ამბობენ, რომ მესი საკუთარი წარსულის აჩრდილია, მან ვერც „ბარსელონაში“ გამოიჩინა თავი უკანასკნელ პერიოდში და ვერც „პარი სენ-ჟერმენში“ უჩვენებს ოდინდელი მესის დონის ფეხბურთსო.

ორივე არგუმენტი მისაღებია და ფეხბურთის მკვლევრებს თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ხასიათზე აფიქრებინებს. ერთი მხრივ, მესი შეიძლება მართლაც საკუთარი წარსულის აჩრდილია, მაგრამ მეორე მხრივ, გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, არგენტინელს ჩრდილქვეშ რომ მოაქცევდეს? 

თუ ფეხბურთი კიდევ უფრო გუნდური თამაში გახდა, რისი მაგალითიც დღევანდელი უვარსკვლავო ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრებია…

ლევანდოვსკი მართლაც გამორჩეული თავდამსხმელია, მაგრამ მისთვის და „ბაიერნის“ გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, იგი ანდორას ნაკრებთან არაფრისმთქმელ მატჩში დაშავდა, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და „ბაიერნი“ სავარაუდოდ სწორედ ამ მიზეზით გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ გათამაშებას. 

ლევანდოვსკი ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებშიც ბრწყინავდა და მისი დონის ცენტრფორვარდი ამ ტურნირზე არც გამოჩენილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლონეთმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. მხოლოდ „ბაიერნის“ შემადგენლობაში მოპოვებული ბუნდესლიგის მორიგი ჩემპიონობა კი არ აღმოჩნდა საკმარისი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებისთვის.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი უმაღლესი დონის სანაკრებო ტურნირის, ევროპის ან სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ნაკრებიდან უნდა დასახელებულიყო. 

იტალიელებს მესის დონის ფიგურა არ აღმოაჩნდათ. ამიტომ უპირატესობა არგენტინის ნაკრების ლიდერს მიენიჭა, რომელმაც თავისი პირველი სანაკრებო ტიტული 34 წლის ასაკში მოიპოვა. 

თვით საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის არსი, მისი დაარსებისთანავე მრავალი კითხვის ნიშანს ბადებს, რადგან როგორ შეიძლება რომ სხვადასხვა ამპლუის მოთამაშეები ერთმანეთს შევადაროთ და თავდამსხმელი მცველს, ნახევარმცველს ან მეკარეს ვამჯობინოთ? 

მაგრამ შოუ ბიზნესის წესები კაცობრიობას სწორედ ისეთი ტიპის კონკურსებს სთავაზობს, სადაც ეფექტი ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.

ფეხბურთის ეფექტი კი გოლებში გამოიხატება, რომლებიც ძირითადად თავდამსხმელებს გააქვთ. ამიტომ, ფართო მასებისთვის ყოველთვის უფრო მისაღებია უხვგოლიანი მატჩები თავდამსხმელთა ეფექტიანი ქმედებებით. ამ მხრივ კი დღევანდელი მესი მართლაც რომ აჩრდილია პეპ გვარდიოლას პერიოდის მესისა, რომელიც მიწასთან ასწორებდა მადრიდის „რეალს“ ლა ლიგის გათამაშებაში და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. 

აი პეპ გვარდიოლა კი დღესდღეობით მოწოდების სიმაღლეზეა. „ასტონ ვილასთან“ მოგება მისთვის პრემიერლიგის გათამაშებაში 150-ე აღმოჩნდა 203 მატჩში. გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ანალოგიური შედეგის მიღწევას 230 მატჩი მოანდომა.  

„მანჩესტერ სიტი“, ჩელსისთან“ და „ლივერპულთან“ ერთად, პრემიერლიგის მიმდინარე ტურნირს „აზანზარებს“. განვლილ უიკენდზე პეპ გვარდიოლას გუნდმა „ჩელსის“ „ვესტ ჰემთან“ მარცხით ისარგებლა და „უოტფორდთან“ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. 

პრემიერლიგის სამ უძლიერეს გუნდს შორის მატჩები წლეულს უკვე ჩატარებულია. აი 2022 წელს კი ვინ იცის, მათი გზები შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ტურნირზეც გადაიკვეთოს. 

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინა ტური ინგლისური კლუბების ტრიუმფით აღინიშნა, რადგან იქამდე უდანაკარგო „ლივერპულს“ დანარჩენმა სამმა გუნდმაც მიჰბაძა თავ-თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილის მოპოვებით. 

ინგლისელთაგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სუსტად ასპარეზობენ გერმანული კლუბები და სავსებით შესაძლებელია, რომ მერვედფინალში მათგან მხოლოდ „რეკორდმაისტერი“ ვიხილოთ.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ესპანელებიც, თუმცა ბოლო ტურმა ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. დავიწყოთ იმით, რომ „ვოლფსბურგი“ და „სევილია“ თავ-თავიანთი მეტოქეების – „ლილის“ და „ზალცბურგის“ ძლევის შემთხვევაში, თავად მოექცევიან სატურნირო ცხრილის შესაბამისად მე-2 და პირველ პოზიციებზე. 

„ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ კი ჯგუფებში აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე „ლივერპულს“ და „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან და სწორედ მათ განწყობაზე იქნება დამოკიდებული ესპანური კლუბების ბედ-იღბალი მიმდინარე ტურნირზე.

ამგვარად, გერმანიის მსგავსად, მერვედფინალში ესპანეთიც შეიძლება ერთადერთი კლუბის – მადრიდის „რეალის“ ამარა დარჩეს იმის გათვალისწინებით, რომ არც „ვილიარეალს“ აქვს შინ „ატალანტასთან“ დაუმარცხებლობის გარანტია.

ასეთი რამ კი ესპანური ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. თანაც საგულისხმოა, რომ ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე ხუთი გუნდითაა წარმოდგენილი.

„ბარსელონას“ მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს გასვლაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში, მაგრამ ჩავი ერნანდესის გუნდისთვის მერვედფინალში მოხვედრის სხვა გზაც არსებობს. თუ კიევის „დინამო“ ლისაბონში „ბენფიკასთან“ არ დამარცხდება, მაშინ კატალონიელებს წაგების უფლებაც ექნებათ „რეკორდმაისტერთან“ შეხვედრაში. 

ვინ იცის, გულის სიღრმეში „ბარსელონელთა“ ახალ მწვრთნელს და მის მოთამაშეებს შეიძლება ეს მეორე გზა უფრო სანდოდაც კი მიაჩნიათ მიზნის მისაღწევად…

კაცმა რომ თქვას, „ბარსელონას“ თითქოს შედარებით უდარდელი „ბაიერნის“ წინააღმდეგ უწევს თამაში, რადგან ნაგელსმანის გუნდის ყურადღება ამჟამად უფრო ბუნდესლიგის გათამაშებისკენაა მიმართული, ვიდრე ჩემპიონთა ლიგისკენ, მაგრამ ვაითუ „ბაიერნმა“ ისევ „ცალი ფეხით“ მოუგოს თავმოყვარე ესპანურ გრანდს?

გასულ უიკენდზე „ბაიერნი“ ბუნდესლიგის გათამაშების ცენტრალურ მატჩში „დორტმუნდს“ ესტუმრა. დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ.

შეხვედრა მოლოდინისამებრ სწრაფ ტემპში და ორმხრივ შეტევებში წარიმართა. მატჩის დებიუტში ბრანდტის გოლს ლევანდოვსკიმ მალევე უპასუხა, „ბაიერნი“ თანდათანობით უპირატესობას დაეუფლა და ტაიმის მიწურულს კომანმა სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა მაღალ პრესინგს მიმართეს. 47-ე წუთზე ჰოლანდის ულამაზესი ჩახვეული დარტყმის შემდეგ კი ანგარიში გათანაბრდა და თამაში პრაქტიკულად თავიდან დაიწყო. 

მასპინძლები თითქოს დაიჩაგრნენ, როდესაც „ბაიერნის“ კარის მიმართულებით საეჭვო თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა, ხოლო მატჩის 76-ე წუთზე კი უკვე მათ კარში დანიშნული პენალტი ლევანდოვსკიმ  გოლად აქცია. მწყობრიდან გამოვიდა „დორტმუნდის“ მწვრთნელი მარკო როზე, რომელსაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. 

მასპინძელთა ანტიგმირად გამოცდილი მათს ჰუმელსი იქცა, რომელიც „ბაიერნის“ სამივე გოლის თანამონაწილე იყო. საბოლოოდ სტუმრებმა უმაღლესი ტაქტიკური მომზადების და ტრადიციული მებრძოლი ხასიათის ხარჯზე გაიმარჯვეს. „ბარსელონას“ გერმანულ კლუბთან მოსაგებად ამ ორივე თვისების ხელახლა გამომუშავება მოუწევს. მესის ეპოქის დაბრუნების გარეშე კი ეს ალბათ წარმოუდგენელია…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.