fbpx

ინტერვიუ თბილისის მოდის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელ გრიგორ დევეჯიევთან


გააზიარე სტატია

18 დეკემბერს თბილისში პირველად გაიმართება თბილისი ფეშენ ფილმ ფესტივალი. at.ge ფესტივალის დამფუძნებელს, გრიგორ დევეჯიევს ესაუბრა.  ფესტივალი პირველ ჯერზე არასაკონკურსო, საპრეზენტაციო პროგრამით გაიხსნება და მიუხედავად პანდემიისა, ის ცოცხალ ფორმატში გაიმართება. 

როგორ  გაჩნდა  ფეშენ ფილმ ფესტივალის იდეა და ვისთვის იქნება ეს ფესტივალი უფრო საინტერესო: ქართველი დიზაინერებისთვის თუ მათთვის, ვინც დიზაინერების პროდუქტის გასაყიდად შეფუთვაზე მუშაობს? 

ჩემი წარსულიდან გამომდინარე, პროექტი ყოველთვის ნაცნობი იყო ჩემთვის, მოდის სფეროში მუშაობა 2000-იანებიდან დავიწყე. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მსოფლიოში Fashion Film-ის მიმართულება ყალიბდებოდა – NOWNESS, SHOW STUDIO, ASVOFF – ყველა ეს პლატფორმა და ფესტივალი მაშინ იდგამდა ფეხს.

მე და ჩემს კოლეგებს არაერთხელ გვიცდია ჩვენც გვემუშავა ამ მიმართულებით, თუმცა ეს იმ დროს წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

 

 

არც საერთაშორისო ინფორმაციასთან გვქონდა წვდომა და არც ადგილობრივი რესურსი არსებობდა, რომ  მეტი გაგვეგო ამ ჟანრის შესახებ.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამიტომ ვერ დავარქმევ ამას უეცრად მოსულ იდეას, ეს უბრალოდ შემდეგი ძალიან ლოგიკური ეტაპია ჩვენთვის, ყველასთვის,  ვინც ამ სფეროს ნაწილია.

მინდა აღვნიშნო, სიტყვა “FASHION”-მა არ უნდა დაგვაბნიოს – ჩვენ არ განვიხილავთ მოდას “სეზონურად”, FASHION FILM FESTIVAL TBILISI არის სივრცე, პლატფორმა, მოძრაობა, სადაც მოდა აერთიანებს ხელოვნების ყველა დარგს – კინოს, მუსიკას, მხატვრობას და ასე შემდეგ.  მოდა თავისთავად დიდი ჯაჭვია  ბევრი რგოლით და ჩვენ ზუსტად ამ რგოლების არსებობაზე ვიწყებთ საუბარს.

უკვე ყველა ვთანხმდებით, რომ მოდას ჰყავს უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე მომხმარებელი, ამასთან, როგორც უკვე ვთქვი, მოდაში ხელოვნების ყველა დარგი ინტეგრირდება და თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვისთვის იქნება ფესტივალი საინტერესო, ვგულისხმობთ  კინოთი, მუსიკით, მხატვრობით და ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, აქ არ არსებობს საზღვრები, სეგმენტები.  ისევე როგორც მოდის ფილმს არ აქვს ჩარჩო, ის ძალიან მრავალფეროვანია, ნახავთ დოკუმენტურ, ანიმაციურ, მუსიკალურ, ექსპერიმენტულ მოდის ფილმებს, სადაც თემები ისეთივე მძაფრი და მნიშვნელოვანია, როგორც თუნდაც ტრადიციულ კინემატოგრაფში.

 

 

გარდა ამისა, პროექტი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ახლა იწყებს მოდასთან პროფესიულ შეხებას, ასევე რეჟისორებისთვისაც, რადგან გვაქვს უამრავი საერთაშორისო მაგალითი, როცა ტრადიციულ კინოში მომუშავე რეჟისორები იღებენ Fashion Film-ებს  – იორგოს ლანთიმოსი, დევიდ ლინჩი, პედრო ალმოდოვარი და სხვა…

თქვენ ახსენეთ – “ვინც დიზაინერების პროდუქტის გასაყიდად შეფუთვაზე მუშაობს” – და ვინ მუშაობს? – ისევ დიზაინერები მუშაობენ… საქართველოში ამ მიმართულებით პროფესიები ჯერ კიდევ არ არსებობს. 90-იანებიდან დღემდე ჩამოყალიბების ფაზაში ვართ.

დღესაც  მოდაზე ძალიან ზედაპირულად ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ კონკრეტული თემით – რა არის წელს მოდაში, ან ვსაუბრობთ ეკონომიკური მხრიდან – ვინ რამდენი გაყიდა ან რომელმა ცნობილმა სახემ რომელი ქართველი დიზაინერის სამოსი ჩაიცვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არც TV სივრცეში და არც სოციალურ ქსელებში მოდას არ განიხილავენ  როგორც ხელოვნებას. თითქოს მოდა მხოლოდ დიზაინერია ან ის, ვინც მის შეფუთვაზე მუშაობს. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა და FFFTbilisi ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს.

 

 

რომელი  გუნდი აკეთებს ფეშენ ფილმ ფესტივალს?

JAMPROJECT-ის გუნდი და მისი კრეატიული დირექტორი მერაბ ჭუმბურიძე. JAMPROJECT-ში ბევრი ადამიანი მუშაობს, იგი დაარსდა ზუსტად იმ მიზნით, რომ შეექმნა მდგრადი ვიზუალური ენა მოდის სფეროში.

 

 

როგორ წარმოგიდგენიათ ამ ფესტივალის  მომავალი უახლოეს 10 წელიწადში – შეძლებს გახდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ივენთი და რეგიონის მასშტაბით პროფესიონალებისთვის თავშეყრის ადგილი? 

10 წელი ბევრია, გაცილებით ნაკლები დროა საჭირო ამისთვის, რა თქმა უნდა, თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს – ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული  ნებისმიერი პროექტის მომავალი.

 

 

თბილისის ფეშენ ფილმ ფესტივალი ხდება საერთაშორისო ფეშენ ფილმ ფესტივალების ქსელის ნაწილი – გვითხარით მეტი რამ  ამ ქსელზე.

ქსელი ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს – როგორც მონაწილეების, ისე ჟიურის წევრების ინტეგრირებას სხვადასხვა ფესტივალებიდან, გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებს, ბევრ სხვა ერთობლივ აქტივობას.

მაგალითად, FFFTbilisi-ის პირველი არასაკონკურსო გამოშვების პარტნიორი Bucharest Fashion Film Festival-ია, რომლის  2021 წლის გამოშვების ჟიურის წევრი მე ვიყავი.

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის პოლიტიკაა, რომ არ შეიზღუდოს და ყოველ წელს შეძლოს სხვადასხვა ფესტივალებთან პარტნიორობა, მითუმეტეს, რომ ტრადიციული საფესტივალო ფორმატის გარდა FFFTbilis-ი პლატფორმაა, რომლის ამოცანა მთელი მსოფლიოდან  არტისტების ინტეგრირება და ერთგვარი ხიდის შექმნაა საერთაშორისო სცენასთან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.