ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი – „აჭარული მზითვის ფერი“ – TBC Concept-ის სივრცეში
ავტორი : მარიამ გრიგალაშვილი
14-16 დეკემბერს TBC Concept-ის სივრცეში ქართველი ფოტოგრაფისა და დიზაინერის, ირმა შარიქაძის პირველი დოკუმენტური ფილმის – „აჭარული მზითვის ფერის“ ჩვენება გაიმართება. ფილმი შარიქაძის გრძელვადიანი პროექტის, „აჭარული ნაქარგობის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გარდა ჩვენებისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შარიქაძის ფოტოგამოფენა და პანელური დისკუსიები რეგიონებში აჭარული ნაქარგის ისტორიისა და ქალთა გაძლიერების თემებზე.
როდის დაიწყეთ „აჭარული ნაქარგობის“ პროექტზე მუშაობა და რა იყო თქვენი ინსპირაცია?
მაღალმთიანი აჭარა და მისი განსაკუთრებული კულტურა საქართველოს საგანძურია. აჭარული ნაქარგობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს სრულიად დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამ ტრადიციის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული.
პირველად აჭარული ნაქარგობა თბილისში ვნახე, შემდგომ ბახმაროს მიმდებარე სოფლებში – იალაღებზე. აჭარული ნაქარგების კვალდაკვალ 2019 წელს მოვხვდი სოფელ ინწკირვეთში და ჩემი პირველი გმირები – ნაზი და გულისტანი ვიპოვე, National Georgafic საქართველოს პუბლიკაციისთვის. ჩემს შემოქმედებაში ქალის ხაზი ყოველთვის მთავარი იყო და გასაკვირი არ იქნება, თუ ჩემი პირველი დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “აჭარული მზითვის ფერი”, რომელსაც თიბისი კონცეპტი 14-16 დეკემბერს წარმოგიდგენთ, აჭარელ ქალებს ეძღვნება. პროექტი „აჭარული ნაქარგობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც TBC-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის მაღალმთიან აჭარაში მუშაობა?
აჭარაში მუშაობის პროცესი ფილმში მოგზაურობას ჰგავდა. ამგვარი ადამიანურობა, გულწრფელობა და სტუმრის პატივისცემა არსად მინახავს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა მეჩეთში დიდი სიამოვნებით შემიშვეს და გადამაღებინეს. ღორჯომის ხის მეჩეთი, ანუ ჯამე, გამორჩეულად ლამაზია. სწორად ნათქვამი სიტყვები კი ჯადოსნური გასაღებივით აღებდა მათი გულის კარებს. მალე ხმა გავარდა სოფელში და ნელ-ნელა დაიწყეს აჭარელმა ქალებმა ჩემს მასპინძლებთან დილიდან ჩემს სანახავად მოსვლა, მოდიოდნენ და მოჰქონდათ თავიანთი მოქარგული მზითვები, ისტორიები, მიყვებოდნენ ამბებს ჰურიეზე, ელმასაზე, გულისვარდზე – თუ ვინ იყო ყველაზე კარგი მქარგავი და მკერავი სოფელში, როგორ მოჰყავდა სასიძოს მორთულ-მოკაზმული ცხენები დანიშნული გოგოს წასაყვანად, როგორ ქორწილებს იხდიდნენ, როგორ ზრდიდნენ შვილებს, როგორ უყვარდათ და რა უხაროდათ …
„აჭარული მზითვის ფერი“ თქვენი პირველი დოკუმენტური ფილმია. როგორი იყო თქვენთვის განსხვავებულ მედიუმში მუშაობა?
ფილმი, როგორც ვიზუალური სამეტყველო ენა, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ვგეგმავ გადაღებების გაგრძელებას. წინ დიდი გეგმები გვაქვს.
ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან სწორედ ქალის ხაზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია. დღეს განსაკუთრებით ცხადია, რომ ეს ხმა უნდა ისმოდეს მკაფიოდ და ხმამაღლა. ამიტომ აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე.
გეგმავთ თუ არა თქვენი, როგორც დიზაინერის, სამომავლო კოლექციებში აჭარული ნაქარგობების ელემენტების შეტანას?
პროექტის უპირველესი მიზანი ჭეშმარიტად გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის შენარჩუნება და თანამედროვეობაში დამკვიდრებაა, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. იგეგმება ჩემი დიზაინერული სამოსის ხაზის – Irma de Flore-ს და აჭარელი მქარგავი ქალების კოლაბორაცია და კოლექციის შექმნა, რაც აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გადარჩენას და ქართული კულტურის ნიშნების თანამედროვე დიზაინის ელემენტებად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.
შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ტრადიციული აჭარული ნაქარგობის საფუძვლიანი შესწავლა, აღწერა და კატალოგიზაცია. აქვე უნდა ვახსენოთ, შემონახული ნაქარგობის ნიმუშების მხატვრული და სიუჟეტური კვლევის საჭიროებაც.