fbpx

„ბარსელონათმმუსვრელი“ ტრადიციას არ ღალატობს


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

არის მატჩები, რომლებიც ფეხბურთის მოყვარულებს დიდი ხნით ამახსოვრდებათ ხოლმე, რადგან მათი სცენარი განსაკუთრებულია და ხშირად შედეგიც საკვირველი.

სხვა რა შეიძლება ითქვას „ზენიტის“ და „ჩელსის“ დაპირისპირების შესახებ, რომელიც ლონდონელებმა ისე ძლიერად დაიწყეს, რომ საკუთარ ისტორიაში ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს?

სტუმრების დომინირება გოლის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ უეცრად, დაახლოებით მატჩის მე-15 წუთიდან მოყოლებული, ინიციატივა ხელთ იგდეს მასპინძლებმა და იმდენი მოახერხეს, რომ ტაიმი მოიგეს კიდეც!

ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, რადგან აშკარა იყო, რომ პარალელურ მატჩში „იუვენტუსი“ შინ დაამარცხებდა აუტსაიდერ „მალმიოს“. 

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში „ჩელსის“ ხელახალ დაწინაურებაში მსაჯის ხელი არ ერია ან მის კართან საგოლე მომენტები აღარ იქმნებოდა. 

მაგრამ როდესაც თითქოს გამოაშკარავდა, რომ „ჩელსი“ პირველ ადგილს ხელიდან არ გაუშვებდა, მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე „ზენიტმა“ წონასწორობა აღადგინა და ამით მეორე სათამაშო დღის უდიდესი სენსაცია მოახდინა.

„ზენიტის“ მსგავსად, ბოლომდე იბრძოლეს „ლივერპულმა“ და „ბაიერნმა“, რომელთაც თავ-თავიანთი გამარჯვებებით, შესაბამისად B და E ჯგუფებში მეორეადგილოსანი გუნდების სამართლიანად გამოვლენას შეუწყვეს ხელი.

„ბარსელონა“ „ბაიერნმა“ მოლოდინისამებრ „ცალი ფეხით“ გაანადგურა და მიმდინარე ტურნირზე ორი მატჩის ჯამში – ანგარიშით 6:0 დამარცხებით, უკანასკნელ ხანს უკვე ტრადიციულად შეარცხვინა იგი.

მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. „ბაიერნის“ პირველი გოლი კი მართლაც რომ ვარჯიშზე გატანილს ჰგავდა. ლევანდოვსკიმ ადგილზე „გაამასხარავა“ მოწინააღმდეგის ორი მცველი, შემდეგ კი გადააწოდა ბურთი კარის წინ მოულოდნელად გაჩენილ მიულერს, რომელმაც დამამცირებელი ჩაკიდული თავური დარტყმით ისე გახსნა ანგარიში, რომ ბურთმა კარის ხაზი ოდნავ გადაკვეთა და ბადეს ვერც კი მისწვდა… 

აღსანიშნავია, რომ თომას მიულერი პირველი გერმანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 ბურთის გატანა შეძლო. ამ ტურნირის ბომბარდირთა სიაში ის მე-8 ადგილზეა. „ბარსელონას“ კარში კი „ბაიერნის“ ლიდერს აქამდე ჩატარებულ 7 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ამრიგად, ვერც კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მოახერხა „ბარსელონათმმუსვრელის“ თავხედობის აღმოფხვრა. 

ატალონიელთათვის საუბედუროდ, ვერ ივარგა კიევის „დინამომ“, რომელმაც „ბენფიკასთან“ პარალელური მატჩის დასაწყისშივე ორი გოლი გაუშვა, ფარ-ხმალი დაყარა და „ბაიერნის“ მეტოქე  ულმობლად გაწირა მხოლოდ საკუთარი თავის და კვალიფიკაციის იმედად. 

„ბარსელონას“ კვალიფიკაცია კი იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ მან „რეკორდმაისტერის“ კართან მთელი მატჩის განმავლობაში ერთი საგოლე ეპიზოდიc ვერ შექმნა. „ბაიერნმა“ კი რამდენი საგოლე მომენტიც გამოიყენა, ორი იმდენი გაანიავა და ასე „არასერიოზულად“ გაამწესა სახელოვანი მეტოქე მისთვის დამამცირებელ ევროპის ლიგაზე.

საინტერესოა, რას ფიქრობს ლიონელ მესი თავისი ყოფილი კლუბის შესახებ. მესის შემწეობით, „ბენფიკას“ წინააღმდეგობას „ბარსელონა“ სავარაუდოდ დასძლევდა, მაგრამ შორს ალბათ მაინც ვერ წავიდოდა მიმდინარე გათამაშებაში. 

სამაგიეროდ ბოლო ტურის მატჩში გაიბრწყინა მესი-მბაპეს შემტევმა წყვილმა. დუეტს განსაკუთრებით ლამაზი მესამე გოლი გამოუვიდა.

