წიგნი თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკიდან – გიორგი ისაკაძის რეკომენდაცია
ავტორი: გიორგი ისაკაძე
მრგვალ დარბაზში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესო ადგილია თვითგანვითარებისთვის და ასევე მშვიდ გარემოში სამუშაოდ, იშვიათ გამოცემებს ინახავს, მათ შორის – უცხოურსაც. აქ მკითხველი მისი ინტერესის გათვალისწინებით არაერთ წიგნს აღმოაჩენს – იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ ინოვაციები. საწყის ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ფიზიკურ თუ ციფრულ რესურსებს. შემდეგ ეტაპზე კი წიგნების გატანასაც შეძლებენ.
Harvard Business Review-ს მრავალი წლის გამომწერი და ერთგული მკითხველი ვარ, ვცდილობ არ გამოვტოვო არცერთი სტატია თუ საავტორო სვეტი, რომელიც ყოველკვირეულად ან თვის შეჯამების სახით მომდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. HBR-ს ბოლო სტატიებიდან განსაკუთრებით კონდოლიზა რაისის და ემი ზიგარტის სვეტი დამამახსოვრდა, რომელიც 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი და მისი კოლეგა-თანაავტორი მკითხველს მოსაზრებებს უზიარებენ „XXI საუკუნის პოლიტიკური რისკების მართვაზე“. ავტორები საქმიანი საზოგადოებისთვის ცნობილ ისტორიას იხსენებენ გაბრიელა კაუპერსვაიზზე (Gabriela Cowperthwaite), ლოსანჯელესელ რეჟისორზე, რომელმაც გადაიღო დოკუმენტური საგამოძიებო ფილმი ვეშაპებზე (Blackfish), თუ როგორი არაჰუმანური დამოკიდებულება იგრძნობოდა სან დიეგოს გასართობ ცენტრში მათ მიმართ და როგორ მძიმედ მოქმედებდა და აისახებოდა ვეშაპების შოუ როგორც თავად შოუს შემოქმედებზე, ასევე ამ გიგანტურ ძუძუმწოვრებზე.
ფილმი, რომელსაც გაბრიელა კაუპერსვაიზმა 2 წელი მიუძღვნა, სულ რაღაც 76 ათასი დოლარი დაჯდა. Blackfish გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტის ყველა რეკორდს ხსნის და მსოფლიოს გამოჩენილი პიროვნებების ყურადღებას იპყრობს. ცხადია, აქტიურდებიან ცხოველთა დამცველი საზოგადოებები. ადამიანების ზეწოლა და აქტიურობა იმდენად დიდი იყო, რომ მსოფლიო კორპორაციებმა შეწყვიტეს ოკეანერიუმების სპონსორობა, კანონმდებლებმა დაიწყეს ოკეანერიუმებში ვეშაპების ცხოვრების შესახებ ნორმატივების შემოღებაზე ფიქრი, რეგულატორებმა დიდი ყურადღება მიაქციეს თემას. რაც შეეხება სან დიეგოს ოკეანერიუმს, სახელად SeaWorld-ს, რომელიც რეჟისორის საგამოძიებო ფილმის მთავარი ობიექტი იყო, ისეთი საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ფილმის გამოსვლიდან წელიწად-ნახევარში კომპანიამ აქციების ღირებულების 60% დაკარგა, ხოლო მისი CEO – ჯიმ აჩისონი თანამდებობიდან გადადგა.
კომპანია 2018 წელსაც, როდესაც კონდი რაისმა და ემი ზიგარტმა HBR-ში სვეტი გამოაქვეყნეს, კვლავაც ვერ იმართებოდა იმ შელახული რეპუტაციის ფონზე, რაც ერთი რიგითი რეჟისორის დაბალბიუჯეტურმა დოკუმენტურმა ფილმმა გამოიწვია. ავტორები მიანიშნებენ გლობალიზაციის სიკეთეებზე, რომელმაც პლანეტის მილიონობით ადამიანი გამოიყვანა სიღარიბიდან, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში არიან წაგებულებიც. ინდოეთში არსებული ქოლ-ცენტრი, რომელიც ამერიკული კომპანიების კლიენტებს ემსახურება, ვიღაცისთვის საფრთხე გახდა, ვიღაცებისთვის კი ნანატრი კარგად ანაზღაურებული საქმე.
იდეაში ასეა, სწორედ გლობალიზაციის ამბავია, ავტორების აზრით, ბრექსიტი ევროპაში და 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფო სამსახურში ნულოვანი მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატის გამარჯვებაც. ეს სრულიად წარმოუდგენელი თანამდევი ამბები ატორტმანებს თანამედროვე მსოფლიოს და ცვლის ძალთა მეტ-ნაკლებად ლოგიკურ გადანაწილებას, სერიოზულად აკორექტირებს საგარეო პოლიტიკას, აღარაფერს ვამბობ სრულიად ვოლატილურ მსოფლიო ეკონომიკაზე, რომელიც პანდემიასთან ერთად ინფლაციის ვირუსმა მოიცვა – სრულიად გაურკვეველი და არასტაბილური მოთხოვნა მიწოდების ფონზე.
