fbpx

ცოტა რამ თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ია ვეკუა

 

ალბათ, ყველა ჟურნალისტი თუ კინომცოდნე, ვინც კი თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალს აშუქებდა, ფიქრობდა, რომ წერას ალექსანდრე კობერიძის ფილმით – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, დაიწყებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ასეც დავიწყე, დღის გმირი მაინც სხვა ფილმია – დებიუტანტი იოსებ „სოსო“ ბლიაძის „ოთარის სიკვდილი“ – სოციალური დრამა შეფარული ოიდიპოსის სინდრომისა და ოჯახური ძალადობის გარნირით, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობისთვისაც მოიძებნა ადგილი და ცხოვრების ახალ ეტაპზე შებიჯების ზღვარზე მყოფი მოზარდებისთვისაც. 

სოსო ბლიაძე ამ ფილმზე საკმაოდ დიდხანს მუშაობდა. სცენარს წერდა, ამუშავებდა აკლებდა და ამატებდა. შუალედში ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის („ტრადიცია“) გადაღებაც მოასწრო. შრომა დაუფასდა და, საბოლოოდ, ორ სრულ დღეზე გადანაწილებული, საკმაოდ გამართული დრამატურგიის მქონე, დასრულებული ამბავი შემოგვთავაზა. 

„ოთარის სიკვდილი“ ოთარის სიკვდილზეა. ასაკოვანი, თუმცა საკმაოდ ყოჩაღი მონადირე, ახლა უკვე თავად ხდება მსხვერპლი, ცხადია, უნებლიეთ, რასაც მკვლელის მხრიდან, სინანულზე მეტად, გამოსავლის მოძებნის მცდელობა მოჰყვება. 

ფილმს ორი მთავარი გმირი ჰყავს – ორი ოჯახი, დედები და ვაჟიშვილები. ერთი ბიჭი მოზარდია, მეორეს უკვე ბევრი უნახავს. ერთი მკვლელია, მეორე – მსხვერპლი. მკვლელი ცხოვრებას მხოლოდ ახლა იწყებს, პირველად სწორედ ახლა უყვარდება და ნელ-ნელა ოჯახის უფროსობასაც ითავსებს. მსხვერპლი კი თავის გარშემო მხოლოდ იმ ობიექტებს ხედავს, სიამოვნებით რომ მისცემდა ცეცხლს, გადაწვავდა, გადაბუგავდა, ნაცრად აქცევდა სამუდამოდ გაატანდა ქარს. ქარიშხალსაც. 

ბიჭებს დედები ჰყავთ. ორივე ნამდვილი დედაა: მზრუნველი, გადაყოლილი, შვილისთვის ყველაფერზე წამსვლელი, შეშფოთებული, მკაცრი, მატყუარა, ეგოისტი და ბნელი. 

ფილმის ისტორიაც ორ ფონზე ვითარდება – ურბანულ თბილისსა და სოფლად. ქალაქში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, ასეთი ოჯახები ბევრი გვინახავს, ასეთი დიალოგებიც მოგვისმენია. გაგვიგონია, რომ თბილისი ნაცრისფერი ქალაქია ხეების გარეშე და კორპუსებამდე ჩამოწოლილი ჭუჭყიანი ნისლით. მაგრამ სულ სხვანაირია სოფელი – რაღაცნაირად უცხო; ისეთი, რაღაც ამბავს მხოლოდ ჭუჭრუტანიდან თუ გამოიტან. ასეთივე არიან ამ ფონზე მცხოვრები პერსონაჟებიც, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება ბოქლომის მიღმა აქვთ გამოკეტილი და შიგ ჩახედვის უფლებას ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც არ აძლევენ. 

ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ორი ამბავი იმდენად დამოუკიდებელი ნაწარმოებებია, რომ ზოგჯერ გავიწყდება კიდეც, რომ ამ ადამიანებს უდიდესი ტრაგედია აკავშირებს, რომელიც ერთი მხარისთვის მომავალი ცხოვრების დანგრევის ტოლფასია, მეორესთვის კი გადარჩენის შანსი. საბედნიეროდ, რეჟისორი ზედმეტი მიდებ-მოდების გარეშე ახერხებს ორივე მხარის შიშებისა თუ ჭუჭყის ზედაპირზე ამოტივტივებას და კარგად დამუშავებული მარტივი ფაბულით, გახსნილი პერსონაჟებითა და სწორი დრამატურგიით გადის ფონს. ფონს გასვლა კი ცუდი სულაც არაა, რადგან ამ ფესტივალზე ფონამდე მიუღწეველი ფილმებიც ვნახეთ. თუმცა მათზე ახლა არ გვინდა…  

გასული წლების მსგავსად, წლევანდელი ფესტივალის ქართულ პროგრამასაც მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების  ჟიური აფასებდა. ყველას რეგალია პატივისცემას იწვევდა. რომ კითხულობდი, ეჭვიც არ გეპარებოდა, რომ ფრანგი პროდიუსერი, კიევის კინოფესტივალის დირექტორი ან მეცნიერი კინოკრიტიკოსი თავისი საქმის მცოდნე იქნებოდა. საქმე ალბათ იციან, მაგრამ შეფასებაში აშკარად მოიკოჭლეს. ეს საუკეთესოდ გამოჩნდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, სადაც, მოგვიტევოს ავტორმა და, ერთ-ერთმა ყველაზე სუსტმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. ჯილდოს გარეშე კი რამდენიმე მართლაც აღსანიშნავი ფილმი დარჩა: სანდრო სულაძის „გუშაგები“, თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება“ ან კიდევ რამდენიმე, რომლებიც აუცილებლად იმსახურებდნენ აღნიშვნას. 

ამავე ჟიურიმ, დოკუმენტური კინოს სექციიდან, ორი ფილმი – სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ და თათია სხირტლაძის „დიდება დედოფალს“ გამოარჩია. ორივე ფილმი ნამდვილად კარგი ნამუშევარია, მაგრამ, სამწუხაროა, რომ მათ გვერდით, სექციის უდავო ფავორიტის, კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგებისთვის“ ადგილი აღარ მოიძებნა. რა გინახავთ ლევან სვანიძის ამბავზე უფრო სევდიანი?.. 

ცხადია, ჟიური სუბიექტური გადასახედიდან აფასებს და რთულია, მათ გადაწყვეტილებაზე ცალსახად მსჯელობა. მაგრამ როდესაც თუნდაც მხოლოდ  სპეციალურ პრიზს ელენე ნავერიანის „სველი ქვიშაც“ იღებს, აქ მათი კომპეტენცია ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს. დაუშვებელია, ფილმს მხოლოდ თემატიკიდან გამომდინარე აფასებდე და არა როგორ კომპლექსურ ნამუშევარს, რომელიც კინემატოგრაფის ყველა კომპონენტით ქმნის მთლიანობას. 

მოკლედ, თბილისის კინოფესტივალის საკონკურსო ნაწილი ტრადიციას აგრძელებს და ჯიუტად ცდილობს, ოქროს პრომეთე მაყურებლის ფავორიტ ფილმებს არ გაატანოს. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ფესტივალი მაინც ინარჩუნებს წლის ყველაზე დიდი სახელოვნებო მოვლენის სტატუსს, რომელიც გულწრფელად გვიყვარს და, ალბათ, ამიტომაც გვინდა უფრო და უფრო უკეთესი გახდეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.