fbpx

დეკემბრის აფიშა – რა ვნახოთ ქალაქში


გააზიარე სტატია

სახელოვნებო სიახლეებით დეკემბერი  განსაკუთრებით დატვირთულია – იმართება ფილმებისა თუ სპექტაკლების პრემიერები, იხსნება გამოფენები და ტარდება კონცერტები. გამონაკლისი არც თბილისის კინოთეატრები, მუზეუმები, გალერეები თუ სხვა სივრცეებია, სადაც წლის ბოლოს განსაკუთრებული სიახლეებია დაგეგმილი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ დეკემბრის  სახელოვნებო აფიშას, საიდანაც სასურველ ღონისძიებას ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეარჩევს.

 

West Side Story-ს სტივენ სპილბერგისეულ ვერსია, თბილისის კინოთეატრებში

მაყურებელი თითქმის 2 წლის განმავლობაში ელოდა West Side Story-ს სტივენ სპილბერგისეულ ვერსიას. მოლოდინი ნამდვილად გაამართლა შედეგმა, რომლის მსოფლიო პრემიერაც რამდენიმე დღის წინ შედგა და ახლა ჩვენთანაც, თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ წლის ყველაზე შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და მშვენიერი ფილმი. 

1957 წლის ბროდვეის მიუზიკლის მიხედვით ახალი ფილმის სცენარი ტონი კუშნერმა დაწერა, რა თქმა უნდა, მთავარი ამბავი უცვლელია – ვესტ საიდის ისტორია შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” ამერიკული “თარგმანია”.

თუმცა, 1957 წლის ბროდვეის მიუზიკლისა და 1961 წლის ფილმისგან განსხვავებით, შეცვლილია დეტალები, წინ წამოწეულია სოციალური თემა, გამძაფრებულია პერსონაჟების მოტივები და მათი წარსული, შეცვლილია რამდენიმე გმირი, რაც, საბოლოო ჯამში, უფრო ინტენსიურ, მასშტაბურ და შთამბეჭდავ სურათს გვაძლევს.

 

ათონელის თეატრში სოფიო ქელბაქიანის სპექტაკლის, “ფრეკენ ჟულის” პრემიერა

15 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე ათონელის თეატრში სოფიო ქელბაქიანის სპექტაკლის, “ფრეკენ ჟულის” პრემიერა გაიმართება. შვედი დრამატურგის, ავგუსტ სტრინდბერგის მიერ 1888 წელს დაწერილი პიესა იმ დროს სიახლე იყო – დრამატურგმა შეცვალა პიესის და დიალოგის სტრუქტურა, შეამცირა პერსონაჟების და მოქმედებების რაოდენობა. გარდა ტექნიკური ცვლილებებისა, საინტერესო და მნიშვნელოვანია პიესის თემა, რომელიც დაწერიდან თითქმის 130 წლის შემდეგაც კი არ კარგავს აქტუალობას და ახალი დადგმების მიმართ განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს.  

პიესის თარგმანი დავით გაბუნიას ეკუთვნის, კომპოზიტორი კი სანდრო ჩინჩალაძეა. ფრეკენ ჟულის როლს ანასტასია ჭანტურაია შეასრულებს, ჟანის როლს ირაკლი გოგოლაძე თამაშობს, ხოლო კრისტენს – თაკი მუმლაძე. 

 

“ბასიანი” 

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, 17 დეკემბერს, “ბასიანი” საცეკვაო მოედნის კარს  გახსნის. გახსნის ღონისძიების ღამე განსაკუთრებით სადღესასწაულო იმით იქნება, რომ დეკემბრის ეს კვირა HOROOM-ის ოთახისა და პოდკასტების სერიის საიუბილეო კვირაა, ამიტომ მასთან ერთად კლუბის დაარსების 7 წლისთავი და საცეკვაო მოედანზე გაერთიანება აღინიშნება.

 

ტატო ახალკაციშვილის სოლო ექსპოზიცია – “ექსცენტრიული მოგზაური”

18 დეკემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ტატო ახალკაციშვილის სოლო ექსპოზიცია – “ექსცენტრიული მოგზაური” ხათუნა ხაბულიანის კურატორობით გამოიფინება. ექსპოზიცია მხატვრის 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს და წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე გრაფიკული ნამუშევრები. ექსპოზიციის საშუალებით დამთვალიერებელი მეტაფორულად იმოგზაურებს როგორც ჯავახეთში, აეროდრომსა თუ გარეჯის უდაბნოში, ასევე, ალეგორიული მნიშვნელობით, სულებით დასახლებულ ტყეებში, უსასრულო ტრასებზე და უცხო რიტუალებში.

 

ჯეი ჯეი იოჰანსონი თბილისში

ჯეი ჯეი იოჰანსონი თბილისს როკვა სპინოფის ფარგლებში კიდევ ერთხელ ესტუმრება. ქართველი მსმენელისთვის საყვარელი მუსიკოსი კონცერტს 18 დეკემბერს გამართავს. ფესტივალი როკვა ურბანულ გარემოში პირველ ღონისძიებას მონოჰოლში, ძველ კინოს სახლში ჩაატარებს.

