fbpx

ცაში ბოლოს როდის ავიხედე?


გააზიარე სტატია

ავტორი: ანანო ბაკურაძე

 

კინოდარბაზიდან გამოვედი. ალექსანდრე კობერიძის ფილმი ვნახე – “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?” და ვფიქრობ, რას ვხედავ ნეტა, როცა ცას ვუყურებ? საერთოდ ცაში ბოლოს როდის ავიხედე? 

ათეული წლის წინ მამაჩემმა მითხრა, როცა დაიღლები, ცაში აიხედეო. მარტო ცხოვრებისას ძალიან მშველოდა. ავიხედავდი და ამოვისუნთქავდი იმწამსვე. კონკრეტულს არაფერს ვხედავდი, მაგრამ სიმშვიდის შეგრძნება იყო, საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენის მომენტი. ხანდახან, უმეტესად ზაფხულში, ღამით ავხედავ ხოლმე ცას  იმის შესამოწმებლად, თუ როგორი ამინდი გველოდება მეორე დღეს. თუ ვარსკვლავები ჩანს, ესე იგი უსაფრთხოდ დავიძინებ, თუ არ ჩანს, იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ მზიანი დღე იქნება. ორივე ვარიანტში ცაში ახედვას ოცნებასთან და იმედთან ვაიგივებ. თუმცა ჩვენთან ოცნებაც წაგვართვეს და იმედიც. მოკლედ, მთავარია გამახსენდეს, რომ უმიზეზოდაც შეიძლება ცას ვუყურო. ხანდახან ვარსკვლავი შეიძლება ჩამოვარდეს და სურვილიც ჩავიფიქრო. აჰ, გამახსენდა, ბოლოს ილონ მასკმა რომ სატელიტები გაუშვა, იმის დასანახად ავიხედე ცაში. ისე კი გამოგიტყდებით და ერთხელ იმდენ ხანს ველოდე ვარსკვლავის ჩამოვარდნას, ორი დღე კისერი მტკიოდა. ვარსკვლავი არ ჩამოვარდნილა იმ ღამეს. 

ისე კი რას ვხედავთ? ცაში რომ ვიყურებით კი არა, საერთოდ რას ვხედავთ? ვფიქრობ, ზუსტად ამ შეკითხვას სვამს რეჟისორი. რას ვამჩნევთ? 

ვამჩნევთ სულ პატარა მინდვრის გვირილებს სიარულისას? თუ გადავუვლით ისე, რომ ვერც მივხვდებით, როგორ გავსრისეთ ის? 

შეგვიმჩნევია ქუჩაში ძაღლები, რომლებიც მეგობრობენ? დღისით ცისარტყელას ვხედავთ თუ გამონაბოლქვში ჩაძირულ ქალაქს? ვიცით კი იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ყოველ დილით პურს აცხობენ ჩვენთვის? ეზოს ბავშვებს ჩავუვლით ხოლმე ჩქარი ნაბიჯით თუ შევჩერდებით, რომ გამაგრილებელი სასმელი ვუყიდოთ? გავუღიმებთ ლიფტში სულ რამდენიმე წამით დამგზავრებულ ადამიანს თუ უხერხულად დაველოდებით როდის გაიღება ლიფტის კარი, რომ აღარასდროს შევხვდეთ ამ უცნობს? გავიზარდეთ თუ პირიქით, ვერ ვიზრდებით? 

არსებობს ფილმები, რომლებსაც ნახავ და დაივიწყებ, და არსებობს ფილმები, რომლებსაც ნახავ და ვერასდროს დაივიწყებ, იმიტომ რომ კინოდარბაზამდე და კინოდარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ორი განსხვავებული ადამიანი ხარ. არსებობს ფილმები, რომლებიც გარწმუნებენ კინოს უსაზღვრო შესაძლებლობებში, გცვლიან და გაფიქრებენ. 

ასეთი ფილმი იყო ჩემთვის ლეოს კარაქსის “ახალი ხიდის შეყვარებულები”, ასეთი ფილმი იყო კენ ლოუჩის “მე, დენიელ ბლეიკი”, რობერტო როსელინის “რომი ღია ქალაქი”, კიდევ ჯუნ ჰობონგის “პარაზიტი” და ლი ჩან დონის “ალმოდებული”, ჟან ლუკ გოდარის “შეშლილი პიერო”, კრისტიან მუნჯუს “გორაკებს მიღმა”, დარდენების “ყმაწვილი ველოსიპედით”, ჰიროკაზუ კორეედას “წვრილმანი ქურდები”, ჯიმ ჯარმუშის ყველა ფილმი, ნამდვილად ყველა ფილმი და ანიეს ვარდას დოკუმენტური კინოც… ამ სიას აღარ გავაგრძელებ, ცხადია, გრძელია, უბრალოდ და მარტივად კიდევ ერთ ფილმს მივაწერ სიის ბოლოს – არა მნიშვნელობით, უბრალოდ სულ ბოლოს, სულ ახალს, ზღაპრულს – ალექსანდრე კობერიძის “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” 

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე. 

