fbpx

კენჭისყრიდან კენჭისყრამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

კენჭისყრას ფეხბურთის მოყვარულები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე და ის შეიძლება უფრო ვრცელი საუბრის თემადაც კი იქცეს, ვიდრე ესა თუ ის საფეხბურთო დაპირისპირება, რადგან მატჩს სულ რაღაც 90 წუთი ეთმობა, კენჭისყრიდან თამაშებამდე კი დიდი დროა, ბევრი რამ იცვლება და შეთქმულების თეორიის მომხრეთაც ყოველთვის ეძლევათ საბაბი მსჯელობისათვის, „ეს გუნდი იმ გუნდს ძალით დაატაკესო“…  

ასეთ საუბრებს კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის მერვედფინალური მატჩების კენჭისყრასთან დაკავშირებით საფუძველი ჰქონდა, რადგან უეფას მესვეურებმა კალათებში ბურთულები საჭიროებისამებრ ვერ გადაანაწილეს და საბოლოოდ მისტიკური რიტუალის ხელახლა ჩატარება მოუწიათ.

ეს იყო სახალისო მხარე გასული კვირის უმთავრესი საფეხბურთო მოვლენისა. რვა წყვილს შორის კი ერთი რომ გამორჩეულია, სრულიად აშკარაა.

ალბათობის თეორიის თანახმად მერვედფინალში ყოველთვის შესაძლებელია ფინალის ტოლფასი მატჩის არსებობა. შარშან უმაღლესი დონის დაპირისპირების დატვირთვა  „პარი სენ-ჟერმენი“ – „ბარსელონას“ წყვილს უნდა რგებოდა წილად, მაგრამ, სამწუხაროდ, „ბარსელონა“ უკვე დაქვეითების გზაზე იყო და ლიონელ მესიც ცალი თვალით მოწინააღმდეგის ბანაკისკენ იყურებოდა…

2018-2019 წლების სეზონის მერვედფინალში ფინალის ტოლფას წყვილს თითქოს  „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ წარმოადგენდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ესპანურმა კლუბმა ვერ ივარგა ჩავარდნის გამო.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალის“ ამჟამინდელი დაპირისპირება კი მართლაც რომ გამორჩეულია, რადგან ორივე კლუბი აღმავლობის გზაზეა და ახლავე შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით მათ უკვე მოპოვებული აქვთ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. 

ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყოველთვის სასურველია ნაადრევ ეტაპზევე ფინალის ტოლფასი დაპირისპირების ხილვა, რადგან რაც მეტი  ასეთი მატჩი ჩატარდება, მით მეტი სიამოვნების მიღება იქნება შესაძლებელი.

აი თვით კლუბები კი მომქანცველი სეზონის მიუხედავად სხვაგვარად ფიქრობენ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი მატჩი სოლიდური შემოსავლის წყაროა და აქედან გამომდინარე, მეოთხედფინალში გავარდნაც კი სასურველია მერვედფინალთან შედარებით.

ერთი მხრივ, თითქოს შეუძლებელია „პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალის“ წყვილში ფავორიტის დადგენა. მეორე მხრივ კი, „რეალი“ უფრო დაღვინებული და სტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს მეტად ვარსკვლავურ მეტოქესთან შედარებით, რასაც ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გამოცდილებაც შეიძლება განაპირობებდეს.

საინტერესოა როგორ „გაქაჩავს“ ამ დაპირისპირებას მისი კოლეგა მაურიციო პოჩეტინო. განა არ გვახსოვს პარიზელთა „სტაბილურობა“ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში, როდესაც გატანილი ბურთის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ორი გაუშვა და სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა ჯგუფში მეორე ადგილზე? 

აი „რეალისთვის“ კი უჩვეულოა დაწინაურების შემდეგ წაგება. ყოველ შემთხვევაში ამჟამად ასეა. „რეალმა“ ერთი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე ანგარიშით 2:0 ზედიზედ დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“ და აღმავლობის გზაზე შემდგარი მილანის „ინტერი“, რაც მის მყარ დამაჯერებლობაზე მეტყველებს.

მერვედფინალის მომდევნო ელიტარული წყვილი თითქოს „ინტერი“ – „ლივერპულია“, მაგრამ ამაზე კლუბების სახელოვანი წარსული თუ მეტყველებს. რეალობის გათვალისწინებით კი ამ წყვილში „ლივერპული“ დაახლოებით ისეთივე ფავორიტია, როგორც „ბაიერნი“ „ზალცბურგთან“, „მანჩესტერ სიტი“ „სპორტინგთან“ ან „ჩელსი“ „ლილთან“ დაპირისპირებაში.