მბაპემ მარცხენა ფლანგზე, მოედნის შუა ხაზის გასწვრივ, მეტოქეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა, ელვისებრი სისწრაფით ცენტრისკენ გადაინაცვლა და მარჯვნიდან მომავალ მესის გადააწოდა. არგენტინელმაც მბაპეს მსგავსად, ორ მეტოქეს აუარა გვერდი და დაახლოებით 18 მეტრის მანძილიდან უძლიერესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ბურთი ძელს რომ მოხვედროდა ან მიზანს ასცდენოდა, მართლაც რომ დასანანი  იქნებოდა კომბინაციის სილამაზიდან გამომდინარე…

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და აქედან გამომდინარე, „ჩელსის“ მსგავსად, პირველ მერვედფინალურ მატჩს შინ ჩაატარებს. ტურნირის დანარჩენ მთავარ ფავორიტებს – „რეალს“, „ბაიერნს“, „ლივერპულს“ და „მანჩესტერ სიტის“ კი სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ბოლო ტურამდეც ჰქონდათ მოპოვებული.

სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონია „რეალის“ და „ინტერის“ დაპირისპირებას, მაგრამ არსებობს პრესტიჟი, რომელსაც სახელოვანი კლუბები ალბათ პატივს უნდა მიაგებდნენ მილანის „ინტერისგან“ განსხვავებით…

„რეალმა“ მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვებას „ზურგს უმაგრებს“ იტალიური კლუბის სამარცხვინო სტატისტიკაც. საქმე ისაა, რომ „ინტერს“ უკანასკნელად მადრიდის „რეალისთვის“ 1998 წელს აქვს მოგებული. მას შემდეგ ჩატარებული 7 მატჩიდან კი 6 ესპანელებმა მოიგეს და ერთიც ფრედ დასრულდა. 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, „რეალმა“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში. „შერიფთან“ და „შახტართან“ ბრძოლაში მოპოვებული მეორე ადგილი კი რამდენად საზეიმოა „ინტერის“ ხელმძღვანელობისთვის და მწვრთნელისთვის, ეს მხოლოდ მათ იციან…

აი „ლილის“ და „ზალცბურგის“ კატეგორიის გუნდებისთვის კი ჯგუფური ეტაპის დაძლევა ლამის ტურნირის მოგების ტოლფასია. G ჯგუფი იმდენად თანაბარი იყო, რომ ბოლო ტურამდე ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა მერვედფინალში გასვლის შანსს.

ყველაზე მომგებიან პოზიციაში პირველადგილოსანი „ლილი“ იმყოფებოდა, რადგან მის ფეხბურთელებს აუცილებლად მიეცემოდათ „ვოლფსბურგის“ კონტრიერიშზე გამოჭერის შესაძლებლობა, რომელსაც მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდა.

მეორე ნომრად თამაშის ანალოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა „სევილიამ“, რომელიც იმდენად უნიათო აღმოჩნდა, რომ გასვლაზე ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლო ამ უკანასკნელ წლებში სწრაფად განვითარებადი „ზალცბურგისთვის“.

წაგების მიუხედავად „სევილიას“ თავი ქუდში აქვს, რადგან ევროპის ლიგის ექვსგზის ტრიუმფატორი ამ ტურნირზე ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მისთვის უცხოა წარმატება. 

ესპანური ფეხბურთის პრესტიჟი „ვილიარეალმა“ დაიცვა, რომელმაც „რეალის“ მსგავსად მოახერხა თავისი კატეგორიის იტალიური კლუბის, „ატალანტას“ დამარცხება.

დიდთოვლობის გამო მეორე დღეს გადატანილ მატჩში „ვილიარეალი“ 51-ე წუთისთვის გასვლაზე ანგარიშით 3:0-ს ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ თურმე ყველაფერი წინ იყო.

უნიათო „ინტერისგან“ განსხვავებით, ბერგამოს „ატალანტამ“ ბოლომდე იომა და საკუთარი ქომაგებით გატენილ სტადიონზე (გავიხსენოთ, რა შედეგები მოჰყვა პანდემიის თვალსაზრისით ბერგამოში „ვალენსიასთან“ შარშან ჩატარებულ მატჩს ამ ორივე ქვეყნისთვის) უკანასკნელ ნახევარ საათში დიდებული სანახაობა მოაწყო. 

„ვილიარეალის“ ფეხბურთელები მატჩის მეორე ნახევარში ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდნენ მასპინძელთა მიერ შეთავაზებულ სწრაფ ტემპს, მე-80 წუთისთვის ტაბლოზე ანგარიში უკვე 2:3 იყო და ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, რომ „ატალანტა“ დარჩენილ დროში საბოლოოდ გატეხდა მოწინააღმდეგეს და მერვედფინალის საგზურისთვის საჭირო კიდევ 2 ბურთის გატანასაც მოასწრებდა.

მაგრამ ესპანელები დარჩენილ დროში გოლს რამდენიმეჯერ სასწაულებრივ გადაურჩნენ, დროის გაყვანის სხვადასხვა საშუალებების გამოყენების ფონზე მსაჯის მიერ დამატებული წუთებიც მიილია და საბოლოოდ მერვედფინალში გზა ევროპის ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ვილიარეალმა“ გაიკვლია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა კი ამსტერდამის „აიაქსია“. ჰოლანდიის უძლიერესმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო. ამავე დროს სებასტიენ ჰალერი ათი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ნუთუ „აიაქსი“ 2018/2019 წლის სეზონის მსგავსად, კვლავ ამ ტურნირის ფინალს უმიზნებს?! ეს თებერვლიდან გამოჩნდება…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.