 

დათა თავაძის ახალი სპექტაკლის პრემიერა

წლის ბოლოს სამეფო უბნის თეატრისა და პოლონური თეატრის – Teatr Polski w Bydgoszczy-ის კოპროდუქციით დათა თავაძის ახალი სპექტაკლის პრემიერაა დაგეგმილი. “არაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ” თბილისში მხოლოდ ორჯერ, 21 და 22 დეკემბერს გაიმართება და იანვრიდან პოლონურ სცენაზე გადაინაცვლებს. 

კშიშტოფ კიშლიოვსკის დოკუმენტური ფილმებით შთაგონებული სპექტაკლი გვიამბობს ადამიანებზე, რომელთა შრომაც და არსებობაც მანამდეა შეუმჩნეველი, ვიდრე ტრაგედია არ დატრიალდება. 

როგორც აღწერაში ვკითხულობთ “რეჟისორი დათა თავაძე „მგრძნობიარე მზერით“ ადევნებს თვალს პერსონაჟების ამბებს, გვიჩვენებს მექანიზებული სამყაროს ბიუროკრატიის აბსურდულობას, ძალადობრივ დისციპლინას და ძალაუფლების აუტანელ წნეხს”.

სპექტაკლის შემოქმედებითი გუნდი ქართველი და პოლონელი ხელოვანებისგანაა დაკომპლექტებული, მათ შორისაა ტექსტის ავტორი დავით გაბუნია, ასევე კომპოზიტორი ნიკა ფასური და მხატვარი ანა-მარია კაშმარსკა.

 

ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” კინოთეატრ ამირანში

ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” საქართველოს ოსკარზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარადგენს. ამ ფაქტმა, რამდენიმე საერთაშორისო წარმატებასთან ერთად, განსაკუთრებით გაამძაფრა მაყურებლის მოლოდინი ფილმის მიმართ. “მეოთხე ბრაიტონი” ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე მოგვითხრობს. ქართველ მოჭიდავეს, რომლის როლსაც ლევან თედიაშვილი ასრულებს, საქართველოდან ნიუ-იორკში ჩასვლა უწევს, რათა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ შვილს პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. 

 23 დეკემბრიდან კოღუაშვილის ფილმი დიდ ეკრანებზე გამოდის და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი ნახვა კინოთეატრ ამირანში.

 

“მატრიცას” მეოთხე ნაწილის პრემიერა

ვაჩოვსკების საკულტო ფილმის, “მატრიცას” მე-2 და მე-3  ნაწილების გამოსვლიდან 18 წლის შემდეგ ფილმის ფანებისთვის მოულოდნელი იყო მეოთხე ნაწილის დაანონსება.  The Matrix Resurrections-ის პროდიუსერი, რეჟისორი და ერთ-ერთი სცენარისტი ამჯერად მხოლოდ ლანა ვაჩოვსკია. ფილმში შევხვდებით როგორც უკვე კარგად ნაცნობ პერსონაჟებს, ასევე ახალ სახეებს. 

“მატრიცას” მეოთხე ნაწილის პრემიერის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი 22 დეკემბერი ჩაინიშნა, თბილისში კი მომდევნო დღეს, 23 დეკემბერს გამოვა ეკრანებზე. 

 

“მუსიკის ჰანგები”

კიდევ ერთი პრემიერა, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, “მუსიკის ჰანგებია”. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დავით დოიაშვილი საკულტო მიუზიკლს აღადგენს. პრემიერა წინასაახალწლოდ, 29 და 30 დეკემბერსაა დაგეგმილი. მსახიობები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების თანხლებით და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

 

ბოლო პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

2021 წლის ბოლო პრემიერა გაიმართება მარჯანიშვილის თეატრშიც. სპექტაკლი სახელწოდებით “ინციდენტი მეტროში” საზოგადოებაში არსებული სისასტიკის, დაუსჯელობისა შეგრძნებისა და შიშის შესახებაა.

როგორც აღწერაში ვკითხულობთ, “ორი ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს სავსე ვაგონში აღმოჩნდება. მგზავრებს მათთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცევათ – ორივე საშინლად ამცირებს მათ და ძალადობს. მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას ვერც ერთი მათგანი  ვერ ბედავს, ვერც ერთი იცავს საკუთარ ღირსებას და ვერ ერთიანდება ბოროტების წინააღმდეგ. შიშით და დაუსჯელობით ისინი სრულ თავისუფლებას აძლევენ სისასტიკეს“

ადაპტირებული ტექსტის ავტორები და რეჟისორები ლევან წულაძე და თემო კუპრავა არიან. 

 

და ბოლოს BEDFORD FALLS – კონცერტი არ გამოგრჩეთ

17 დეკემბერს, 22 საათზე  MonoHall , კინოს სახლში წარმოგიდგენთ BEDFORD FALLS – კონცერტს, სადაც სპეციალური სტუმრები DRO და Cosmic Love Rotation იქნებიან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.