fbpx

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

 

13-14 დეკემბერს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეას“ გალერეაში (დოდო აბაშიძის 10), თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. 

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით საგამოფენო სივრცეში ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია ასევე გამოიფინება ერთობლივ სტენდებზე. ფესტივალის ფარგლებში მომზადდა კატალოგი, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს. 

ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან სურათებიანი წიგნების თემაზე. დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს ნამუშევრების ორიგინალები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.

ილუსტრაციის ფესტივალის მონაწილეები მიმდინარე წლის ივნისში შეირჩნენ. მათი განაცხადები სპეციალურმა ჟიურიმ განიხილა.

ფესტივალის მიზანია, შეიქმნას ახალი პლატფორმა საგამომცემლო სფეროში დასაქმების მსურველი ილუსტრატორებისა და დიზაინერებისთვის. ამავდროულად, პლატფორმა გამომცემლებსა და ილუსტრაციებით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, გაიცნონ და აღმოაჩინონ ახალი მხატვრები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

ნიკი თარხან-მოურავი, ფესტივალის ორგანიზატორი:

„ილუსტრაციის ფესტივალი არა მარტო საქართველოში მცხოვრები ილუსტრატორების მიმართ გაზრდის ინტერესს, არამედ მხატვრებსაც შემატებს მოტივაციას. ვფიქრობ, ჩვენი ილუსტრატორები მეტ ყურადღებას იმსახურებენ, ისინი დიდ რესურსს წარმოადგენენ და, კარგი იქნება, თუ გამომცემლები და არამხოლოდ ისინი, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ხელოვანებთან. თუკი ქართველ ილუსტრატორებს თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისად განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, მათი შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება როგორც ქართული, ისე უცხოური აუდიტორიისთვის. მით უფრო, ბოლო წლებში ქართველი ავტორებითა და მხატვრებით ევროპის ქვეყნების დაინტერესებამ აჩვენა, რომ უცხოური საგამომცემლო ბაზრის ათვისების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს“.

 

ფესტივალის პროგრამა 

 

13 დეკემბერი: 

  • 17:00 – კატალოგის პრეზენტაცია
  • 18:00 – შეხვედრა ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან. მოდერატორი ნიკი თარხან-მოურავი
  • 19:00 – გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში – შეხვედრა ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან. მოდერატორი დათო სამნიაშვილი
  • 20:00 – ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა.

 

14 დეკემბერი:

  • 14:00 – შეხვედრა ილუსტრატორ ოლესია თავაძესთან. მოდერატორი ზაზა აბზიანიძე
  • 17:00 – გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნის, „ქართული მითიური პერსონაჟები“ წარდგენა და საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე. წარმდგენი თამარ ლონდარიძე
  • 18:00 – ია გაბუნიას ახალი წიგნის – „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაცია. მოდერატორი ნინო ძანძავა
  • 19:00 – გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.

 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

 

კონტაქტი: ია ვეკუა – 577 25 55 91 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.