ამის თქმის საფუძველს მილანური კლუბის უკანასკნელი წლების შედეგები გვაძლევს. მეტიც, 2010 წელს ჟოზე მოურინიოს თაოსნობით ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, „ინტერს“ ამ ტურნირზე ღირსშესანიშნავი არაფერი გაუკეთებია და წლების განმავლობაში ვერც ახერხებდა იქ მოხვედრას. სერია A-ში დომინირება კი ვერ ეხმარება „ინტერს“ ევროარენაზე, რაზეც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ სეზონში „რეალის“ წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი მატჩის წაგება მეტყველებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის თავისებურება ის გახლავთ, რომ არ გვხვდება ინგლისურ-გერმანული, ინგლისურ-ესპანური ან ამ ტიპის რომელიმე სხვა ერთზე მეტი დაპირისპირება. მაგალითად, შარშან შეიკრა ორი ინგლისურ-გერმანული წყვილი („მიონხენგლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“, „ლაიპციგი”  -„ლივერპული“), რომელთაგან ორივე შემთხვევაში გამარჯვებულები ინგლისური კლუბები გამოვიდნენ, ორი წლის წინ კი ერთბაშად სამი დაპირისპირება აღმოჩნდა ასეთი: ინგლისურ-ესპანური, იტალიურ-ესპანური და ინგლისურ-გერმანული.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის ლიგაზეც გამოჩნდა ერთი გამორჩეული წყვილი. მას მარადონას სახელობის მატჩიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ დაუპირისპირდებიან. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ხომ წლების განმავლობაში ამ ორივე კლუბის ღირსებას იცავდა.

საინტერესო რეაქცია ჰქონდა ამ მატჩთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს. მან აღნიშნა, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ტოლფასი დაპირისპირებაა და „ბარსელონას“ არ გაუმართლა მეტოქის თვალსაზრისით!

ჩავი ერნანდესს რატომღაც ავიწყდება სამი ყოფილი თანაგუნდელის შესახებ, რომლებთან ერთადაც ის სხვადასხვა დროს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ხდებოდა. ასეთი განცხადების ფონზე კი ბუნებრივია, რომ მისი ოპონენტებიც გამოცოცხლდნენ, რომლებიც შეიძლება სამართლიანადაც კი აღნიშნავენ, რომ ჩავის წინამორბედ კუმანს ამ აზრის თავში გავლების საფუძველიც კი არ ექნებოდა, რადგან მისი თაოსნობით გუნდი, როგორმე „ბენფიკას“ წინააღმდეგობას მაინც დასძლევდა და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას არ დაემშვიდობებოდა. ერთი მხრივ, ჩავი ერნანდესს „ნაპოლის“ ეშინია, მეორე მხრივ კი, იგი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ლაპორტას „ბაიერნის“ კლასის გუნდის შექმნას ჰპირდება…

ევროთასები საინტერესოა, მაგრამ გასულ კვირას ქართველი გულშემატკივრების ყურადღება უპირველეს ყოვლისა მომავალ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული ერთა ლიგის კენჭისყრისაკენ იყო მიპყრობილი, სადაც უნდა გამოვლენილიყო საქართველოს ნაკრების მეტოქეები C კატეგორიის ჯგუფში. 

რას ველოდით და რა მივიღეთ? რა არის ცუდი და რა შეიძლებოდა, რომ უკეთესი ყოფილიყო? ალბათ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შესაძლებლობა მიეცა იმისა, რომ რევანში აიღოს ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის ნაკრებებთან წაგებებზე.

თუკი ასე მოხდება და ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, მაშინ გულშემატკივრები ჩათვლიან, რომ ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ნაკრებმა პროგრესი განიცადა, ფიასკოს შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები მოჯადოებულ წრეზე აღმოჩნდება და შვედეთის ნაკრებთან მოგებაც მომდევნო სპონტანურ გამარჯვებამდე, გარკვეული პერიოდით დავიწყებას მიეცემა…

დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ერთა ლიგის ტურნირი თანდათანობით  ძალას იკრებს და უფრო პოპულარულიც ხდება. დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმის დანახვას, რომ 16 გუნდისგან შემდგარი A კატეგორიის ტურნირი რეალურად კარგად გაფილტრული ევროპის ჩემპიონატია საუკეთესო ნაკრებებით.

ამ ტურნირთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა მის სტატუსს უკავშირდება. ბუნებრივია, რომ ის ამხანაგურ მატჩებზე მაღლა დგას, მაგრამ რანგით ევროპის ჩემპიონატს ხომ თუნდაც იმიტომ ვერ შესწვდება, რომ სწორედ ამ ტურნირზე მოხვედრის შესარჩევი ციკლის შემადგენელი ნაწილია?

მაგრამ მთავარი მაინც პრესტიჟია, რასაც მაგალითად, A3 ჯგუფის წარმომადგენლები ვერსად გაექცევიან. აქ ძველმა მეტოქეებმა – ინგლისმა, იტალიამ, გერმანიამ და დიდი წარსულის მქონე უნგრეთის ნაკრებებმა მოიყარეს თავი. 

როგორ შეიძლება, რომ გერმანიამ იტალიასთან, ინგლისმა იტალიასთან ან ინგლისმა გერმანიასთან მატჩი „ამხანაგურად“ შეაფასოს? ძალაუნებურად გუნდები სრული პასუხისმგებლობით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გულშემატკივრებსაც წინ შესანიშნავი სანახაობები ელის. ასე რომ, წინ ვნებათაღელვით აღსავსე 2022 წლის საფეხბურთო სეზონია. კენჭისყრებმა კი ამისთვის მოლოდინისამებრ გაამართლეს. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.