fbpx

„კერა“ – ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის დუო გამოფენა „გალერეა ართბითში“


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციულ გამოფენას ‘კერა’.

‘გარემოებების გამო, როცა უცნობ გზაჯვარედინზე მოხვდები, მერყეობა გეწყება. არ იცი საით წახვიდე და რა გზას დაადგე. ასეთ დროს, თუ შესაბამისი ინტუიცია და დაკვირვების უნარი გაქვს, თვითონ გარემომ შეიძლება გიკარნახოს სწორი ნაბიჯები და სამშვიდობოს გაგიყვანოს.

თანამედროვე სამყაროს მდგომარეობაც რაღაცნაირად გზაჯვარედინზე დეზორიენტირებულად ყოფნას გავს – ხვდები, რომ უკან ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასოდეს დაუბრუნდები და წინ კიდევ სტაბილური და მყარი პერსპექტივა არანაირად აღარ მოჩანს.

ალტერნატივის ძიებაში ალბათ ბევრი იდეა გადამუშავდება ლამის ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცობრიობის გადახურებულ გონებაში, მაგრამ კულტურისა და ხელოვნების ფენომენი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ‘ავანგარდში’ დგას და წინმსწრებად ცდილობს დაგვანახოს ტრანსფორმაციის ’ეფემერული’ შესაძლებლობები.

ჯონ რიფენჰოფი მილუოკელი არტისტია და ამ ბოლო დროს ცაში ხშირი ყურება დასჩემდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა ‘ღამის ცის მხატვრად’ დაემკვიდრებინა თავი, მაგრამ ივან აივაზოვსკივით მხოლოდ ‘მარინისტი’ მხატვრის ბანალურ კლიშეს გაექცა და ‘ცის მიღმა’ ბევრი სამყაროს უკეთ დასანახად დედამიწაზე ‘არტისტული ობსერვატორიების’ ძებნა დაიწყო.

ჯონის მიერ შინდისის რეზიდენციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მისი ყურადღება პირველ რიგში მიიქცია სულ უმცირესი დეტალებისათვის დამახასიათებელმა შინაარსებმა. ისტორიული სამაჩაბლოდან, ზედ რუსეთის მიერ გავლებული საოკუპაციო საზღვრიდან ჩამოტანილი ‘ჩინური’ ყურძნის დაწურვის ჰიპერაქტიური პროცესის შემდეგ ფერმენტაციისთვის საჭირო სიჩუმესთან ერთად გაირინდა და ასეთი მინიმალისტური პოზიციიდან დაიწყო ირგვლივ ყველაფრის აღქმა-დამუშავება.

ღვინოსთან ერთად, ცეცხლის და შებოლვის თემაც ორგანულად მიება შემოქმედებით პროცესს და საბოლოოდ, პატარა ფორმატის ექვსი ფერწერული ტილოს ერთობლიობად ჩამოყალიბდა ჯონ რიფენფოჰის მიერ შესრულებული მამუკა ჯაფარიძის ‘პორტრეტი’.

პარალელურად მიმდინარეობდა, ოღონდ უფრო განსხვავებულ კონტექსტში, მამუკა ჯაფარიძის მზადების პროცესი. მხატვარი ამ ეტაპზე ძირითადად საშემოდგომო სამუშაოებისათვის დამახასიათებელი აქტივობებით იყო დაკავებული, ხოლო ‘ხატვის პროცესი’ ძირითადად მინდობილი ქონდა გარემო პირობებისათვის. კერძოდ, თონესთან მაგიდაზე გაშლილი, ჩარჩოზე გადაკრული და ციანო საღებავებით მკრთალად დაგრუნტულ ტილოზე ყოველდღიურად ჩნდებოდა ბუნების მიერ გაკეთებული უხილავი ჩარევის კვალი. ქარის, წვიმის და მზის ‘მონასმები’ აქა-იქ გაბნეულ ყურძნის წიპწებთან ერთად საინტერესო გრადაციებად იშლებოდა სიბრტყეზე და ცასავით უსასრულო შრეებს აჩენდა.

თბილისის ძველ უბანში, გალერეა ‘ართბითის’ სივრცეში ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაცია ‘ტრადიციულად’ ისევ ადგილის სპეციფიკის ათვისებით გაგრძელდა და გალერეის ისტორიული შენობის გრანიტის ელეგანტური ბუხრის ირგვლივ კონცენტრირდა.

გამოფენა 12 დეკემბრამდე გრძელდება, ხოლო 10 დეკემბერს  მამუკა ჯაფარიძის ახალი წიგნის, „ის“ პრეზენტაცია გაიმართება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.