ლანა ღოღობერიძის ფილმს “ოქროს ძაფი“ ტოკიოს ეკრანებზე უჩვენებენ
ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დრამას “ოქროს ძაფი“ ტოკიოს ეკრანებზე უჩვენებენ. ამის შესახებ რეჟისორმა საკუთარ ფეისბუქზე თავად დაპოსტა.
“რაღაცნაირად ცუდად დაემთხვა, რომ ფილმის გამოსვლისთანავე მსოფლიოში დაიწყო პანდემია, ამიტომ პროექტი საზღვრებს მიღმა თითქმის ვერსად გაიგზავნა. ბოლო პერიოდში სიტუაცია გამოსწორდა და მეტიც, ფილმი იაპონელებმა იყიდეს. აღფრთოვანებულები არიან, იუთუბზე ნათარგმნი ტრეილერიც კი დადეს. დაბეჭდეს რეცენზიაც, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.
დასანანი იქნება, თუ იაპონურ პრემიერას ვერ დავესწრებით, რადგან მიგვიწვიეს, თუმცა ქვეყანა პანდემიის გამო ჯერ კიდევ ჩაკეტილია. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრებში გასვლის პარალელურად, სურათს ქართული ფილმის 1-კვირიან ფესტივალზეც უჩვენებენ, რომელიც ასევე იაპონიაში გაიმართება“, – ამბობს რეჟისორი AT.ge-სთან საუბრისას.
ფილმში, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მთავარ როლებს ნანა ჯორჯაძე, ზურა ყიფშიძე და გურანდა გაბუნია ასრულებენ.
სიუჟეტი 80 წლის მწერალი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს – ყველაზე დამაინტრიგებელი მოვლენები კი ელენეს ნათესავის, მირანდას მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ იწყება.