fbpx

საქართველოს კოტეჯები და გესთჰაუსები, სადაც ბუნების წიაღში კომფორტულ დასვენებას შეძლებთ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

საქართველოს  ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს თავისებური ხიბლით და სილამაზით გამოირჩევა. დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებები აღარ იყოფა ზამთრის და ზაფხულის კურორტებად – ერთსა და იმავე ადგილს შეგვიძლია ოთხივე სეზონზე ვესტუმროთ  და ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებებით და აღმოჩენებით ვისიამოვნოთ. საქართველოს ყველა კუთხე თავისი ლანდშაფტით, სამზარეულოთი, ტრადიციებითა და ადგილობრივი მცხოვრებლებით ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდება. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება დაგვაბნიოს და გაგვირთულოს გადაწყვეტილების მიღება –  სად დავისვენოთ. 

თუ ზამთრის შვებულების დაგეგმვას აპირებთ ან სადღესასწაულო პერიოდის ლამაზ ადგილას გატარება გსურთ, მაშინ გირჩევთ სტატიას ყურადღებით გაეცნოთ.  გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს  დასვენებისათვის, სადაც ბუნების სილამაზესთან ერთად კეთილგანწყობილი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. 

 

გარემო

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხეა, სადაც წლის ნებისმიერ დროს მშვიდ გარემოში შეძლებთ დასვენებას. რაც დრო გადის  აქ უფრო მეტი კოტეჯი თუ საოჯახო ტიპის სასტუმრო ჩნდება. თუმცა, ადგილი, რომელზეც ახლა გიყვებით, ბევრი რამითაა განსაკუთრებული – “გარემო” არის სივრცე, სადაც დაისვენებთ და  დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. რაჭველების განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას და ვიზუალური ესთეტიკის განსაკუთრებულ აღქმას ამ ადგილას ჩასვლისთანავე კარგად იგრძნობთ.  “გარემოს” ისტორია 2017 წლიდან იწყება, როცა ორმა დამ გადაწყვიტა, სოფელ სადმელში შეექმნათ დასასვენებელი სივრცე, რომელიც თითოეულ სტუმარს ბუნების წიაღში სრულ კომფორტს შესთავაზებდა. დღეს “გარემო” რამდენიმე კოტეჯს აერთიანებს, მათგან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ხეზე აშენებული კეთილმოწყობილი ქოხი, რომელიც ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია და აუცილებლად გაგახსენებთ, რომელიმე ფენტეზში ნანახ ზღაპრულ საცხოვრებელს. 

 

მენაბდის მარანი

ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოჩენილ ფოტოზე იმდენად შთამბეჭდავ სილამაზეს ხედავთ, რომ მის  რეალობაში ეჭვიც კი გეპარებათ. თუკი “მენაბდის მარნის” ინსტაგრამს ან ფეისბუქ-გვერდს ნახავთ, ამ ადგილის მონახულება აუცილებლად მოგინდებათ. “მენაბდის მარანი” გურიაში, სოფელ შემოქმედში მდებარეობს. ეს არის  ძველი, ტრადიციული ოდა ულამაზესი ეზოთი, სადაც  სტუმრებს ამ კუთხისათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. მიუხედავად ძველი იერსახისა, ნაგებობა სრულად რესტავრირებულია და თანამედროვე, კომფორტული დასვენებისათვის ყველანაირ პირობას გვიქმნის. ეს ადგილი არ არის მხოლოდ სასტუმრო  და აქ გატარებული დღეები ბევრად მეტია, ვიდრე ლამაზ ადგილას დასვენება. “მენაბდის მარანი” ყურძნის გურული ჯიშების ბიომეურნეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ  აქ ყოფნისას თქვენ უგემრიელესი ღვინის დაგემოვნების შეძლებთ.

 

Mestia Eco Huts

მესტიაში, ულამაზეს მწვანე გარემოში აშენებული ეკომეგობრული ქოხები დამსვენებელს  მშვიდ ატმოსფეროში დასვენებისათვის ყველა პირობას უქმნის. თუკი სტუმრების შეფასებებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ აქ მართლაც განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე და მეგობრული გარემო დაგვხვდება. კოტეჯები სრულად ხისგანაა დამზადებული, შესაბამისად, აქ ყოფნისას თქვენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაატარებთ დღეებს. თითოეული ქოხი ოთხ ადამიანს იტევს. კოტეჯებში არის სამზარეულოც, რაც სურვილის შემთხვევაში, გარეთ კვების ხარჯების დაზოგვაში დაგეხმარებათ. 

 

Woodhide 

თუ გსურთ ცივილიზაციას მოსწყდეთ და ამავდროულად, კომფორტულ გარემოში დაისვენოთ, მაშინ Woodhide ის ადგილია, სადაც დროს საუკეთესოდ გაატარებთ. “ვუდჰაიდი” მაჭახელის ხეობაში მდებარეობს. სიმწვანეში ჩაკარგული კოტეჯები ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. ულამაზესი ინტერიერის ხის კოტეჯებს თავისი ტერასები აქვს, საიდანაც დღის ნებისმიერ დროს ულამაზესი ხედი იშლება. გარდა ამისა, თითოეულ ნომერს სრულად აღჭურვილი სამზარეულო აქვს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს თავადვე მოამზადონ სასურველი კერძები. აქ ყოფნისას  უამრავი საინტერესო აქტივობა შეგიძლიათ დაგეგმოთ – გაისეირნოთ ტყეში, მოაწყოთ ლაშქრობა, ბარბექიუსათვის მოწყობილ საგანგებო ეზოში გამართოთ პატარა წვეულება. ღამით კი თქვენსავე ტერასიდან შეგიძლიათ ტელესკოპის მეშვეობით ულამაზესი ხეობის ცას დააკვირდეთ. 

 

უშგულის კოტეჯები 

ყველასათვის ცნობილია უშგულის განსაკუთრებული სილამაზის შესახებ – ადგილის, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ტურისტს იზიდავს. სწორედ აქ აღმოაჩენთ თანამედროვე და სტუმართმოყვარე სივრცეს – “უშგულის კოტეჯებს”, რომელიც დამსვენებლებს საუკეთესო ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. მთაში, განსაკუთრებით კი სვანეთში დასვენებას ყოველთვის  გამორჩეული ხიბლი აქვს და ეს მხოლოდ საოცარი  ლანდშაფტის დამსახურება როდია. სამზარეულო, ტრადიციები, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული წეს-ჩვეულებები – ეს ყველაფერი ნებისმიერი დამსვენებლისა თუ მოგზაურისათვის დროში მოგზაურობას ჰგავს. დასვენების პარალელურად, აქ შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობა დაგეგმოთ – მოინახულოთ ახლო მდებარე დასახლებები, უძველესი კოშკები, მუზეუმები, დაგეგმოთ ლაშქრობა ან იჯირითოთ ცხენით.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.