ირანელი კინოოპერატორი ფარაზ ფეშარაქი და გერმანელი გამნათებელი მორიც ფრიზი შესანიშნავ ვიზუალს ქმნიან და შესანიშნავ განწყობებს ქმნის ფილმში მუსიკა, რომელიც კობერტს (გიორგი კობერიძე) ეკუთვნის. 

ფილმი გვიამბობს ამბავს ლიზაზე და გიორგიზე, მათ უეცარ შეხვედრასა და მოულოდნელ სიყვარულზე ქალაქ ქუთაისში. ნელა და მშვიდად იშლება ამბავი. ზღაპარიცაა და რეალობაც. მთხრობელიც ჰყავს ამბავს, ისე როგორც ნამდვილ ზღაპრებში, და რეალური გმირებიც. 

რეჟისორი ახლო ხედებით გვაჩვენებს ადამიანებს, ცხოველებს, ბუნებას და იმ დეტალებს, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ. ყოველდღიურობის რუტინაში ჩაკარგულებს გვეპარება, რომ შეიძლება ბეტონის ფილებს შორის იპოვოს გზა ყვავილმა და მაინც ამოვიდეს, რომელსაც ჩვენი უყურადღებობით ფეხს დავაბიჯებთ, არადა რა ლამაზია. მეტაფორაცაა. მინიშნებაც.

ფილმის დასაწყისში ვხედავთ ლიზას და გიორგის დაბალი და ახლო ხედით. ვხედავთ მხოლოდ მათ ფეხებს, როდესაც გზაზე ერთმანეთს შეეჯახებიან. ლიზას წითელი შარვალი და ძველი მერი ჯეინის ფეხსაცმელი აცვია წინდების გარეშე, გიორგის კი ყავისფერი შარვალი და თასმებიანი ფეხსაცმელი წინდებით. მათ სახეს ვერ ვხედავთ, თუმცა ვხვდებით, რომ ზაფხულია, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ თავგადასავალი იწყება – ბიჭს და გოგოს შორის თავგადასავალი იწყება. ლიზას და გიორგის გვაჩვენებენ მაშინ, როცა ორივე თავის ცხოვრებას აგრძელებს. ლიზა აფთიაქში მუშაობს და სამედიცინოზე სწავლობს, გიორგი ფეხბურთელია. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მსოფლიოსთან ერთად ემზადება ქუთაისიც.

ფილმში ჩნდებიან: ვარდი და ხარახურა (ძაღლების სახელები), მენაყინე კაცი,  რეჟისორი ქალი და ოპერატორი, ფეხბურთელი გოგოები, პოლიციელი ქალი. უყურებ ამ სცენებს და ფიქრობ, რა ჩვეულებრივია ქალი პოლიციელი, ქალი რეჟისორი, ქალი ფეხბურთელი, განა არ გვინახავს რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ასე ჩვეულებრივად, ვითომც არაფერი, არა, მართლაც არაფერი, მაგრამ როგორ არაფერი თან?! ფემინიზმის არაჩვეულებრივი მანიფესტაციაა. 

ხელოვნება ფრაზირებაც არის და ახლებურად დანახვაც. მუსიკაში ხშირად ამბობენ კომპოზიტორები, ნაწარმოებისთვის “რაველის ციტატა ავიღე”, “დებიუსის ჰარმონია გამოვიყენე” და ასე შემდეგ. ასეა კინოშიც, ლიტერატურაშიც და თეატრშიც, მხატვრობაშიც. შთაგონებას ბევრი წყაროდან ვიღებთ, მთავარია, როგორ ვაქცევთ მას საკუთრად. ვიზუალური რეფერენსები ირანული კინოდან, რობერ ბრესონისგან, ოთარ იოსელიანისგან, აპიჩატონგ ვირასეტაკულიგან, რუმინელი რეჟისორისგან კრისტი პუიუსგან აქვთ რეჟისორს და ოპერატორს გამოყენებული. თუმცა ნამდვილი ოსტატობა სწორად ეს არის, როდესაც სხვის შექმნილს ათვალიერებ, აკვირდები, მოგწონს და შემდეგ ამ შთაგონებით ახალს ქმნი – შენსას, შენეულს და საკუთარს.

