fbpx

საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალური სათამაშოები ქართული ბრენდებისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ახალი წლის წინასადღესასწაულო პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებული მღელვარებით არის სავსე. მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებისა, ვცდილობთ საზეიმო  განწყობა შევიქმნათ. შესაბამისად, განსაკუთრებული მონდომებით ვზრუნავთ  ჩვენი საცხოვრებელი  თუ სამუშაო სივრცეების გალამაზებაზე. საახალწლო დეკორზე ფიქრისას, როგორც წესი, პირველი ნაძვის ხე გვახსენდება.  როდესაც ახალი წლის უმთავრესი სიმბოლო ჩვენს სივრცეში ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დღესასწაულის  მოლოდინი ყოველდღიურად უფრო მეტად იზრდება.  

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისთვისაც საახალწლო დღესასწაულისათვის სამზადისი სწორედ ნაძვის ხის მორთვით იწყება, მაშინ ისიც  დაგაინტერესებთ, თუ სად შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური ესთეტიკის დეკორაცია  – გიყვებით  ქართულ ბრენდებზე, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ნაძვის ხე გამორჩეული და ორიგინალური დეტალებით გაალამაზოთ. 

 

Tricolor Studio

Tricolor Studio დიზაინის სტუდიაა, რომელიც უკვე მრავალი წელია  ივენთ-დიზაინის სფეროში სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობს. ღონისძიებების დაგეგმვასა და ვიტრინების გაფორმებასთან ერთად, სტუდია მუშაობს  სხვადასხვა დატვირთვის  არტ-ობიექტებზეც, რომლებიც  განსაკუთრებული ესთეტიკით და ხელწერით გამოირჩევიან. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი,  ამ ობიექტებს ნაძვის ხის დეკორისათვის განკუთვნილი დეტალებიც შეემატა. თუ თანამედროვე ხელოვნება მოგწონთ და უპირატესობას მინიმალისტურ ესთეტიკას ანიჭებთ, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ თქვენი საახალწლო ნაძვის ხე ზუსტად გამოხატავდეს თქვენს გემოვნებას.  აბსტრაქტული არქიტექტურული ფორმის სათამაშოები აკრილისაგან მზადდება.  მათი შეძენა კომპანიის სოციალური  მედიის არხების – ინსტაგრამისა და ფეისბუქის საშუალებით არის შესაძლებელი. 

 

Crater Ceramic Design

განსაკუთრებული ნივთები დაამზადა ამ ახალი წლისათვის Crater Ceramic Design-მა. ნაძვის ხის სათამაშოები, ხელით შესრულებული საავტორო ილუსტრაციებით, რომლებიც არ მეორდება, განუმეორებელ, ჯადოსნურ განწყობას მოგიტანთ. ეს უნიკალური სათამაშოები არაჩვეულებრივ მხატვარ მერაბ გუგუნაშვილს ეკუთვნის.

სათამაშოებეის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ ან ესტუმროთ სახელოსნოს და ადგილზე შეარჩიეთ სასურველი ნამუშევარი.

 

 

Moon Rabbit

Moon Rabbit ქართული ბრენდია, რომელიც ორი ხელოვანის  – ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის კოლაბორაციული პროექტია. ბრენდმა მომხმარებელს თავი ინტერიერისა და ექსტერიერისათვის განკუთვნილი ნივთების  დიზაინით გააცნო. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი, Moon Rabbit-ის კატალოგში ორიგინალური კონცეფციის ნაძვის ხის სათამაშოებსაც შეხვდებით. 

 

Antiquita

საახალწლო პერიოდი სიახლის მოლოდინთან ერთად, ნოსტალგიურ განწყობებთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ალბათ ცოტა რამ ასოცირდება ბავშვობასთან იმაზე მეტად, ვიდრე ძველი საბჭოთა ესთეტიკის სათამაშოებით მორთული საახალწლო ნაძვის ხე. Antiquita  ძველებური ანტიკვარული ნივთების მაღაზიაა, სადაც სახლისათვის განკუთვნილ ბევრ უნიკალურ ნივთს აღმოაჩენთ, მათ შორის ნაძვის ხის სათამაშოებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებს.

 

Baikia

Baikia ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს პოლიმერული თიხისაგან დამზადებულ სხვადასხვა დანიშნულების ნივთს სთავაზობს. საახალწლო თემატური კოლექცია კი  ბრენდის ესთეტიკისათვის დამახასიათებელ ნაძვის ხის სათამაშოებს აერთიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ სათამაშოებიც პოლიმერული თიხისაგან იძერწება, ის გარკვეულ დრეკადობას ინარჩუნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საახალწლო წვეულებისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ის ადვილად არ დაიმსხვრევა.  

 

WHITE Studio

კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო White Studio ერთ-ერთი ის სივრცეა, სადაც ინტერიერის გაფორმებისათვის საჭირო უნიკალურ დეტალებს  აღმოაჩენთ. წინასადღესასწაულო პერიოდში სახელოსნოს კატალოგს საახალწლო თემატიკის ნივთები ემატება  და მათ შორის არის კერამიკისაგან დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები, რომლითაც გამორჩეულ საახალწლო დეკორაციის შექმნას შეძლებთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.