რატომ გამახსენდა და მოვყევი ეს ამბავი? საქართველოში არსებობენ ნამდვილი ენთუზიასტები, რომლებიც არ იზარებენ და ჩვენს საზოგადოებას ამ გამორჩეულად სასარგებლო ლიტერატურას უზიარებენ. გაგანია პანდემიის დროს მოხერხდა მორიგი სამი ტომის გამოცემა (ჯამში, მგონი, უკვე 9 წიგნია ქართულ ენაზე). მინდა მადლობა ვუთხრა ყველა შემოქმედს, რომლებიც HBR-ს მასალების ქართულ ენაზე გაზიარებით გამორჩეულად დიდ საქმეს აკეთებენ საზოგადოებისა და მისი ზრდისთვის. ალბათ, სხვაგან ვერ ნახავთ, ერთი მხრივ, აკადემიური ტონის მკაცრი შენარჩუნებით ისეთი მასალებს ემოციურ ინტელექტზე თუ საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობაზე, რაც ნებისმიერ დაინტერესებულს დაეხმარება როგორც საკუთარი გუნდის, ასევე პროექტების მართვაში, თანაც მსოფლიოში გამორჩეული მაგალითების, ანუ ბიზნეს-ქეისების განხილვით. მე ბევრს ვსწავლობ და შემდგომ ვაზიარებ, და ვინ იცის კიდევ რამდენს გავიგებ ამ წიგნებიდან თუ ჩემ მიერ გამოწერილი HBR-ს მასალებიდან, რაც უკვე ქართულ ენაზეც არის წიგნების სახით ხელმისაწვდომი.
ამჯერად გამოცემების ახალი სერია ეთმობა ბიზნესლიტერატურით დაინტერესებულთ, ვისაც სურს გაიგოს და შეიმეცნოს უფრო მეტი გუნდის პროდუქტიულობის ზრდაზე, სტრატეგიული ინიციატივების მართვაზე და უბრალოდ, მეტად ეფექტიანები და პროდუქტიულები რომ იყოთ, თქვენ წარმოიდგინეთ მაშინაც კი, როცა არც მუშაობის სურვილი გაქვთ და არც განწყობა. თუმცა მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს და წაიკითხავთ მაგალითებს, როგორ ახერხებენ წარმატებული ადამიანები ყურადღების კონცენტრირებას და დროის სწორად მართვას, თან იმგვარად, რომ ვადებშიც ჩაეტიო, ყოველთვის არასაკმარის ბიუჯეტშიც და მიიღო ბევრად მეტი შედეგი, ვიდრე შენგან ელიან.
ჰო, არ გამომრჩეს – „სტრატეგიული ინიციატივების მართვაში“ ამოიკითხავთ ჩვენი დროის გამოწვევებს შორის ალბათ უმნიშვნელოვანესს, რაც ერთდროულად რამდენიმე პროექტის, ამოცანის, თუ გნებავთ, დავალებების გაძღოლას გულისხმობს. კომუნიკაცია, რომელიც ამ საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა პანდემიის ფონზე, იმ უნარების და ცოდნის მიღება-გაღრმავებაში დაგეხმარებათ, რომელიც ერთი მხრივ, საქმის ეფექტიანად კეთებას და მეორე მხრივ, გუნდის წევრების პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რათა ისინიც გახდნენ იმ დიადი მიზნის და მისიის ნაწილი, რომლისკენაც მიმართულია ყველას ყურადღება და ყოველდღიურობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყურადღება არ იქცეს ნაცრისფერ რუტინად, რომ გუნდის წევრების საყოველთაო ჩართულობა მათ “გადაწვაში” არ გადაიზარდოს.
წიგნის ანოტაციაში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს თემა, როგორ აიღო ცოტა საქმე, მაგრამ მუდმივად აკეთო ბევრად მეტი და ეფექტიანობით გამორჩეული გუნდის წევრი იყო. რედაქტორებმა და ავტორებმაც ასევე დაასათაურეს წიგნი „მეტი პროდუქტიულობისთვის“. “ჰარვარდ ბიზნეს რევიუ” და მისი გამოცემები ხომ ცნობილია, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე გზამკვლევი.
და ეს ყველაფერი HBR-ს თანამდევი მუდმივი თემით რომ არ დავკარგოთ, მთავარია დავსვათ სწორი კითხვები და მივიღოთ ყველაფერზე პასუხები, რაც დასახულ მიზანთან უფრო მეტად დაგვაახლოებს.
ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს HBR და მისი ქართულენოვანი წიგნები. ძალიან საინტერესო ამბები და მოგზაურობა გელით.