მთხრობელი თვითონ რეჟისორი ალექსანდრე კობერიძეა. ერთი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა – “თუ გიყვარს, ნერვიულობო”. აბა ვინც არ გიყვარს იმაზე როგორ ინერვიულებ? ჰოდა მთელი ფილმი ვნერვიულობდი. 

ფილმი ქუთაისშია გადაღებული და როგორც რეჟისორმა აღნიშნა, სცენარზე მუშაობისას უკვე იცოდა, რომ ამბავი ქუთაისში განვითარდებოდა. გადაღების დაწყებამდე ერთი წელი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად და ქალაქზე დაკვირვება დაიწყო. 

ქუთაისი ჩემთვის პოეტების თავშესაფარია, ჯერ კიდევ რომ არ დაუკარგავს ისტორიის კვალი, ევროპაცაა და ის ევროპული წარსულიც, რომლითაც ასე ვამაყობთ. ბოლოს და ბოლოს თეთრი ხიდის ლეგენდა ხომ გახსოვთ? შეყვარებულები სიყვარულის დასამტკიცებლად თეთრი ხიდიდან რიონში რომ ხტებოდნენ? ალექსანდრე კობერიძის ქუთაისი კიდევ სხვა ქუთაისი აღმოჩნდა. რამდენიმე სცენა ვინმეს რომ ეჩვენებინა ჩემთვის და არ ეთქვა, სად გადაიღეს, ვერაფრით ამოვიცნობდი ქუთაისს, დარწმუნებით ვიტყოდი, რომ პროვანსია, საფრანგეთი. 

მდინარე რიონი, ნაცრისფერი, ამღვრეული და ძლიერი წყლის ნაკადი, რომელიც არღვევს ყველაფერს, რაც გზად შეხვდება და იტაცებს ასევე ყველაფერს, რაც გზად შეხვდება, რამდენიმე კადრში გვხვდება და ერთგვარ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. 

ზღაპრულ თხრობაში რეჟისორი ფრთხილად სვამს კრიტიკულ კითხვებს და რეალობაში აბრუნებს მაყურებელს. რაც მიახლოებით მახსოვს, მაგალითად: “რა ვუთხრა ჩემს შვილებს? რას ვაკეთებდი იმ დროს? ფილმებს ვიღებდიო?”, “ეს ამბავი მოხდა იმ ეპოქაში, სადაც ადამიანებს აწამებენ, ტყეებს წვავენ და ცხოველებს არ იფარებენ”. 

ეს განცდა ხომ სულ თან დაგვყვება ისედაც? იცით რა განცდა? აი, კარგად რომ ხარ, პოზიტიურ განწყობაზე, ცხოვრება რომ გიხარია და ყვავილებიც გინდა შეიძინო სახლისთვის, მაგრამ უცებ გაიგონებ გამაყრუებელ ხმას რადიოდან, ტელევიზორიდან ან სულერთია საიდან: “ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ჩალოიანი დროზე ადრე გაათავისუფლეს”, “მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს”…  და  ისევ გადაიფიქრებ ყვავილების ყიდვას. მერე რა, რომ გინდოდა, მერე რა, რომ კარგ ხასიათზე იყავი, ისე, უმიზეზოდ –  აქ ეს არავის აინტერესებს.

 

ზღაპარს დავუბრუნდეთ. 

ისე გვაკლია ზღაპრები, თავგადასავლები, განწყობა და სიხარული, რომ არ მინდოდა ფილმი დასრულებულიყო, რომ დასრულდა, ახლიდან დავიწყებდი. გადამეტების გარეშე მეორედ ვუყურებდი, ეგრევე, იმწამსვე. 

და ბოლოს, რეჟისორს ვკითხე სათაურზე. თავიდან ვფიქრობდი, რომ კარვერის მოთხრობის – “რას ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ” ინტერპრეტაციაა-თქო, მაგრამ შევმცდარვარ. ლეო მესი ყველა გოლის შემდეგ ცაში იყურებაო, – ასე მითხრა. 

მერე, რა თქმა უნდა, დავგუგლე, იმიტომ რომ ფეხბურთი კარგად არ ვიცი კი არა და, არაფერი არ ვიცი მანჩესტერ იუნატედის ისტორიის გარდა: “Why Leo Messi looks up to the sky?” და ეს ამოვიკითხე : “Almost every time Messi scores he points to the sky, usually on his way back to his own half to prepare for the game to restart and score again. It turns out Messi’s celebration is in honour of his grandmother, who passed away before he made it big with Barca.”

ჰო, ცაში ახლობლებსაც ვეძებთ. და მაინც გაინტერესებთ, ბოლოს როდის ავიხედე ცაში? 

გუშინ, კინოჩვენების მერე. ბევრი ვარსკვლავი ანათებდა თბილისს, მაგრამ არცერთი 

არ ჩამოვარდნილა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.